პროფესიები დასაქმების გარანტიით
პროფესიული განათლება საქართველოში პრესტიჟულად არ ითვლება, თუმცა დარგის ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მომავლის პროფესიები სწორედ პროფსასწავლებლებში ისწავლება. კვლევების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებშია. დასაქმების გარანტიით პროფესიული კოლეჯები მოთხოვნად პროფესიებზე სტუდენტების მიღებას სექტემბრიდან დაიწყებენ. მანამდე კი სასწავლო პროგრამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიქმნება და განახლდება. პროექტს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია 12 მლნ. დოლარით აფინანსებს, პარალელურად კი ადგილობრივი დამსაქმებლები მომავალი კადრების აღსაზრდელად 7.6 მლნ დოლარს ხარჯავენ.
უფრო ვრცლად, პროექტის შესახებ EDU.ARIS.GE–ს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს მაგდა მაღრაძეს ესაუბრა.
–თქვენი შეფასებით რომელია საქართველოში მომავლის პროფესიები?
–ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ გამოყოფილი კომპაქტი ორიენტირებულია, რომ საქართველოში შეიქმნას 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალა. ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი დასაყრდენი პროფესიული განათლების განვითარებაა, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარ გამოწვევად კვალიფიციური და კონკურენტული სამუშაო ძალის არარსებობა რჩება.
საქართველოში დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისი კადრების დეფიციტია, აღნიშნული პრობლემის მოგვარება კი ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით გავლენას იქონიებს. თუ ეს დანაკლისი შეივსება, ეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს ინვესტორებისთვის. ბაზრის ანალიზი გვიჩვენებს, რომ არსებული დანაკლისები შეიძლება იყოს შევსებული პროფესიული განათლებით. ამისთვის კი აუცილებელია, რომ წარსულს ჩაბარდეს დრო როდესაც, პროფესიული განათლება პრესტიჟულად არ ითვლებოდა.
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი კომპაქტის ფარგლებში, 12 მილიონი დოლარი სწორედ ამ საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გამოიყო. 12 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო თანხით ვაფინანსებთ 10 (ათ) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლებიც შექმნიან ან გააუმჯობესებენ შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს. მთავარი მიზანი პროფესიული განათლების პოპულარობის გაზრდა, პროფესიული პროგრამების მაღალი ხარისხი და დეფიციტურ პროფესიებზე საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაა, განსაკუთრებით კი მაღალანაზღაურებად სპეციალობებზე.
ჩვენი კვლევების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებადი სპეციალობები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებშია. მაგრამ სწორედ ამ დარგებში ვლინდება ასევე, ყველაზე დიდი დეფიციტი. ამიტომაც, ამ მიმართულებებზეა ორიენტირებული გამარჯვებული პროექტები, რომლის მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეიქმნება და განახლდება პროგრამები, რომლებიც მოთხოვნადია კერძო სექტორის მიერ შემდეგ დარგებში: საზღვაო, საინჟინრო, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავიაცია და სოფლის მეურნეობა.
ათი პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 19.6 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 12 მილიონი აშშ დოლარი წარმოადგენს საგრანტო თანხას, ხოლო დანარჩენი – კერძო სექტორის თანადაფინანსებას. კერძო სექტორის მსგავსი თანამონაწილეობა უპრეცედენტო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან როგორც წესი, კერძო სექტორის წარმომადგენლები თანხას წამგებიან პროექტებში არასდროს დებენ. პროექტის თანა დამფინანსებლები დარგში მოღვაწე ლიდერი კომპანიები არიან, რომლებიც აცნობიერებენ, რომ კვალიფიციური კადრების გარეშე ისინი ვერ შეძლებენ დარჩნენ კონკურენტულები ბაზარზე და აწარმოონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია.
პროექტის გრანტიორი დაწესებულებებია: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია, პროფესიული კოლეჯი ”ფაზისი”, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, პროფესიული კოლეჯი ”თეთნულდი”, საზოგადოებრივი კოლეჯი ”სპექტრი”.
–რა კვლევებს ემყარება თქვენი პროგნოზი?
–პროექტის დაწყებამდე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ჩაატარა ეკონომიკის შემაფერხებელი ფაქტორების კვლევა, რათა გამოგვევლინა ინდუსტრიის, დამსაქმებლების მოთხოვნები და ადამიანური კაპიტალის, უნარებისა და კვალიფიკაციის დეფიციტი.
სწორედ ამ კვლევებმა გამოავლინა, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული დეფიციტია კადრებზე საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში – ისეთ დარგებში, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დასაყრდენს წარმოადგენს.
გარდა ამისა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით, განხორციელდა შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევა, არსებული და მოსალოდნელი ტენდეციების გამოვლენის მიზნით. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის მასშტაბით შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა განწყობებისა და მოთხოვნების ანალიზი.
–ამავე კვლევებით, ხომ არ არის დაანგარიშებული შემოსავლის დიაპაზონი ამ პროგრამების კურსდამთავრებულთათვის?
–გამარჯვებული პროექტების შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი პროექტების ხარჯ ეფექტურობის ანალიზი წარმოადგენდა, რათა დაგვედგინა თუ რა უკუგებას მიიღებს ქვეყანა განხორციელებულ ინვესტიციაზე. ამის დასადგენად კი გავაანალიზეთ თუ როგორ გაიზრდება ჩვენ მიერ დაფინანსებული პროგრამების კურსდამთავრებულთა შემოსავლები.
ჩვენი პროექტების უპირატესობა, ასევე იმაში მდგომარეობს, რომ გარდა კერძო სექტორის მჭიდრო თანამონაწილეობისა, ყველა პროექტში ჩართულია საერთაშორისო პარტნიორი, რომლებიც ეხმარებიან ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საკუთარი პროგრამები შესაბამისობაში მოიყვანონ საერთაშორისო სტანდარტებთან. შესაბამისად, პროგრამების კურსდამთავრებულები, ადგილობრივი კვალიფიკაციის გარდა, შეძლებენ მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც მათ საშუალებას მისცემს საკუთარი პროფესიით დასაქმდნენ საქართველოში უცხოური ინვესტიციებით შექმნილ კომპანიებში.
–რა აკლია საქართველოში პროფესიულ კოლეჯებს იმისათვის, რომ უკეთეს შედეგზე გავიდნენ?
–პრობლემა კომპლექსურია და ბევრი მიზეზისგან შედგება. მთავარი გამოწვევა ის არის, რომ პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულების ცოდნა არ შეესაბამება არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტუდენტებს არ გააჩნიათ ის უნარები, რაც მათ დამსაქმებელს სჭირდება, შესაბამისად, უნდა გაუმჯობესდეს პროგრამების ხარისხი და რელევანტურობა. ეს უკანასკნელი კი ვერ გაკეთდება დამსაქმებლების ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე.
მნიშვნელოვანია, ასევე, თავად პროფესიული განათლების პოპულარიზაცია. ის დრო, როცა პროფესიული განათლება წარუმატებელ სტუდენტებთან ასოცირდებოდა, წარსულს უნდა ჩაბარდეს. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ თანამედროვე პროფესიები, რომელიც, ერთი მხრივ ძალიან პრესტიჟულად ითვლება, და მეორე მხრივ მაღალანაზღაურებადია, სწორედ პროფესიულ განათლებას ეკუთვნის. პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებს ასევე დიდი შანსი აქვთ სამეწარმეო საქმიანობით დაკავდნენ და საკუთარ ბიზნეს ჩაუდგნენ სათავეში.
პროფსასწავლებლის სტუდენტები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ
პროფესიული სერტიფიკატი პროფესიული დიპლომის ალტერნატივად – განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა
რატომ ვერ გახდა მიმზიდველი პროფესიული განათლება?
პროფსასწავლებელი – „ცუდი“ მოსწავლეების თავშესაფარი თუ გარანტირებული კარიერის საწყისი?
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები