პროფესიული სერტიფიკატი პროფესიული დიპლომის ალტერნატივად – განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრდასრულთა განათლების ფორმალიზების მიზნით კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დაფინანსებას გეგმავს. პროფესიული განათლების შესახებ კანონში ცვლილებები გაზაფხულზე შევა, რომლის თანახმადაც სამინისტრო კერძო სასწავლო ცენტრებთან ითანამშრომლებს.
,,ყველაზე დიდი სიახლე რაც იქნება, ეს არის ზრდასრულთა განათლების ფორმალიზება. ჩვენ გამოვიყენებთ მომზადება-გადამზადების ცენტრების რესურსს, რომელიც კერძო სექტორში არსებობს და გავცემთ სახელმწიფოს აღიარებულ სერტიფიკატს. სისტემაში ჩნდება პროფესიული დიპლომის ალტერნატივა, პროფესიული სერტიფიკატი. პროგრამის გავლა შეუძლია როგორც დასაქმებულ მოქალაქეებს, ასევე სხვა ზრდასრულებსაც, რომელთაც განსხვავებული პროფესიის შეძენა სურთ, მაგრამ არ ჭირდებათ დიპლომი და საკვალიფიკაციო პროგრამა. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სახელმწიფომ დახარჯოს რესურსი და თანხები ამ მომზადების ცენტრებში, თუკი ეს ამ ადამიანებს გახდის უფრო კონკურენტუნარიანს, გააუმჯობესებს მათ უნარ-ჩვევებს და უპასუხებს იმ მოთხოვნებს, რაც დამსაქმებლებს აქვთ”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ.
მისივე განმარტებით, კვალიფიკაციის ამაღლება კერძო სექტორში არსებულ სამუშაო ძალასაც ჭირდება, სახელმწიფო კი კარგი პარტნიორი უნდა იყოს თანამშრომლების კვალიფიკაციაზე მზრუნველი კომპანიებისთვის.
,,ჩვენ ვაპირებთ გავაორმაგოთ წლევანდელი მაჩვენებელი, რაც 11 ათას სტუდენტს უდრიდა. სახელმწიფო რესურსები არ იქნება ამისთვის საკმარისი და ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რაც კერძო კოლეჯებსა და კერძო სასწავლო ცენტრებში არსებობს. ვფიქრობ, რომ ბაზარი ძალიან დიდია, ადამიანებს ჭირდებათ არა ერთი, არამედ რამდენიმე პროფესიის შეძენა, კვალიფიკაციის ამაღლება, ამიტომ თუკი ჩვენ მიმზიდველობას გავუზრდით და პროფესიული განათლების პოპულარიზაციაზე ვიმუშავებთ, გაცილებით მეტი ბენეფიციარი შეიძლება დაინტერესდეს განათლების ამ საფეხურით. შესაბამისად, პროვაიდერიც უნდა იყოს მეტი და ეს უნდა იყოს დაფუძნებული ხარისხობრივ კონკურენციაზე”, – განაცხადა ირინა წეროძემ EDU.ARIS.GE–სთან საუბარში.
რატომ ვერ გახდა მიმზიდველი პროფესიული განათლება?
პროფსასწავლებელი – „ცუდი“ მოსწავლეების თავშესაფარი თუ გარანტირებული კარიერის საწყისი?
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები