GE

“პროფესიული უნარების ტესტის საკითხები სპორტის მასწავლებლებისთვის პრაქტიკულად უცხოა”

EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „თავისუფალი ტრიბუნა“ სტუმარია ერთ-ერთი ფასილიტატორი, რომელმაც ვინაობის გამხელა, გარკვეული მიზეზების გამო, არ ისურვა. მან წერილი მოგვწერა, რომელშიც პროფესიული უნარების გამოცდის უარყოფით მხარეებზე საუბრობს.

პროფესიული უნარების გამოცდის შემდეგ გაგვიჩნდა სურვილი, თქვენთვის მოგვეწერა და გამოგვეთქვა ჩვენი სურვილები პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სპორტის მასწავლებლები აქტიურად ვართ ჩართული პროფესიული განვითარების სქემაში და გასულ წელს გამოცდაზე გასვლით დავადასტურეთ პრაქტიკოსი მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია (საგანი – სპორტი). რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდას, აქაც დიდი ენთუზიაზმით მოვეკიდეთ ამ საქმეს, რაშიც დიდი დახმარება გაგვიწია ტრენინგებმა და არსებულმა სახელმძღვანელოებმა. ვფიქრობთ, ტესტში შემავალი რიგი თეორიული თუ პრაქტიკული საკითხების ცოდნა აუცილებელია ნებისმიერი მასწავლებლისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საგანს ასწავლის. თუმცა შედეგებმა ცხადჰყო, რომ პროფესიული უნარების ტესტი შეიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც სპორტის მასწავლებლებისათვის პრაქტიკულად უცხოა. ამ საკითხების გააზრებულად ცოდნა მოითხოვს იმ საკლასო გარემოში ყოფნას, რომელსაც სპორტის ნებისმიერი მასწავლებელი მოკლებულია საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე. შესაბამისად, ძნელია, პროფესიული უნარების ტესტში მოცემული იმ მეთოდების დადებითი და უარყოფითი შედეგის აღწერა ან დასაბუთება, რომელთა გამოყენება საერთოდ არ ხდება სპორტის გაკვეთილზე, მაგალითად: კრიტიკული აზროვნების განვითარება, მეტყველებასთან დაკავშირებული საკლასო აქტივობები, ტექსტის გააზრება, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და ა.შ.

კარგია ისიც, რომ სქემა პრაქტიკოს მასწავლებლებს წინსვლისთვის ალტერნატიულ გზებს სთავაზობს. თუმცა მოცემული დამატებითი აქტივობების ჩამონათვალი ნაკლებად შესაბამისია სპორტის მასწავლებლებისათვის და, ამასთანავე, მცირეკრედიტიანი.

გამომდინარე ზემოთ თქმულიდან, სპორტის მასწავლებლები ვიმყოფებით ნაკლებად პერსპექტიულ ვითარებაში და, ვფიქრობთ, ძალიან გაგვიჭირდება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება.

წერილის ბოლოს ავტორი განათლების სამინისტროს მიმართავს:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი გულისტკივილი, გადახედოთ სპორტის მასწავლებლების პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების სტატისტიკას და მოგვცეთ საშუალება, ავიმაღლოთ კვალიფიკაცია და სტატუსი.

„მასწავლებლის შიშით გაკვეთილზე აღარ შედის“ – რა ხდება თელავის ერთ–ერთ სკოლაში

“არ დაგიქუცმაცებიათ შეშა კლასის გასათბობად? ე.ი. არ ყოფილხართ სოფლის სკოლის მასწი”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური