GE

პროფესიული კოლეჯები საქართველოში – უშედეგო, თუ პერსპექტიული პროექტი

პროფესიული განათლება არის ყველაზე მოკლე გზა დასაქმებისკენ – ასე აფასებს ყველაზე დიდი პროფესიული სასწავლებლის – “სპექტრის” ხელმძღვანელი მათე ტაკიძე კოლეჯში განათლების მიღებას.

Aris.ge-განათლება დაინტერესდა, რამდენად ეფექტური და შედეგიანია პროფესიული სასწავლებლების მუშაობა ქვეყანაში და შეესაბამება თუ არა სიმართლეს პროფესიულ კოლეჯდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკა.

თემაზე მუშაობის დაწყებამდე Aris.ge-განათლებამ ქვეყნის ორი უმსხვილესი კოლეჯის – “სპექტრისა” და “იკაროსისიგან” კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლები გამოითხოვა. როგორც სასწავლებლების მიერ წარმოდგენილ სტატისტიკაშია აღნიშნული, სრული კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტთა 60 – 70% საქმდება. ამასთან, არსებობს ცალკეული პროფესიული მიმართულებებიც, რომლებზეც ბაზარზე მოთხოვნა შედარებით დიდია. მაგალითად, სარესტორნო საქმის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 85%–ს აჭარბებს.

საზოგადოებრივი კოლეჯი “სპექტრის” ხელმძღვანელი მათე ტაკიძე Aris.ge-განათლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ 2007 წლიდან დღემდე მისი სასწავლებლის 10 000 –მდე კურსდამთავრებულიდან 60-70 % დასაქმდა. ტაკიძე ამბობს, რომ ამ მონაცემებზე საუბრისას ის შიდა და ბიზნესპარტნიორებთან ერთად წარმოებულ კვლევებს ეყრდნობა. მისივე თქმით, პროფესიული სასწავლებლების 21–ვე ხელობაზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა სარესტორნო, სამშენებლო და ტენიკურ პროფესია მიღებულებზეა. მისი ინფორმაციით, “სპექტრის” კოლეჯები ბიზნესკომპანიებთან თანამშრომლობენ და კურსდამთავრებულებიც სწორედ ბიზნესსექტორის მიერ მოთხოვნილი სტანდარტების მიხედვით გადიან სასწავლო კურსს.

“ნონსენსია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რეალობა ასეთია – საქართველოში არის მოთხოვნა და მიწოდებას ვერ ვახერხებთ. იმიტომ, რომ კომპანიები ითხოვენ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს და რაოდენობრივად ძალიან ბევრს, მაგრამ იმის საშუალება, რომ კომპანიებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, თანაც დიდი რაოდენობით ყოველწლიურად მივაწოდოთ, ჯერ არ გვაქვს. ამიტომ მაქსიმალურად ვმუშაობთ კერძო ბიზსნესთან, მაქსიმალურად ვმუშაობთ საერთაშორისო დონორებთან, რადგან სწავლების ხარისხი იყოს ევროპული სტანდარტების და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მოვა და ჩააბარებს კოლეჯში, შეეძლოს შეიქმნას წარმატებული კარიერა, მიიღოს მაღალი ანაზღაურება და სოციალური გარემო ადაპტირებული იყოს მისთვის. ძალიან ბევრი სტუდენტი მოდის ჩვენთან, რომელმაც უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა და პრაქტიკას ჩვენთან ითვისებს”,– განუცხადა Aris.ge-განათლებას მათე ტაკიძემ.

პროფესიულ განათლებას დასაქმებისთვის ყველაზე ეფექტურ გზად მიიჩნევს კიდევ ერთი საზოგადოებრივი კოლეჯის “იკაროსის” წარმომადგენელი.

როგორც ლალი მიქელაძემ Aris.ge-განათლებასთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლების მიღების საშუალება, როგორც ახალგაზრდებს, ისე მოზრდილი ასაკის მოქალაქეებს ერთნაირად აქვთ.

“ძალიან მნიშვნელოვან ცოდნას იღებს სტუდენტი 8 – 9 თვის განმავლობაში და იღებს შანსს, რომ აუცილებლად დასაქმდეს. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ბიზნეს სექტორი და პროფესიული დაწესებულებები რაც შეიძლება დაახლოებული იყვნენ. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რას ითხოვს ქართული ბიზნეს სექტორი. ამათუიმ კომპანიაში პრაქტიკაზე გაშვებული ბავშვი ხშირად თანამშრომლად რჩება”,– ამბობს ლალი მიქელაძე.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე Aris.ge-განათლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ პროფესიული განათლების მიმზიდველობის გასაზრდელად სპეციალური ღონისძიებებია საჭირო.

“უკვე 2წელია ძალიან დიდი ძალისხმევა – ფინანსური და ადამიანური რესურსი იდება ამაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ პროფესიული განათლება ისეთივე მიმზიდველი იყოს, როგორიც არის უმაღლესი. პროფესიული განათლება არის ძალიან მოქნილი და მუდამ განახლებადი. ეს არის მიბმული დამსაქმებზელბზე. დამსაქმებლების ჩართულობით იქმნება ისეთი პროფესიული პროგრამები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მოთხოვნადი მიმართულებებით დავასაქმოთ ახალგაზრდები. დამსაქმებლები მუდმივ კონტაქტში არინ ჩვენთან და გვეუბნებიან რომ მათ სჭირდებათ ზუსტად – არა უმაღლესდამთავრებული, არამედ კონკრეტული უნარების მქონე ადამაინები და თვლიან, სწორედ პროფესიულ განათლებას შეუძლია ასეთი ადამიანები გაზარდოს. დამსაქმებლებთან ერთად როგორი ტიპის შევჯერდით, თუ როგორი თანამშრომლები სჭირდებათ მათ. ისინი აყალიბებენ მოთხოვნებს და ამის მიხედვით ვაკეთებთ ჩვენ პროფესიულ პროგრამებს”,– განუცხადა Aris.ge-განათლებას ელენე ჯიბლაძემ.

რამდენად ეხმარება ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დაძლევას პროფესიული სასწავკებლების არსებობა და შესაძლებელია, თუ არა გათვლების გაკეთება, იმაზე, რომ ამ ფორმით დასაქმებული ადამიანების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობას?!

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ეკონომიკის მინისტრის მოადგილესაც ვთხოვეთ. დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, რომ პროფესიული განათლების მიღების შედეგად ერთი კონკრეტული მიმართულების სპეციალისტები ყალიბდებიან, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, პროფესიული კოლეჯების მიერ შედგენილი სასწავლო პროგრამები ბაზარზე არსებული მოთხოვნების ადეკვატურია.

“პროფესიული განათლება და შემდგომში შექმნილი სამუშაო ადგილები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. შემდუღებელი, ვებდიზაინერი, საპარიკმახერო საქმე, ფლორისტი და სხვები ძალიან კონკურენტუნარიანი და საჭირო პროფესიები გახლავთ”,– განუცხადა Aris.ge-განათლებას დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Aris.ge-განათლება ერთ–ერთ სამშენებლო კომპანიაში დასაქმებულ კურსდამთავრებულსაც ესაუბრა. თორნიკე აბულაძე ყვება, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა საინჟინრო ინდუსტიის მცოდნე კადრებზეა.

“დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა სამშენებლო კომპანიაში. ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი და გარშემომყოფი ამ კოლეჯიდან საქმდება. ჩემი ჯგუფიდან ყველა დავსაქმდით. ისეთი სპეციალობა გამოდგა შედმდუღებლობა, რომ მუშაობა სწავლის დამთავრებისთანავე დავიწყეთ”,– ამბობს აბულაძე.

რაც შეეხება პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ამ კუთხით განათლების სამინისტროს სამომავლო გეგმებს, Aris.ge-განათლება მინისტრის მოადგილეს ქეთევან ნატრიაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, პროფესიული განათლების რეფორმირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ამ საქმეში სახელმწიფოს მხარდაჭერას ევროკავშირი უწევს.

“ევროპელი ექსპერტების ჩართულობით არის შექმნილი გეგმა–მონახაზი, რომელსაც ჩვენ მივყვებით. შედგენილი და შექმნილია სტრატეგია, რომლის მიზანიც არის თანამედროვე და ევროპული სტანდარტის პროფესიული განათლების დამკვიდრება საქართველოში. უკვე შეინიშნება მეტი დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან. ტენდენცია მზარდია და დამსაქმებლებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. კურსდამთავრებულებს სამსახურის დაწყების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ და კურსდამთავრებულებს საწარმოო პრაქტიკის გავლა შეეძლოთ. დამსაქმებლების მხრიდან მოთხოვნა და კვალიფიციური მუშახელით დაინტერესება ძალიან დიდია. რაც შეეხება მიზნებს, იგეგმება სიახლეები პროფესიული განათლებაში, კერძოდ ვმუშაობთ ხარისხის განვითარებაზე, ასევე, კონკრეტული ნაბიჯები იდგმევა იმ კუთხით, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა ნებისმიერი სოციალური ფენისათვის ხელმისაწვდომი იყოს”,– განუცხადა Aris.ge-განათლებას ქეთევან ნატრიაშვილმა.

პროფესიული სასწავლებლების ფუნქციონირებასა და ამ კუთხით განათლების სამინისტროს მუშაობაში ხარვეზებს ხედავს პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე.

დენის დავითაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა არასაკამრისია და მსგავსი დაწესებულებები ქვეყნის ყველა რეგიონში უნდა გაიხსნას. დენის დავითაშვლს შენიშვნები განათლების სამინისტროსთან აქვს და ამბობს, რომ უწყებამ პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის მეტი რესურსის მობილიზება უნდა მოახდინოს. მისი თქმით, საჭიროა სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობაც, რათა პროფესიულ სასწავლებლებში განათლების მიღება მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს.

“განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიულ კოლეჯებს სათანადო ყურადღებას არ უთმობს. საჭირო და აუცილებელია ახალი კოლეჯების დაფუძნება. რეგიონებში კოლეჯები არ არის და ახალგაზრდობას საშუალება არ აქვს ჩაებას ამ სწავლებაში. სკოლადამთავრებულები ვერ საქმდებიან და ერთადერთი გამოოსავალი რომ ეს ახალგაზრდები დასაქმდნენ, იშოვონ პროფესია და თავიანთსავე რაიონში დაიწყონ შრომა და შექმნან დოვლათი, არის პროფესიული განათლების ცენტრების შექმნა. საყოველთაოდ ცნობილია რომ პროფესიულ განათლებაში ევროპის ქვეყნებშიც ბევრად უფრო მეტი ახალგაზრდაა ჩაბმული ვიდრე უმაღლეს სასწავლებლებში. არსებული კოლეჯების რაოდენობა მცირეა და ხელმისაწვდომობა დაბალი, რადგან მათი უმეტესობა თბილისშია. ეს იმას ნიშნავს, რომ 60–მდე რაიონში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება არ არსებობს. განათლების სამინისტროს არ გააჩნია ხედვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება ქვეყნისათვის”,– განუცხადა Aris.ge-განათლებას დენის დავითაშვილმა.

ის, რომ პროფესიული სასწავლებლების დაფუძნება რეგიონებისთვის არსებითია, ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, 2014 წელს ავტორიზაცია 18-მდე საჯარო კოლეჯმა გაიარა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებებს ძირითადად რეგიონებში მცხოვრები ან რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოსული ახალგაზრდები მიმართავენ.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური