პროფსასწავლებლის სტუდენტები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ
პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია. ცვლილებების პაკეტს პარლამენტს დასამტკიცებლად საგაზაფხულო სესიაზე წარუდგენენ.
“აღნიშნული კანონის ამოქმედებისთანავე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ პროფესიული განათლების სისტემაში არსებული ჩიხები აღარ იარსებებს. საბაზო განათლების მქონე მოსწავლე ჩაირიცხება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და პროფესიის დაუფლების პარალელურად შეძლებს სრული ზოგადი განათლების და მისი დამადასტურებელი ატესტატის მიღებას”, – ექსკლუზიურად განუცხადა EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ.
წლებია, პროფესიულ განათლების სისტემას სტუდენტები საგანმანათლებლო ჩიხში შეყავს. მეცხრე კლასის შემდეგ პროფესიულ სასწავლებელში წასულ ახალგაზრდას უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა აღარ აქვს. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისათვის საშუალო სკოლის ატესტატია აუცილებელი. პროფესიული განათლების სისტემაში კი ზოგადი განათლება ინტეგრირებული ამ დრომდე არ ყოფილა. კანონის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ ცხრა კლასდამთავრებული მოსწავლე, რომელიც პროფესიულ სასწავლებელში შევა, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს პროფესიულ პროგრამებთან ინტეგრირებულად შეისწავლის. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ინტეგრირებული სასწავლო მოდულები მზად არის სოფლის მეურნეობის მიმართულებით, კერძოდ, მეცხოველეობის და მეხილეობის პროგრამებზე.
“ცვლილებები მოითხოვს მოსამზადებელ სამუშაოებს. საჭიროა პროფესიული პროგრამების ანალიზი, რა სასწავლო შედეგებს ფარავს თავის მხრივ პროფესიული პროგრამები და რა სასწავლო შედეგებზე გასვლას მოითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმა. რაკიღა მეთოდოლოგიაზე მუშაობა დასრულებულია, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდება ეს მოდულები შევიტანოთ არა მხოლოდ ორ პროგრამაში, არამედ გავხადოთ ისინი მასშტაბური”, – განაცხადა ირინა წეროძემ EDU.ARIS.GE – სთან საუბარში.
რაც შეეხება ზრდასრულებს, რომელთაც მხოლოდ საბაზო განათლება ანუ ცხრა კლასის ატესტატი აქვთ, განათლების სამინისტრო მათთვის საღამოს სკოლებში სწავლის განახლების შესაძლებლობაზე მუშაობს. ერთ-ერთი ინიციატივა ზრდასრულთათვის საღამოს სკოლების შეთავაზებაა. ვინც მუშაობს ან დღის განმავლობაში რაიმე საქმიანობით არის დაკავებული, დამამთავრებელი კლასების საგნების გავლას საღამოს საათებში შეძლებს. საღამოს სკოლების მოწყობა პროფესიული სასწავლებლების შენობებში იგეგმება.
პროფესიული სერტიფიკატი პროფესიული დიპლომის ალტერნატივად – განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა
რატომ ვერ გახდა მიმზიდველი პროფესიული განათლება?
პროფსასწავლებელი – „ცუდი“ მოსწავლეების თავშესაფარი თუ გარანტირებული კარიერის საწყისი?
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები