GE

პროგრამული დაფინანსების შემცირების შემთხვევაში, უნივერსიტეტი სტუდენტს სწავლის საფასურის დაფარვას ვერ მოსთხოვს

პროგრამული დაფინანსების შემცირების შემთხვევაში, უნივერსიტეტი სტუდენტისგან სწავლის საფასურის დაფარვას ვერ მოითხოვს. აღნიშნულ დათქმას ითვალისწინებს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, რომელიც 2020-2021 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების შეცვლას ეხება.

ცვლილებების თანახმად, რომელიც 2 ივნისს გამოქვეყნდა, თუ უნივერსიტეტი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ რეესტრში არ შეიტანს დაფინანსებული სტუდენტების სრულ რაოდენობას, მას ეს დაფინანსება შეუმცირდება და არ იქნება უფლებამოსილი გადასახადის გადახდა სტუდენტს მოსთხოვოს.

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, რომლის ადმინისტრირების წესი განისაზღვრება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში, უზრუნველყოს თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელი სტუდენტების სახელობითი სიის ფორმირება და დაადასტუროს თითოეული დაფინანსების უფლების მქონე სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაწესებულებისთვის გადასარიცხი დაფინანსების ოდენობის სისწორე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე ბრძანებაში აღნიშნულია პროგრამული დაფინანსების შემცირების ან/და გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები:

„1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პროგრამული დაფინანსების ფარგლებში შერჩეული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა არის პროგრამული დაფინანსების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი სწავლის საფასურის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ.) გადახდა“, – ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური