GE

პროფესორის ღია წერილი განათლების მინისტრს – უმაღლეს სკოლაში დამკვიდრებულ ერთ-ერთ „სიმახინჯეზე“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯამბუ ავალიანი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ღია გზავნილით მიმართავს. რუბრიკაში „თავისუფალი ტრიბუნა“ პროფესორის ღია წერილს უცვლელად წარმოგიდგენთ:

დიახ, მახინჯი, მერკანტილური და კლანური გახლავთ არჩევნების ის ფორმა, რომელიც უკვე ათეულ წელზე მეტია დამკვიდრდა უმაღლეს სკოლაში. ნაციონალების მიერ შემუშავებულ (უფრო საიდანღაც თავსმოხვეულ), უნივერსიტეტის რექტორის არჩევის ვირეშმაკურ ფორმაზე მოგახსენებთ, იმ  „ვითომ არჩევნებზე“, როცა აკადემიური საბჭოს 9, 18 თუ 20–კაციან ჯგუფს შეუძლია გადაწყვიტოს, – ვინ უნდა უხელმძღვანელოს 10-11-16-ათასიან უნივერსიტეტებს. არჩევნების უფრო კომიკური ფორმას ვხვდებით  ქვედა რგოლებში, მაგალითად, დეკანის კურთხევის რიტუალი, რაოდენ მრავალრიცხოვანიც  უნდა იყოს ფაკულტეტი, მხოლოდ 4-5 ადამიანს ძალუძს. ასეთი „ქვორუმით“, ტრადიციული ქართული ოჯახები, ყოფით საქმეებსაც არ წყვეტდნენ, ესენი კი(!)… ქვეტექსტი ასეთი არჩევნებისა, არ არის რთული ასახსნელი, საქმე იმაშია, რომ ნაციონალების მიერ შემოღებული, კარგად შეფუთული საარჩევნო სისტემა, რექტორის სავარძლისკენ გზას უხსნიდა (და უხსნის)  ამა ქვეყნის ძლიერთა უახლოეს  ადამიანებს: ძმაკაცებს, მეგობრებს, ნათლია-მირონებს, მამიდა-დეიდაშვილებს…

ამ მაცდუნებელ გზას ვერ შეელია ახალი ხელისუფლება, სირაქლემის პოზა დაიჭირა, ანდა, როგორ შეელეოდა, ნეპოტიზმის „ხარისხით“ მათ ხომ ყველა დროის ხელისუფლებას „გადაუჯოკრეს“. არადა, ყველას გახსოვთ, ხელისუფლებაში მოსვლის პირველ თვეებშივე,  „ოცნების“ დეპუტატები,  სამარცხვინოსა და შეურაცხმყოფელს უწოდებდნენ  უნივერსიტეტებში დამკვიდრებულ  საარჩევნო სისტემას;  როგორც მახსოვს, არჩევნების ახალი მოდელიც შეიმუშავეს, რომლის დაკანონებით, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ერთ მესამედს  მაინც  ეძლეოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა,  მაგრამ, ამაოდ, კანონპროექტმა დღის სინათლე ვერ იხილა – დაიბლოკა.

აქვე, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ პარლამენტს განათლების რეფორმაზე  ერთი საფუძვლიანი, ინოვაციური კანონი არ მიუღია, უფრო მეტიც, ნაციონალებმა უნივერსიტეტების  „ბუტკებიდან“ თუ სარდაფებიდან  გამოყვანა მაინც  შეძლეს, ესენი, პირიქით, უკან აბრუნებენ-  აფუძნებენ  და აფუძნებენ  ახალ-ახალ, საეჭვო სტატუსის მქონე სასწავლებლებს… ახლა, როგორც ძველი ქართველი იტყოდა,  პირველსავე  სიტყვას მოვიდეთ.  ყველა ვხედავთ, რომ  საღათას ძილს მიცემული განათლების სისტემა, საფუძვლიანად შეანჯღრია  ახალმა მინისტრმა, ამან გამაბედვინა რამდენიმე გზავნილით მივმართო ბატონ მინისტრს:

ბატონო მინისტრო, ობიექტურობას რომ თავი დავანებოთ, სადაური და რანაირი დემოკრატიაა, როცა ათი ათასიან კოლექტივში, რვა თუ თორმეტ კაცს ვანდობთ რექტორის არჩევას. უნივერსიტეტი ყველაზე საჯარო, აკადემიური დაწესებულებაა, სადაც  მაღალი ცენზის განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანების ანგარიშის გაწევა და  პატივისცემა ვინმეს ახირება და ამბიცია კი არა, სავალდებულო ჟესტია, ახლა კი შაურად არავის უღირს გამოჩენილი მეცნიერი, დამსახურებული პროფესორი, მხცოვანი აკადემიკოსი, არც არავინ რამეს ეკითხება- ყველაფერს “ ახალი დროის“ გოგო- ბიჭები წყვეტენ. უმაღლეს სკოლაში დამკვიდრებული, არა მარტო რექტორის, ყველა დონის არჩევნები პროფესურის აბუჩად აგდება და ძალადობაა(ამ სიტყვის ყველაზე უარესი გაგებით), მეტი არაფერი!  ასეთი „დეკრეტებისა“ და კანონების შემყურეს ძალაუნებურად გიჩნდება ეჭვი, მართლაც ზევიდან, ხელისუფლებიდან მოდის ადამიანებისადმი ნიჰილისტური, აგდებული  დამოკიდებულება, და შემდეგ გვიკვირს, როცა ახალგაზრდა მეცნიერი, დამწყები ლექტორი, რომელმაც იოლად მოიპოვა რეგალიები, სასურველ პოზიციებსა და თანამდებობებზე მოსახვედრად, არათუ ჩააჩოჩებს, უბოდიშოდ, ჯიკავ-ჯიკავით გვერდზე გასწევს  მხცოვან პროფესორსა თუ გამორჩეულ მეცნიერს…

ისევ გამექცა სიტყვა. იმის თქმა მინდა, რომ  სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებებში უნდა აღდგეს ის სტრუქტურები, რომლებიც წარმატებით  ფუნქციონირებდნენ და საქმესაც აკეთებდნენ, მაგალითად,  დიდი სამეცნიერო საბჭოები, რომელიც, ვიღაც  ჭკუათმყოფელმა, სიტყვის „საბჭოს“ გამო, კომუნისტურ გადმონაშთად რომ  მიიჩნია(!), და ვერდიქტიც გამოუტანა. აღნიშნული სტრუქტურა,  რომელიც   უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნახევარს მაინ აერთიანებდა, კვალიფიციურად და აკადემიურად წყვეტდა ყველა პრობლემას – თანამდებობებზე არჩევას, სტატუსის მინიჭებას და ა. შ. ახლა, რა ხდება, სამეცნიერო საბჭოებს ჩაანაცვლეს გაურკვეველი სტატუსისა და საჩოთირო პოზიციის მქონე ე. წ. აკადემიური საბჭოები. რას აკეთებს ეს აკადემიური საბჭო? არც არაფერს, უბრალოდ, ერთი მერკანტილური სტრუქტურაა, რომლის ფუნქცია მხოლოდ რექტორის არჩევაა და მეტი არაფერი. აქაც, ზოგჯერ, ისეთ არჩევანს აკეთებენ, რომ მავანი საფლავში გადაბრუნდება.

ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგების წინაშე, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას; ბევრის თვალში აკადემიური საბჭო ის რუდიმენტია, რომლის წევრებსაც არ აქვთ არავითარი პრინციპები, მყარი პოზიციები და საეჭვო გარიგებებშიც კი შედიან რექტორობის კანდიდატებთან. ისე, კაცმა რომ თქვას, რა დიდი პრობლემაა 10 თუ 20 კოლეგასთან საქმის დაჭერა და გარიგება, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ქართველები ვართ! უფრო მეტიც, ხშირად აკადემიური საბჭო, მომავალი, სავარაუდო კანდიდატის ინტერესების შესაბამისად კომპლექტდება, და, როგორც ამბობენ, მავანი კანდიდატიც უხვად გასცემს თამასუქებს…  ეს  საბჭოები იმდენად უავტორიტეტონი გახდნენ, რომ კეთროვანებივით გაურბიან  ის პროფესორ-მასწავლებლები, რომელთაც ჭკუაც მოეკითხებათ და პასუხისმგებლობის გრძნობა და ღირსება  ჯერ კიდევ  შერჩენიათ… მეორეც, ასეთი მცირე ლეგიტიმაციით არჩეული პირი, ვერ იქნება წელში გამართული ხელმძღვანელი, მორალურად კმაყოფილი. მახსენდება, ერთ-ერთი ასე არჩეული რექტორი, როგორ ნირწამხდარი  ამბობდა- ცხრა საბჭოს წევრიდან შვიდმა  დამიჭირა მხარიო(!)..

ბატონო მინისტრო, თქვენებურად შემოჰკარით ზარი და სასწრაფოდ შეცვალეთ ეს ვირ-ეშმაკურად შეფუთული საარჩევნო სისტემა, რომელიც უკვე, რბილად რომ ვთქვათ, კორუფციული და დანაშაულებრივი ხდება. ნუ დაელოდებით უუნარო პარლამენტს და მიიღეთ ერთი მართლაც დემოკრატიული კანონი, რომელიც აკადემიურ დაწესებულებებში მაინც  მოაწესრიგებს, გამჭვირვალესა და მართლაც საჯაროს  გახდის  ისეთ მნიშვნელოვან სეგმენტს, როგორიც,  არა მარტო რექტორის, ყველა დონის არჩევნებია.

p.s. ერთ თვეში ჩემს უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები შედგება. კანდიდატებიც ღირსეული ადამიანები არიან, მაგრამ… არჩევნებში მონაწილეობის „ბედნიერება“ წილად ხვდა  მხოლოდ 18-ს(!).

ჯამბუ ავალიანი,

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის

ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სახალხო განათლების წარჩინებული მუშაკის წოდების  მფლობელი.

თავისუფალი ტრიბუნა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური