რა (არ) უნდა იცოდეს პირველკლასელმა სკოლაში შესვლისას – სპეციალისტი მშობლებს მიმართავს

ათასობით ბავშვი წელს პირველად შეაღებს სკოლის კარს. დაწყებითი კლასების მასწავლებელი მრავალწლიანი გამოცდილებით, მათემატიკის სპეციალისტი დაჩი ნანობაშვილი EDU.ARIS.GE-სთან მომავალი პირველკლასელების მშობლებისთვის აქტუალურ თემას ეხება და ჩვენს მოკლე კითხვებს პასუხობს:
– უნდა ჰქონდეს თუ არა პირველკლასელ მოსწავლეს სკოლაში შესვლამდე კონკრეტული საბაზო უნარები და რომლებია ისინი?
– მნიშვნელოვანია, რომ პირველკლასელ მოსწავლეს დამოუკიდებლად შეეძლოს, მაგალითად იმ ნივთების შერჩევა, რომლებიც სკოლაში უნდა წაიღოს. ამაზე ვარჯიში მანამდეც შეიძლება დაიწყოს. თუ ბავშვი დადის ვთქვათ ხატვაზე, ვავარჯიშოთ იმაში, რომ თვითონ ჩაალაგოს ეს ნივთები, თავად შეარჩიოს რას წაიღებს. დავეხმაროთ ამაში, ვასწავლოთ, თუ როგორ გაუკეთოს ორგანიზება ამ ყველაფერს.
ძალიან მნიშვნელოვანია, პირველკლასელმა იცოდეს სხვების მოსმენა, მათი აზრის გათვალისწინება, რა თქმა უნდა, ეს უცებ არ ხდება, მაგრამ ამაზე მუშაობა სკოლამდე უნდა დაიწყოს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს შეეძლოს ისეთი ელემენტარული მოქმედებების შესრულება, როგორიც არის მაგალითად ორ და სამკითხვიანი ინსტრუქციის შესრულება. მაგალითად: აიღე წითელი კალამი და გააფერადე ვაშლი. თუ ერთდროულად იმასაც შეძლებს, რომ ვუთხრათ – აიღე წითელი კალამი, წითლად გააფერადე ვაშლი და მწვანედ გააფერადე ფოთოლი, მთლად უკეთესი. ასეთი უნარები მას ძალიან სჭირდება პირველ კლასში.
– რატომ არის აუცილებელი ამ საბაზო უნარების ცოდნა, როგორ ეხმარება ეს თავად მოსწავლეს, მშობელს და პედაგოგს – სწავლა-სწავლების პროცესს?
– ასეთი უნარები მოსწავლეს ეხმარება იმ ახალ გარემოში წარმატებით ინტეგრირდეს და ეს არ იყოს მისთვის ძალიან უცხო. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ბავშვს ეხმარება ბაღი, ბაღში სიარული მნიშვნელოვანია. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ სამწუხაროდ, უკვე ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც ხუთი წლის, დეკემბრის ბოლომდე დაბადებული ბავშვები სკოლაში მიიღებიან და მნიშვნელოვანია მშობელს ესმოდეს, რომ რაღაც აკადემიური უნარები – წერა-კითხვა, ანგარიში, ეს არ არის სკოლისთვის მზაობა და სკოლისთვის მზაობა ზუსტად ზემოთქმული უნარების ქონაა, ჩვენ, მშობლები, სწორედ ასეთი უნარების გამომუშავებაში უნდა დავეხმაროთ ბავშვს.
– რამდენად აუცილებელი ან საჭიროა პირველკლასელს სკოლაში შესვლამდე ჰქონდეს ანბანის, არითმეტიკის ან სხვა ცოდნა?
– რა თქმა უნდა, თუ ბავშვი იჩენს ინტერესს, ხელი არ უნდა შევუშალოთ, მაგრამ მშობლის მხრიდან არ ღირს იმაზე შფოთვა, რომ ვაიმე, იქ რომ რამე ვერ შეძლოს და მოდი, მე წინასწარ მოვამზადო. არ არის ეს საჭირო, პირიქით, არის იმისი შანსი და დიდი ალბათობა, რომ შემდეგ მოსწავლემ ინტერესი დაკარგოს. თუმცა სკოლაში ბევრი საინტერესო რამ ხდება და თუ მან იცის წერა-კითხვა და ანგარიში, არც ამით უნდა ვიყოთ შეშინებულები, რომ მას ეს ინტერესები გაუქრება, თუმცა არის რისკები.
არ არის საჭირო დატვირთვა, განსაკუთრებით წერას გავუსვამ ხაზს, ვინაიდან წერა გაცილებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რათა პირველკლასელმა სწორად მოხაზოს ციფრი თუ რომელიმე ასო-ბგერა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით მაინცდამაინც არ დავტვირთოთ ბავშვი, არ არის საჭირო იცოდეს ანბანისა და რიცხვების წერა, ან ყველა ასოს გამოწერა.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობდეს რიცხვებს და თუ ამ რიცხვებს რაოდენობასთან აკავშირებს, მთლად უკეთესი. კი ბატონო, ეს შეიძლება, მაგრამ მშობლის მხრიდან ამაზე დარდი, რომ ჩემი შვილი 5 წლის არის, სწრაფად უნდა ვასწავლო, რადგან პირველ კლასში შედის, ეს ნამდვილად არ არის საჭირო. ბევრად მეტი საინტერესო რამ არის, რითაც შეიძლება ბავშვი დავაინტერესოთ – სამაგიდო თამაშებია, რომლებიც მეხსიერებას აუმჯობესებს, ფაზლის აწყობა, ლეგო.. ან, თუნდაც, უბრალოდ სამყაროს შეცნობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
ასევე მნიშვნელოვანია არა ის, რომ კითხვა ვასწავლო, დავსვა და ყოველ საღამოს ვაკითხო, არა, ჩვენ თვითონ წავუკითხოთ და მერე ვესაუბროთ იმაზე, რაც წაუკითხეთ, მისი აზრი მოვისმინოთ. შეიძლება, ამის მერე დახატოს კიდეც როგორ დაინახა რომელიმე პერსონაჟი, რომელიც მოთხრობაში იყო. ან სიუჟეტი დახატოს, გააფერადოს. ეს ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე პირველკლასელმა ის იცოდეს, რაც სკოლაში უნდა ისწავლოს.
– მშობლები ხშირად ამაყობენ იმით, რომ „მისმა შვილმა პრაქტიკულად იცის პირველი კლასის სასწავლო პროგრამა“, ზრუნავენ კიდეც ამაზე და შეასწავლიან საბავშვო ბაღის ასაკის შვილებს. ეთანხმებით თუ არა ამ მიდგომას და ხომ არ არის რაიმე ფაქტორები, რასაც ამ დროს მშობლები არ/ვერ ითვალისწინებენ?
– ნამდვილად ასეა, ხშირად, მშობლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა ასწავლონ შვილის იმისთვის, რომ რაღაც თავისი სურვილები დაიკმაყოფილონ. ის კი არა, რომ ბავშვს აინტერესებს – არა, მათ უნდათ, რომ ეს იცოდეს შვილმა. ამით შემდეგ ამაყობენ და რეალურად, გამოდის ისე, რომ მერე ამბობენ – იცით, თავად იჩენს ინიციატივას. ეს მშობელმა გაუჩინა ინტერესი და ამიტომაც იჩენს ინიციატივას, ბავშვი ყველაფრის მიმართ იჩენს ინტერესს. შესაბამისად, არ არის საჭირო, რომ არამარტო მათემატიკაში, ნებისმიერი სხვა მიმართულებით ისეთი რაღაც ვასწავლო, რაც მე მინდა რომ იცოდეს და ამით მერე ვიამაყებ. ბევრად მნიშვნელოვანია, რომ იმ მიმართულებით მივაწოდოთ მეტი ცოდნა და მივეხმაროთ, რაც თვითონ ბავშვს უნდა.
განსხვავებით ათეული წლების წინანდელი პერიოდისა, როცა ინფორმაციის მიღება პრობლემა იყო და რთული, დღესდღეობით პირიქით არის – ინფორმაცია ძალიან ბევრია და ამის გაფილტვრაა საჭირო. სკოლამდელი ბავშვისთვის ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოიძებნოს, ძალიან საინტერესო და სასარგებლო, ვიდრე ის პირველი კლასის მასალა, რომელიც პირველ კლასში უნდა ისწავლოს.
მე არ მეგულება არცერთი დაწყებითი კლასის მასწავლებელი, რომელიც თავის შვილს დასვამს და წინასწარ ასწავლის იმას, რაც სკოლაში უნდა ისწავლოს. თუ სპეციალისტი ამას არ აკეთებს, მაშინ შენ, მშობელმა რატომ უნდა გააკეთო, ვინც ამ სფეროში არ ხარ ძლიერი.
– და ბოლოს, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი მომავალი პირველკლასელების მშობლებისთვის?
– ჩემი მთავარი სათქმელი მშობლებისთვის იქნება ის, რომ ნუ გამოიჩენენ თავად ინიციატივას, ნუ ასწავლიან წერა-კითხვას, ნუ ასწავლიან ანგარიშს და კიდევ უფრო მეტს მათემატიკაში იმის შიშით, რომ მათი შვილები ჩამორჩებიან, ან იმ ფიქრით, რომ უკეთესად აითვისებენ სასწავლო პროგრამას, არ არის საჭირო. იმუშაონ სხვა უნარების განვითარებაზე, როგორიც არის თუნდაც თასმის შეკვრა, თუნდაც ქურთუკის ჩაცმა-გახდა, თუნდაც ჩანთის ჩალაგება, საჭირო ნივთების მოძიება, ფანქრის გათლა… აი, ასეთი უნარები, რომლებიც პატარებს მიეხმარება სკოლაში, იმიტომ, რომ ისინი სულ სხვა გარემოში მოხვდებიან და უფრო დამოუკიდებლები უნდა იყვნენ, ვიდრე ისინი იყვნენ სახლში, ან ბაღში.
ასევე იხილეთ:
2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა – ეტაპები და პროცედურა
-
განათლების სამინისტროს სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების გამოცხადება დაავიწყდა და ივლისში ატარებს – მიიღებენ თუ არა პედაგოგები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას? by ARIS.GE-განათლება
-
სასკოლო სახელმძღვანელოების ნაკლოვანებები – რა სახის ცვლილებებს ითხოვს განათლების სამინისტროსგან სახელმწიფო აუდიტი by ARIS.GE-განათლება
-
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის დრო და ინსტრუქცია ყველა გამოსაცდელისთვის – გამოცდები 2025 by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე