GE

ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა – საგნის ჯგუფის ხელმძღვანელთა მითითებები ეროვნული გამოცდებისთვის

ერთიანი ეროვნული გამოცდები სულ უფრო მეტად გვიახლოვდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფის ხელმძღვანელები 2024 წლის აბიტურიენტებს კონკრეტულ მითითებებს აძლევენ, რომლებსაც EDU.ARIS.GE საგნების მიხედვით წარმოგიდგენთ:

მითითებები მაისის თვეში ჩატარებული ღია კარის დღის ფარგლებში გაიცა.

ქიმიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი – გია ხატისაშვილი

საგამოცდო პროგრამა დაიდეთ და გადაამოწმეთ – გაქვთ თუ არა გადამეორებული ყველა საგამოცდო საკითხი.

– ბევრი უნდა ივარჯიშოთ ქიმიური რეაქციების წერაში, არითმეტიკული გაანგარიშებების დროს სიზუსტე უნდა დაიცვათ, რადგანf ეს მნიშვნელოვანია სწორ პასუხზე გასასვლელად. გამოცდაზე ვერ ისარგებლებთ კალკულატორით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ისე ვადგენთ ხოლმე ამოცანებს, რომ რიცხვებთან მანიპულირება ადვილი იყოს.

– ასევე, ბოლო დროს გამოჩნდა ასეთი შეცდომები, რომ ორგანული ნივთიერებების ფორმულებს წერენ ხოლმე ძალიან არააკურატულად, არასწორად არის ხოლმე ნაჩვენები ატომთა შეერთების თანმიმდევრობა. გთხოვთ, რომ ამასაც მიაქციოთ ყურადღება.

-რეაქციების ტოლობის შედგენისას ყურადღება მიაქციეთ, რომ სწორად იყოს შედგენილი და, რაც მთავარია, გათანაბრებული იყოს, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ამის გამო, აბიტურიენტები ქულას კარგავენ ხოლმე.

– ნული ქულა იწერება ნაშრომში, თუ, მაგალითად, მასში არ არის მოცემული ამოხსნის გზა. თუ ნახავთ კრებულებს და მასში მოყვანილ შეფასების სქემებს, იქ ძალიან კარგად ჩანს რა შემთხვევაში ენიჭება ქულა და როდის პირიქით – აკლდება.

დამატებითი ინფორმაცია ქიმიის ტესტზე: 

ქიმიის ტესტში მოცემული იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: 30 დახურული (არჩევითპასუხებიანი) დავალება; 10 ღია დავალება, რომლებშიც გამოსაცდელს მოეთხოვება:
ქიმიური ნაერთების დასახელება ფორმულების მიხედვით და, პირიქით, სახელწოდების მიხედვით ნივთიერების ფორმულის შედგენა; სხვადასხვა მოცემულობის მიხედვით, ქიმიური რეაქციების ტოლობების შედგენა და მათი გათანაბრება; ქიმიაში საჭირო გამოთვლების შესრულება და ა. შ.

გამოცდაზე აბიტურიენტები შეძლებენ ისარგებლონ დამხმარე მასალით – ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემით, მარილების, მჟავებისა და ფუძეების ხსნადობის ცხრილითა და მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური მწკრივით, რომლებიც გამოცდის დაწყებამდე დაურიგდებათ.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ბიოლოგიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი – აივენგო შათირიშვილი

-გაითვალისწინეთ, რომ გამოცდაზე მხოლოდ პროგრამული და ცოდნაზე ორიენტირებული საკითხები, დავალებები იქნება, მაგრამ არის უფრო რთული ამოცანები, დავალებები, რომლებიც მოითხოვს ანალიზსა და სინთეზს. ასეთი ამოცანების, დავალების შესრულება აბიტურიენტებს უჭირთ და ძალიან გთხოვთ, ამას ყურადღება მიაქციოთ.

-აგრეთვე, როცა პასუხს წერთ ღია დავალებების შემთხვევაში, უნდა ჩაეტიოთ იმ ველში, რომელიც არის გამოყოფილი და არ გადახვიდეთ, ვინაიდან გამსწორებელი მას ვერ ხედავს და, რა თქმა უნდა, ის ნაწერი, რომელიც ველს გარეთ იქნება, შეუფასებელი დარჩება.

-კითხვებს გაეცით ლაკონიური და მოკლე პასუხები, არ აქვს მნიშვნელობა ბევრს დაწერთ, თუ მოკლედ დაწერთ, მთავარია, რომ პასუხი ამომწურავი იყოს.

-კიდევ ერთი რჩევა, მოიტოვეთ გარკვეული დრო, რომ კარგად შესრულებული დავალება პასუხების ფურცელზე გადაიტანოთ. ზოგჯერ აბიტურიენტს დრო არ რჩება, ჩქარობს გადატანას და უშვებს ტექნიკურ შეცდომებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პასუხების ფურცელი სწორდება და არა ის ნამუშევარი, რომელიც თქვენ ცალკე, შავად შეასრულეთ. ამიტომ, არ დაკარგოთ ქულები იმის გამო, რომ იჩქარეთ და არასრულყოფილად გადაიტანეთ ნაშრომი პასუხების ფურცელზე.

დამატებითი ინფორმაცია ბიოლოგიის ტესტზე

ტესტი 70 ქულიანია – შედგება 40 დახურული ტიპის დავალებისგან და ღია დავალებებისგან. ღია დავალებებში აბიტურიენტს შეუძლია 30 ქულის დაგროვება. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.

აბიტურიენტს გამოცდაზე მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საპროგრამო მასალის ცოდნა და მისი გამოყენება კონკრეტული მიზნით, ასევე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ლოგიკურად, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ფიზიკის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი გოგი ჩეჩელაშვილი

– მთავარი რეკომენდაცია ის არის, რომ მომზადების დროს არასდროს არ დაიზეპიროთ არაფერი. ჩვენ არ ვგეგმავთ გავარკვიოთ თქვენი წმინდა ცოდნა, თუმცა რამდენიმე დავალება (ძალიან ცოტა} არის სუფთად ცოდნაზე გათვლილი. ძირითადად კი, არის ამ ცოდნის გამოყენება, ანალიზი და უფრო შემოქმედებითი დავალებები.

– შეეცადეთ, რომ ღია დავალებებში პასუხები დაწეროთ რაც შეიძლება მოკლედ, მაგრამ გასაგებად.

დამატებითი ინფორმაცია ფიზიკის ტესტზე

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფიზიკის ტესტში იქნება შემდეგი დავალებები:
დახურული ტიპის – 35 ერთქულიან დავალებათა ბლოკი; შესაბამისობის ტიპის – 2 ხუთქულიანი დავალება; ღია ტიპის – 4 მრავალქულიანი დავალება. ამ დავალებათა ჯამური ქულა 18-ის ტოლი იქნება.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფიზიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 3 საათი. აბიტურიენტს კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ასევე იხილეთ:

„ეს ძალიან დიდი ყურადღებით გააკეთეთ!“ – მნიშვნელოვანი გაფრთხილება და თხოვნა 2024 წლის აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური