რა არ მოსწონს სახელმწიფო აუდიტს 2027 წლის განათლების ბიუჯეტის დაგეგმვაში – დასკვნა პარლამენტს წარედგინა
საქართველოს აუდიტის სამსახურმა საკაანონმდებლო ორგანოს წარუდგინა დასკვნა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე, სადაც განათლების საკითხიც არის გამოყოფილი. კერძოდ ის, თუ რა შენიშვნა აქვს აუდიტს განათლების დაფინანსების მიმართულებით.
კონკრეტულად კი, სახელმწიფო აუდიტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ვერ ხედავს განათლების ხარჯების სრულ სურათს და მისთვის, როგორც მაკონტროლებლისთვის გაურკვეველი რჩება, გეგმავს თუ არა საქართველოს მთავრობა განათლებაზე ქვეყნის ეკონომიკის 6%-ის დახარჯვას 2028 წლიდან, როგორც ეს საქართველოს კანონმდებლობით არის დადგენილი.
დასკვნაში აუდიტი აქცენტს აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობით, 2028 წლიდან ქვეყანამ განათლებაზე მთლიანი ეკონომიკის (მშპ-ს) მინიმუმ 6% უნდა დახარჯოს. თუმცა აუდიტის დასკვნის თანახმად, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში პირდაპირ და გასაგებად არ ჩანს, მთლიანობაში (როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ჯამურად) რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე, რის გამოც შეუძლებელი ხდება იმის გაკონტროლება, ემზადება თუ არა და როგორ ემზადება მთავრობა 2028 წლისთვის საბიუჯეტო კოდექსით დაწესებული ვალდებულების შესასრულებლად.
აი რა წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში 2027 წლის ბიუჯეტის შესახებ:
“საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, 2028 წლიდან საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განათლების სფეროს დაფინანსების მოცულობა უნდა იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მშპ-ს მინიმუმ 6%. აღსანიშნავია, რომ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში ცხადი სახით არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სფეროსთვის გამოყოფილი დაფინანსების შესახებ 2027 წლისთვის, რაც ართულებს სამიზნე მაჩვენებლის შესრულების მონიტორინგს”.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: სახელმწიფო აუდიტის დასკვნა
ასევე იხილეთ:
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან