პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ინსტრუქცია აბიტურიენტებს – კითხვები და NAEC-ის პასუხები
2024 წლის აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი გრძელდება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო წერეთელი აცხადებს, ზაფხულის გამოცდებისთვის ათასობით აბიტურიენტი უკვე დარეგისტრირდა და მისი რჩევაა, რეგისტრაციის გავლა არც სხვა აბიტურიენტებმა მოიტოვონ ვადების მიწურულისთვის.
როგორ გადავიხადოთ თანხა და რა უნდა ვიცოდეთ – 2024 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, ასევე პირადი სარეგისტრაციო გვერდის მართვის თაობაზე კითხვები წლევანდელმა აბიტურიენტებმა 13 მარტს გამართული ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში დასვეს და პასუხები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მიიღეს. მათ შორის არის პრიორიტეტული პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის დეტალური ინსტრუქციაც. კითხვებსა და პასუხებს EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:
რას გვირჩევთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგისტრაციის დროს?
რეგისტრაციისას მნიშვნელოვანია სწორად შეიყვანოთ ინფორმაცია და არ დაუშვათ შეცდომა საგნის არჩევის დროს. რეგისტრაციის დასრულებისას თქვენ მიიღებთ სისტემაში შესასვლელ ხუთნიშნა კოდს. შეინახეთ და არ გაანდოთ სხვას კოდი, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო გვერდზე შეტანილ ცვლილებებზე.
შესაძლებელია თუ არა 4 აპრილის შემდეგ არა მარტო შეცვლა და წაშლა, არამედ სრულიად ახალი ფაკულტეტის დამატება?
4 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ დარეგისტრირდება, თუმცა პროგრამების წაშლის, არჩევისა და შეცვლის საშუალება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვს. ეს პროცესი აგვისტოს თვეში, აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება.
რა ღირს რეგისტრაცია აბიტურიენტებისათვის?
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ. თუ გადახდა არ დადასტურდა, გამოცდებში მონაწილეობის მსურველი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ ასრულებს რეგისტრაციას. გადახდის შესაძლო საშუალებები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე www.naec.ge
როგორ შევამოწმო, რომ ნამდვილად დავრეგისტრირდი?
რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდზე გამოჩნდება მის მიერ შევსებული მონაცემები (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები), რომელთა დამახსოვრებაც აუცილებელია. თუ თქვენ არ გამოიყენებთ შენახვის ღილაკს, სისტემა ვერ დაიმახსოვრებს ინფორმაციას!
სარეგისტრაციო გვერდზე პროგრამის მითითებისას ამ პროგრამის სახელს ვწერთ?
საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის შედგენისას აბიტურიენტი უთითებს საგანმანათლებლო პროგრამის კოდს, რომელიც შეუძლია მოიძიოს 2024 წლის ელექტრონულ ბუკლეტში – „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.
ცნობარში არის პროგრამები, რომლებსაც აწერიათ – მიმდინარეობს წარმოება. რატომ ვერ ვირჩევ ამ პროგრამას?
ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს წარმოება. ამ პროცესის დასრულებისთანავე გადაწყვეტილება აისახება ცნობარში და შეძლებთ მის არჩევას.
როგორ და სად უნდა მოვიძიო კონკრეტული პროგრამის კოდი?
ცენტრის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის”. ცნობარში მოცემულია ყველა უმაღლესი სასწავლებელი და ასევე ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მიმდინარეობს მიღება მიმდინარე სასწავლო წელს. ცნობარში იხილავთ დეტალურ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.
რეგისტრაციის დროს შემოქმედებით ტურს მხოლოდ ვირჩევ, თუ ამ გამოცდის საფასურსაც ვრიცხავ?
შემოქმედებით ტურს ირჩევთ რეგისტრაციის დროს თანხის გადახდის გარეშე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამისი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციას.
თუ რეგისტრაციის დროს არ მოვნიშნე ველი – შემოქმედებითი ტური, აკადემიაში ფერწერაზე ვერ ჩავირიცხები?
თუ ეს ველი 15 აპრილის 18:00 საათამდე არ მონიშნეთ, ამ პროგრამას ვერ აირჩევთ და ვერ ჩაირიცხებით.
როგორ შევიტანო ცვლილებები პროგრამების ჩამონათვალში?
თუ გსურთ არჩეული პროგრამების გადანაცვლება, თქვენ უნდა დააყენოთ კურსორი იმ პროგრამაზე, რომლის გადატანაც გსურთ და წაშალოთ შესაბამისი ღილაკის გამოყენებით. პროგრამის დასამატებლად კურსორი უნდა დააყენოთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, ჩაწეროთ მისი კოდი და გამოიყენოთ ღილაკი – „დამატება“. თუ პირველ საფეხურზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორი უნდა დააყენოთ პირველ საფეხურზე, გამოიყენოთ ღილაკი – „დამატება“, ჩაწეროთ სასურველი პროგრამის კოდი და წაშალოთ პირველ პოზიციაზე მდგარი პროგრამა ღილაკით – „წაშლა“. ცვლილებების შესრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ შენახვის ღილაკის გამოყენება!
შეუძლია თუ არა აბიტურიენტს გამოცდის ჩასაბარებლად ნებისმიერი ქალაქი აირჩიოს ჩამონათვალიდან, თუ არის რაიმე ტიპის შეზღუდვა?
საგამოცდო ქალაქის არჩევაში აბიტურიენტი თავისუფალია. სურვილისამებრ შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი ქალაქი ჩამონათვალიდან.
თუ საგანი ჩემ მიერ არჩეულ პროგრამაზე არ ბარდება, ამ საგნის შედეგით გრანტის მოპოვებას შევძლებ?
იმ საგნის შედეგს, რომელიც პროგრამაზე არ ბარდება, საერთოდ ვერ გამოიყენებთ.
მაქვს თვალის პრობლემა და ვაპირებ ცნობის წარდგენას. მაინტერესებს, თუ შეიძლება ჯერ დავრეგისტრირდე და ცნობა მოგვიანებით წარვადგინო?
რეგისტრაციის დროს თქვენ უნდა მონიშნოთ ველი სპეციალური პირობა და 15 აპრილის 18:00 საათამდე წარმოადგინოთ ჯანმრთელობის ცნობა, ფორმა N100 შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
როგორ გავიგო, თუ როგორი კონკურსია ჩემ მიერ არჩეულ პროგრამაზე?
სარეგისტრაციო გვერდზე აბიტურიენტმა უნდა დააჭიროს ბმულს „კონკურსი პროგრამებზე“. ინფორმაცია განახლებადია 24 საათში ერთხელ.
ასევე იხილეთ:
6 რეკომენდაცია აბიტურიენტებს 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024