GE

„ქართული განათლების სისტემა „პროკრუსტეს საწოლშია“ და ნელ-ნელა ვაჭრით თავს, ბოლოს, გვერდებს…“

გარკვეულ სპეციალობებზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირებასთან დაკავშირებულმა სიახლემ იმ ადამიანებში, რომელთაც ეს სიახლე პირდაპირ ეხებათ, ანუ სტუდენტებში, აბიტურიენტებსა და ლექტორებში  დაბნეულობა შეიტანა. აქვთ კითხვები და ამბობენ, რომ ეს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით მათ სამომავლო გადაწყვეტილებაზე აისახება.

სტუდენტები არც იმას უარყოფენ, რომ ქართულ უნივერსიტეტებში სპეციალობების უმეტესობაზე არასაჭირო საგნები ისწავლება. თუმცა პროფესორ-მასწავლებლები სახელმწიფოს მხრიდან საუნივერსიტეტო ცხოვრებაში უხეშ ჩარევას ხედავენ.

ნატო კახიძე მეთერთმეტე კლასშია. მომავალ წელს იგი აბიტურიენტი იქნება, ამიტომ აღნიშნული სიახლე მისთვის განსაკუთრებულად საყურადღებოა. ამბობს, რომ მის არჩევანზე პროფესიასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ დიდ გავლენას მოახდენს ის, თუ რამდენ წლიანი იქნება ამ პროფესიაზე სწავლა.

„ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ თუ რა პროფესიას ავირჩევ. განსაკუთრებულად რომელიმე სფერო არ მიზიდავს. რამდენიმეს შორის ვაკეთებ არჩევანს და თუკი გავიგებ, რომ რომელიმე ჩემს ინტერესებთან ახლოს მდგომ მიმართულებაზე სწავლა სამწლიანი იქნება, რა თქმა უნდა, იმას ავირჩევ. რატომ? ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩემს მშობლებს ერთი წლით ნაკლებ ხანს მოუწევს ყველაფერზე ფულის დაზოგვა ჩემი სწავლის გადასახადისათვის. მითუმეტეს, მე მაგისტრატურაზეც მინდა სწავლის გაგრძელება და ეს კიდევ დამატებითი ხარჯებია. მუშაობის დაწყებასაც უფრო სწრაფად შევძლებ. თუკი იქნება საშუალება უფრო სწრაფად ვისწავლო რაღაც, რატომ უნდა ვთქვა უარი და რატომ უნდა ავირჩიო გრძელი გზა? დიპლომს მაინც იგივენაირს მივიღებ და არც ის მგონია, რომ განათლების დონეში იყოს რამე სხვაობა ჩემსა და იმას შორის, ვინც ოთხწლიან ბაკალავრიატს გაივლის“, – ამბობს ნატო.

მისივე თქმით, ამგვარად ფიქრობენ მისი კლასელებიც – ყველას ურჩევნია ნაკლები ხანი ისწავლოს, რადგან მის დიპლომს მაინც იგივე წონა ექნება, რაც 4–წლიანი ბაკალავრიატისა და 2–წლიანი მაგისტრატურის გავლის შემთხვევაში.

მარიამ წიკლაური (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი): „მე ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრება ძალიან სწორია და  თუ ამ რეფორმას გაატარებენ, კარგი იქნება, რადგან არსებობს გარკვეული პროფესიული მიმართულებები, რომელთავ 4-წლიანი სწავლა არ სჭირდებათ.

„მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპეციალობა –  ჟურნალისტიკა. ჩემი აზრით, ჟურნალისტიკაზე 4-წლიანი სწავლა, მით უფრო, რომ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იშვიათად უვითარებენ სტუდენტებს და ძირითადად თეორიულ ცოდნაზე არიან ორიენტირებულები, ბევრია. რაც შეეხება მაგისტრატურას, ვთვლი რომ 2 წელი მაგისტრატურისთვის არ არის ბევრი. ამიტომ ამ ნაწილში ცვლილების მიზანს ვერ ვხედავ. ერთი წელი მაგისტრის ხარისხის მისაღებად ძალიან ცოტა მგონია. მითუმეტეს, რომ ერთი სემესტრი მხოლოდ სამაგისტრო ნაშრომის დაწერასა და დაცვას სჭირდება.“

მაია აბაიაძე დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს. იგი გამოყენებითი მედია-კვლევის ფაკულტეტზე პირველი კურსის სტუდენტია. მაიამ ბაკალავრიატი საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დაამთავრა. ამის შემდეგ სწავლა გერმანიაში განაგრძო. თავდაპირველად ბაკალავრიატში, შემდგომ კი უკვე მაგისტრატურაზე.

მაია, რომელსაც საშუალება აქვს ამ ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა ერთმანეთს შეადაროს, ამბობს, რომ საქართველოში სასწავლო პროცესი ბევრ ფაკულტეტზე გაწელილია. ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სახელწოდების საგანში ერთსა და იმავე მასალას ასწავლიან და ასევე ხშირად,  ესა თუ ის საგანი საერთოდ არაა საჭირო და გამოსაყენებელი. ამიტომ, მაია ფიქრობს, რომ ჭკვიანურად განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული იდეა უმაღლესი განათლების სისტემას სასიკეთოდ შეცვლის.

„გერმანიაში საბაკალავრო პროგრამა 3–წლიანია, მაგისტრატურა – 2. თუმცა  არსებობს სპეციალობები, რასაც ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ცალ-ცალკე არ აქვს. აქვს მხოლოდ „დიპლომი“ (diplom germ.) და 5 წელი გრძელდება, ანუ მოიცავს ბაკალავრიატს და მაგისტრატურას ერთად.

„სწავლის ინტენსიურობას რაც შეეხება და ზოგადად სწავლების ხარისხს, ჩვენს განათლების სისტემას აქაურს ნამდვილად ვერ შევადარებ. ჩემი, როგორც თსუ-ის სტუდენტის გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ 4 წლის მანძილზე თსუ-ში, განსაკუთრებით მე-3 და მე-4 კურსზე, ბევრი არაფერი მისწავლია. მცირე გამონაკლისების  გარდა, რა თქმა უნდა, რადგან  ძირითადად ერთი და იმავე შინაარსის მქონე  საგნებს გავდიოდით უბრალოდ სხვადასხვა სახელით. აქ უკვე სკოლის მოსწავლეებს აქვთ ის ცოდნა, რასაც ჩვენთან პირველ და მეორე კურსზე გვასწავლიან.

„სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა,  რომ 4 წელი თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციისთვის ნამდვილად ბევრია და პროგრამის 3 წელში ჩატევაც შეიძლება“, – ამბობს მაია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სემიოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორ ცირა ბარბაქაძეს კი სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტების გადაწყვეტილებებსა და პროცესებში ასეთი უხეში ჩარევა მიუღებლად მიაჩნია და ამბობს, რომ უნივერსიტეტი თავად უნდა წყვეტდეს რომელ სპეციალობაზე რამდენწლიანი სწავლაა საჭირო.

მისი აზრით, ცვლილება ხელოვნურია და უცხოური მოდელის პირდაპირ გადმოღებასთან გვაქვს საქმე.

„მეჩვენება, რომ ქართული განათლების სისტემა „პროკრუსტეს საწოლშია“ და ნელ-ნელა ვაჭრით თავს, ბოლოს, გვერდებს… ანდა, შაგრენის ტყავია და ნელ-ნელა პატარავდება და მალე გაქრება. ამ ეტაპზე 4-წლიან საბაკალავრო და 2-წლიან სამაგისტრო განათლებას ვაზომებთ ევროპულ და ამერიკულ სისტემებს და გამოცდილებას და ამის გამო ვაჭრით თითო წელს, ხვალ მოგვეჩვენება, რომ თავისუფლად შეიძლება 3 წელიც ჩავტიოთ 2 წელში და ზეგ ვაღიარებთ, რომ უმაღლესი განათლება საერთოდ არ არის საჭირო, მე ვფიქრობ, ამითაც არაფერი დაშავდება, პრინციპში, გამოქვაბულის ადამიანებს საერთოდაც არ აქვთ კითხვები და არც პრობლემები. მივყვებით და ნელ-ნელა გავაუქმებთ, რასაც გასაუქმებლად ჩავთვლით; მაგრამ, ამ შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენს არა 4–წლიანი განათლების 3-წლიან განათლებად ტრანსფორმაცია, არამედ ის, რომ სახელმწიფო უწყვეტს რომელიღაც დამოუკიდებელ უნივერსიტეტ(ებ)ს, რამდენ წელში ჩატიოს საბაკალავრო თუ სამაგისტრო კურსები; გამუდმებულად სტანდარტების დაწესება და პოლიციური რეჟიმი განათლებაზე უნივერსიტეტებს აშორებს ნამდვილი ცოდნისგან.

„სახელმწიფო მონოპოლია განათლების სისტემაზე აზარალებს განათლებას; სახელმწიფო კი აიკვიატებს რაღაც სტანდარტებს და დაიწყებს მორგებას… და ნეტავ რატომ წვალობს ამდენს? დღე და ღამე არ ძინავს განათლებაზე ფიქრით ხომ? თუ ასეა, მაშინ ხელი აიღოს განათლების მართვაზე და აცადოს დამოუკიდებელ უნივერსიტეტებს, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, როგორი და რამდენწლიანი პროგრამაა საჭირო ხარისხიანი განათლებისათვის.

„ამ შემთხვევაში არ ვიქნები ორიგინალური და გავიმეორებ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო განათლების ექსპერტის იდეას, გამოსავალია: განათლების განსახელმწიფოება!“ – აცხადებს ცირა  ბარბაქაძე.

შეგახსენებთ, რომ დაგეგმილია ცვლილება განათლების შესახებ კანონში, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ცვლილების მიხედვით, ბაკალავრიატის რამდენიმე მიმართულებაზე სასწავლო პროცესი  4 წლიდან 3-წლამდე მცირდება (240 კრედიტიდან 180-მდე), ხოლო მაგისტრატურაში 2 წლიდან 1,5 და ზოგ შემთხვევაში ერთ წლამდე.

ამავე თემაზე:

ცვლილება კანონში – გარკვეულ პროფესიებზე სწავლების ხანგრძლივობა შესაძლოა, შემცირდეს

დადებითი, უარყოფითი და სარისკო – უმაღლესი განათლების ხანგრძლივობის შემცირებას სპეციალისტები აფასებენ

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური