რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მსოფლიო უმაღლესი განათლება – პრობლემები და UNESCO IESALC-ის ცხრა ნაბიჯი ქვეყნებს
უმაღლეს განათლებაში არსებული ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორებიცაა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, სტუდენტებისგან სწავლის დასრულების დაბალი ტემპი; მდგრადი უთანასწორობა; საგანმანათლებლო სფეროს ცენტრალიზებული მართვა და ნელი ციფრული ტრანსფორმაცია; რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მსოფლიო უმაღლესი განათლება?
2026 წელს UNESCO IESALC-მა (იუნესკოს უმაღლესი განათლების ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის საერთაშორისო ინსტიტუტი) უმაღლესი განათლების გლობალური ტენდენციების შესახებ პირველი მასშტაბური ანგარიში („უმაღლესი განათლების გლობალური ტენდენციები“ – Higher Education Global Trends Report) გამოაქვეყნა, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით უმაღლეს განათლებაში განვითარების დისბალანსი და სისტემური ზეწოლა გამოავლინა.
ანგარიშში 146 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, სადაც საქართველოც არის, გამოყოფილია ცხრა პრიორიტეტული სფერო, რომლებიც ქვეყნებისგან, განათლების სისტემებისგან გადაუდებელ პოლიტიკურ რეაგირებას მოითხოვს.
1. განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის დაბალანსება სწავლის დასრულების მაჩვენებელთან
– პოლიტიკის აქცენტი უნდა გადავიდეს უბრალოდ „მიღებიდან“ სწავლის „დასრულებაზე“.
– საჭიროა მოქნილი სასწავლო გზების (ნახევარ განაკვეთზე სწავლა, მოკლე კურსები) და სტუდენტთა მხარდაჭერის ყოვლისმომცველი სისტემების განვითარება.
2. ინკლუზიის თეორიიდან პრაქტიკაში გადატანა
– ინკლუზიური პოლიტიკა უნდა მოიცავდეს სრულ ციკლს: „მიღება-ჩარიცხვა-კურსდამთავრება-დასაქმება“.
– ფინანსური დახმარება უნდა დაეფუძნოს სტუდენტის რეალურ საჭიროებებს (და არა მხოლოდ აკადემიურ მოსწრებას) და დაფაროს არასასწავლო ხარჯებიც (საცხოვრებელი, ტრანსპორტი).
3. მართვის კოორდინაციის გაძლიერება სისტემური დივერსიფიკაციის საპასუხოდ
– უნდა ჩამოყალიბდეს მართვის ახალი მოდელი: „სახელმწიფო-უმაღლესი სასწავლებელი-საზოგადოება“.
– აუცილებელია ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების შესაძლებლობების გაძლიერება და კერძო სასწავლებლების მკაცრი რეგულირება (ლიცენზირება, ხარისხის შეფასება).
4. ინსტიტუციური ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების რეალიზება
– უნივერსიტეტებს უნდა მიენიჭოთ რეალური ავტონომია ბიუჯეტის განკარგვაში, კადრების შერჩევასა და სასწავლო პროგრამების დიზაინში.
– აკადემიური თავისუფლება (სწავლება, დისკუსია, კვლევა, პუბლიკაცია) დაცული უნდა იყოს ნებისმიერი ჩარევისგან.
5. დაფინანსების ინოვაციური მოდელები სოციალური თანასწორობისა და მდგრადობისთვის
– შედეგზე/ეფექტურობაზე დაფუძნებული დაფინანსების (PBF) დანერგვა (მაგალითად, დაფინანსების მიბმა დასრულებულ კრედიტებსა და ხარისხებზე).
– მიზნობრივი ფინანსური პაკეტების შექმნა დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის და არასახელმწიფო სახსრების (ფონდები, კერძო სექტორი) მოზიდვა.
6. ადამიანზე ორიენტირებული ციფრული და ხელოვნური ინტელექტის (AI) მართვა
– ხელოვნური ინტელექტის ეთიკისა და გამოყენების გაიდლაინების შემუშავება უმაღლესი განათლებისთვის.
– ციფრული ინფრასტრუქტურული წყვეტის აღმოფხვრა და პროფესორ-მასწავლებელთა ციფრული წიგნიერების სავალდებულო ამაღლება.
7. მასწავლებელთა სამუშაო პირობებისა და პროფესიული განვითარების გაუმჯობესება
– გრძელვადიანი და სტაბილური აკადემიური პოზიციების რაოდენობის გაზრდა (ნახევარგანაკვეთიანი და დროებითი კონტრაქტების შესამცირებლად).
– გენდერული ბალანსის ხელშეწყობა ხელმძღვანელ პოზიციებზე და მასწავლებელთა კეთილდღეობისა და მენტალური ჯანმრთელობის ასახვა სახელმწიფო გეგმებში.
8. კვალიფიკაციების სამართლიანი, გამჭვირვალე აღიარება და მობილობა
– იუნესკოს გლობალური და რეგიონული აღიარების კონვენციების რატიფიცირება. (საქართველოს ეს შესრულებული აქვს. ავტ.)
– არატრადიციული კვალიფიკაციების (ონლაინ კურსები, მიკრო-კრედიტები) აღიარების მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებული ან სპეციალური სტატუსის მქონე პირებისთვის სპეციალური შეფასების გზების შემუშავება (დოკუმენტების არქონის შემთხვევაშიც კი).
9. მონაცემთა სისტემებში ინვესტირება ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად
– უმაღლესი განათლების მონაცემთა წარდგენის საკანონმდებლო ვალდებულებად ქცევა.
– უმაღლესი განათლების მართვის ერთიანი ეროვნული საინფორმაციო სისტემების (HEMIS) შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტის, მასწავლებლისა და ფინანსების სრულ ციკლში თვალყურის დევნებას.
ბოლო პუნქტის კონტექსტში, ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რვა გადაჭრის გზიდან (იქნება ეს ქალთა უფლებები, AI-ს მართვა თუ უფასო სწავლება), ვერცერთი შესრულდება, თუ ქვეყნებს არ ექნებათ გამართული, სანდო და დროული სტატისტიკური მონაცემები. ანუ იმისათვის, რომ უმაღლეს განათლებაში რეალური პრობლემები მოგვარდეს, გადაწყვეტილებები უნდა ეყრდნობოდეს ზუსტ ციფრებსა და კვლევებს და არა ვარაუდებს.
უმაღლესი განათლების გლობალური ტენდენციები 2026: UNESCO-ს ანგარიშის მთავარი მიგნებები, რომლებმაც ზემოაღნიშნული რეკომენდაციები განაპირობა, ასეთია:
1. სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა და გლობალური მობილობა – ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს განათლებაში ჩართული სტუდენტების რაოდენობა ორჯერ მეტად გაიზარდა – 2000 წელს არსებული 100 მილიონიდან 2024 წლისთვის თითქმის 269 მილიონამდე. მიუხედავად ასეთი მასშტაბური ზრდისა, რეგიონებს შორის მკვეთრი დისბალანსია.
2. ხელოვნური ინტელექტი (AI) და ციფრული მმართველობის ჩამორჩენა – ტექნოლოგიური პროგრესი გაცილებით სწრაფად მიდის, ვიდრე უნივერსიტეტების მართვის სტრუქტურები. ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს უმაღლესი სასწავლებლების მხოლოდ 19%-ს აქვს მიღებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ოფიციალური პოლიტიკა, ხოლო 42% ჯერ კიდევ მუშაობს შესაბამისი ჩარჩოების შექმნაზე. ეს ნიშნავს, რომ ლექტორებისა და სტუდენტების უმრავლესობა ინოვაციებს სათანადო ეთიკური ან აკადემიური სახელმძღვანელო მითითებების გარეშე იყენებს, რაც ზრდის აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის რისკებს.
3. ლექტორების კეთილდღეობა და ციფრული მომზადება – ანგარიში ხაზს უსვამს აკადემიური პერსონალის წინაშე არსებულ კრიზისს. ქვეყნების 15%-ზე ნაკლებს აქვს ეროვნულ გეგმებში გათვალისწინებული ლექტორთა კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის მექანიზმები. გარდა ამისა, პროფესორ-მასწავლებელთა 80%-ზე მეტი მუშაობს ყოველგვარი ოფიციალური სახელმძღვანელო მითითებების გარეშე იმის შესახებ, თუ როგორ დანერგონ AI და ციფრული ხელსაწყოები სასწავლო პროცესში.
4. ლტოლვილთა განათლება და კვალიფიკაციების აღიარება – პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება იძულებით გადაადგილებულ პირთა განათლებაში. ლტოლვილთა ჩარიცხვის მაჩვენებელი უმაღლეს სასწავლებლებში 2019 წლის 1%-დან 2025/2026 წლისთვის 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, ეს მაჩვენებელი მაინც საგრძნობლად ჩამორჩება გლობალურ საშუალო დონეს. ერთ-ერთ უდიდეს ბარიერად კვლავ რჩება უცხო ქვეყანაში მიღებული დიპლომებისა და კვალიფიკაციების აღიარების მოქნილი მექანიზმების ნაკლებობა.
5. ტრადიციული განათლების მიღმა: ონლაინ კურსები და მიკრო-კრედიტები ახალი საგანმანათლებლო მოდელები, როგორიცაა ჰიბრიდული სწავლება და მიკრო-კრედიტები (მოკლევადიანი, სპეციალიზებული სერტიფიკატები), გამოწვევას უქმნის ტრადიციულ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებს. UNESCO მოუწოდებს ქვეყნებს, განავითარონ ალტერნატიული, მოქნილი შეფასების სტანდარტები, რათა არატრადიციული გზით მიღებული ცოდნა შრომის ბაზარზე ოფიციალურად აღიარებული იყოს.
ასევე იხილეთ:
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება
-
გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირების აკადემიური შედეგები მძიმეა – რაზე საუბრობს განათლების მკვლევარი გადატვირთული სკოლების კონტექსტში
by ARIS.GE-განათლება