GE

QS-მა მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა – რომელ ადგილებს იკავებს 2 ქართული უნივერსიტეტი

სააგენტო Quacquarelli Symonds-მა მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა – QS World Universities Rankins 2024. რეიტინგში, რომელიც 1500-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს, ტოპ-ათეულში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტები ლიდერობს, ხოლო პირველ ადგილს, ბოლო 12 წელია, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი იკავებს (MIT).

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, რომელიც უმაღლესი, 100 ქულითაა შეფასებული, 99.2 ქულით კემბრიჯის უნივერსიტეტი მოსდევს. მესამე ადგილს კი, 98.9 ქულით, ოქსფორდის უნივერსიტეტი იკავებს.

ადგილები პირველ ათეულში ასე განაწილდა:

1. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
2. კემბრიჯის უნივერსიტეტი
3. ოქსფორდის უნივერსიტეტი
4. ჰარვარდის უნივერსიტეტი
5. სტენფორდის უნივერსიტეტი
6. ლონდონის იმპერიული კოლეჯი
7. ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ETH Zurich)
8. სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი
9. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
10. კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)

QS-ს მსოფლიო უნივერსიტეტების 2024 წლის საერთაშორისო რეიტინგში ორი ქართული უნივერსიტეტი მოხვდა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 801-850 ადგილი, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, სიის ბოლოსკენ აღმოჩნდა – 1401+ ადგილი.

მსოფლიო უნივერსიტეტების წლიური შეფასება ეყრდნობა 17.5 მილიონი აკადემიური ნაშრომის ანალიზს. ასევე, 240.000-ზე მეტი აკადემიური ფაკულტეტის ექსპერტებისა და დამსაქმებელთა მოსაზრებებს მთელი მსოფლიოდან.

QS-ი წელს პირველად უნივერსიტეტების რეიტინგს 9 ინდიკატორის მიხედვით ადგენს, ესენია: აკადემიური რეპუტაცია, დამსაქმებლის რეპუტაცია, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების რაოდენობის თანაფარდობა, ციტირების მაჩვენებელი, საერთაშორისო აკადემიური პერსონალისა და საერთაშორისო სტუდენტების წილი საერთო რაოდენობაში, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ქსელი, დასაქმების შედეგები და მდგრადობა.

QS World University Ranking-ში ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაც შეინიშნება. 2018-სა და 2024 წლის შუალედში, მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში მნიშვნელოვნად გაიზარდა აზიური, ლათინურ-ამერიკული, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლობა. თუკი 2018 წელს, ჩამოთვლილი რეგიონების უმაღლესი სასწავლებლები რეიტინგის მხოლოდ 37% პროცენტს შეადგენდა, 2024 წელს ეს რიცხვი 46%-მდე გაიზარდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური