ქართული მსოფლიოს იმ 10 უძველესი ენის სიაში მოხვდა, რომლებზეც დღესაც საუბრობენ
ენის განვითარება ბიოლოგიურ ევოლუციას ჰგავს, ის ეტაპობრივად, თაობიდან თაობამდე მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, არ არსებობს გამყოფი ხაზი ერთსა და მისგან წარმოქმნილ მომდევნო ენას შორის. შესაბამისად, რთულია მათგან უძველესის დადგენა. ცალსახაა, რომ ნებისმიერი ენა კაცობრიობის ხნისაა, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილ ენებს რაღაც განსაკუთრებული და სხვებისგან გამორჩეული აქვთ.
ებრაული
მიუხედავად იმისა, რომ ებრაულს ჩვ.წ. აღ. 400 წლიდან აღარ ხმარობენ, ის იუდეველების საეკლესიო ენად დღემდე რჩება. XIX-XX საუკუნეში, სიონიზმის ზრდასთან ერთად, ივრითმა აღორძინების პროცესი იმისთვის გაიარა, რომ ისრაელის ოფიციალური ენა გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე და ბიბლიური ებრაული ერთმანეთისგან განსხვავდება, ენის მცოდნეს შეუძლია სრულად გაიგოს რა წერია ძველ აღთქმასა და მასთან დაკავშირებულ ტექსტებში.
ბასკური
ბასკური ენა ლინგვისტებისთვის საიდუმლეობით არის მოცული. ის ესპანეთსა და საფრანგეთში მცხოვრები ბასკების მშობლიური ენას წარმოადგენს, თუმცა არ უკავშირდება არც ერთ რომანულ (ესპანურსა და ფრანგულს) ენას. ათწლეულების განმავლობაში ლინგვისტები ამ საკითხზე მსჯელობდნენ, თუმცა ვერცერთმა თეორიამ ვერ გაამართლა. ერთადერთი ცნობილი ფაქტია, რომ ის რომანული ენების გამოჩენამდე არსებობდა.
ტამილური
ტამილურ ენაზე დაახლოებით 78 მილიონი ადამიანი საუბრობს. შრილანკასა და სინგაპურში ის ოფიციალურ ენად არის აღიარებული. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი კლასიკური ენა, რომელმაც თანამედროვე დრომდე უცვლელად მოაღწია. ის დრავიდიანული ენების ოჯახის ნაწილია. მკვლევარებმა ძვ. წ. აღ. III საუკუნით დათარიღებული ტამილურ ენაზე შესრულებული წარწერები აღმოაჩინეს. ის უწყვეტად სწორედ ამ დროიდან გამოიყენება. სანსკრიტისგან (კიდევ ერთი უძველესი ინდური ენა, რომელიც ხმარებიდან ძვ.წ. აღ. 600 წლიდან გავიდა) განსხვავებით ტამულურმა განვითარება განაგრძო და ახლა ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენაა.
ლიტვური
ძვ. წ. აღ 3500 წლიდან ინდოევროპული ენების ოჯახმა დაშლა დაიწყო. ის ისეთ ენებად დაიყო, როგორიცაა გერმანული, იტალიური, გერმანული და ინგლისური. დროთა განმავლობაში მათ თავიანთი თავისებურებები დაკარგეს. აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე ლიტვურმა ენამ ხმებისა და გრამატიკული წესების დიდი ნაწილის შენარჩუნება შეძლო.
ფარსი
ფარსი ეს არის ენა, რომელზეც თანამედროვე ირანში, ავღანეთში, ტაჯიკეთსა და სხვა ადგილებში საუბრობენ. თუ სპარსული ენის შესახებ გსმენიათ, იცოდეთ, რომ ეს იგივე ენაა, უბრალოდ სხვა სახელით. ფარსი არის ძველი სპარსული ენის პირდაპირი შთამომავალი. თანამედროვე სპარსული ენის ფორმირება დაახლოებით ჩვ. წ. აღ. 800 წელს მოხდა. აღსანიშნავია, რომ სპარსულ ენაზე მოსაუბრე ადამიანი ჩვ. წ. აღ. 900 წლით დათარიღებულ ტექსტს უფრო მარტივად წაიკითხავს, ვიდრე ინგლისური ენის მცოდნე შექსპირის ნაწარმოებებს.
ისლანდიური
ეს არის კიდევ ერთი ინდოევროპული ენა, რომელიც ჩრდილოეთ გერმანიის ნაწილში წარმოიშვა (შედარებისთვის ინგლისურიც გერმანული წარმოშობის ენაა, მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილიდან). გერმანიკული ენების უმრავლესობამ თვითონ გაამარტივა საკუთარი თავი და ბევრი თავისებურება დაკარგა. თუმცა ისლანდიური ენა უფრო კონსერვატულად ვითარდებოდა და მან ბევრი მახასიათებელი შეინარჩუნა. ისლანდიურზე გავლენა ვერც XIV-XX საუკუნეებში მმართველმა დანიურმა ხელისუფლებამ მოახდინა. ამგვარად, იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მშობლიური ენაა, რამდენიმე საუკუნის წინანდელი წერილების წაკითხვა უპრობლემოდ შეუძლიათ.
მაკედონური ენა
სლავური ენების ოჯახი, რომელშიც შედის რუსული, პოლონური, ჩეხური და ხორვატული, სხვებთან შედარებით ახალგაზრდაა. საერთო წინაპრისგან, პროტო-სლავური ენისგან, გამოყოფა მათ მაშინ დაიწყეს, როცა კირილემ და მეთოდემ ჩამოაყალიბეს ენა, რომელსაც ახლა ძველი საეკლესიო სლავური ენა ეწოდება და მისთვის ანბანიც შექმნეს. IX საუკუნეში, სლავების გაქრისტიანებასთან ერთად, მათ ენის გავრცელებაც დაიწყეს. ტერიტორია, რომლიდანაც ისინი მოვიდნენ დღეს მაკედონიად არის ცნობილი. შესაბამისად, მაკედონური, თავის მონათესავე ბულგარულ ენასთან ერთად, ძველ სლავურ საეკლესიო ენასთან ყველაზე ახლოს არის.
ფინური ენა
მიუხედავად იმისა, რომ XVI საუკუნემდე ფინურს დამწერლობა არ ჰქონდა, მისი ისტორია ბევრად უფრო ადრე იწყება. ის ფინურ-უნგრული ენების ჯგუფში შედის, რომელიც ასევე აერთიანებს ესტონურს, უნგრულსა და კიდევ რამდენიმე პატარა ენას, რომელზეც ციმბირის მოსახლეობის უმცირესი ჯგუფი საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ფინურში სხვა ენობრივი ჯგუფებიდან ნასესხებ სიტყვებს ვხვდებით და მათი უმრავლესობა ორიგინალი ფორმით არის შენარჩუნებული.
ქართული
ლინგვისტებისთვის, რომლებიც მსოფლიოს ურთულეს ენებს ეძებენ, კავკასიის რეგიონი განსაკუთრებულად საინტერესოა. მთავარი ენები სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველოდან მოდის. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი განსხვავებული ენობრივი ოჯახიდან: ინდოევროპული, თურქული და ქართველურიდან მოდის. ქართული არის ერთადერთი კავკასიური ენა, რომელსაც უძველესი ლიტერატურული ტრადიცია და საკმაოდ ძველი, უნიკალური ანბანი აქვს. ფიქრობენ, რომ ის არამეულიდან იყო ადაპტირებული. არსებობს მხოლოდ ოთხი ქართველური ენა, რომელზეც მარტო საქართველოში საუბრობენ და არც ერთი მათგანი მსოფლიოს სხვა ენებთან არ არის დაკავშირებული.
ირლანდიური
ირლანდიურ ენას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის ინდოევროპული ენების ოჯახის კელტური განშტოების ნაწილია და მასზე იმ კუნძულებზე საუბრობდნენ, რომლებზეც ახლა დიდი ბრიტანეთი და ირლანდიაა განთავსებული. ირლანდიურიდან შოტლანდიური და მენური ენა აღმოცენდა. თუმცა ფაქტი, რომლის გამოც ირლანდიური ამ სიაში მოხვდა არის ის, რომ მას დასავლეთ ევროპის ენებს შორის ყველაზე ძველი ხალხური ლიტერატურა აქვს. მაშინ, როცა მთელი ევროპა დასაწერად ლათინურს იყენებდა, ირლანდიელებმა თავიანთი დამწერლობის შექმნა გადაწყვიტეს.
მოამზადა თეა ინაშვილმა
ამავე თემაზე:
ქართული ენა მსოფლიოში ყველაზე რთული ენების ხუთეულში მოხვდა
გამოყენებული წყაროები: theculturetrip.com
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება