GE

რა დოზით უნდა იყოს სკოლებში კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის ვალდებულება?

წიგნი საუკეთესო მასწავლებელია. ამბობენ: “ბრძენი რომ გახდე ათი წიგნი უნდა წაიკითხო, მაგრამ ისინი რომ იპოვო, ამისთვის ათასი წიგნის წაკითხვაა საჭიროო”. ამბობენ და როგორც წესი, ეს მხოლოდ ნათქვამად რჩება. რეალობა კი სულ სხვაა – დღეს წიგნს ნაკლებად კითხულობენ. ზოგიერთი ამის მიზეზს წიგნის კითხვის ჩვევისა და ოჯახური ტრადიციის არარსებობაში ხედავს.

სპეციალისტები კი თანხმდებიან, რომ მოზარდის წიგნის კითხვისკენ დაინტერესება მისი წიგნთან შეხების პირველივე დღიდან უნდა იწყებოდეს.

შესაძლოა, სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში სკოლებში კითხვის საათი დანერგა, რომლის მიხედვითაც, 1- 4 კლასის ჩათვლით, კვირაში ერთი საათი, მოსწავლეებმა სხვადასხვა ლიტერატურის კითხვასა და გააზრებას უნდა დაუთმონ. თუმცა კითხვის ვალდებულება ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით ზედა კლასებში არ არსებობს.

არის კი კვირაში ერთი საათი საკმარისი ბავშვისთვის კითხვის სურვილის გასაჩენად, კითხვის კულტურისა და ჩვევის გამომუშავებისთვის, თუ სხვა საშუალების მოძიების აუცილებლობაც არსებობს?! Aris.ge-განათლება ამ თემით დაინტერესდა და შეეცადა გაერკვია რა ვითარებაა საჯარო თუ კერძო სკოლებში ამ მიმართულებით.

რამდენად კარგად მუშაობს პრაქტიკაში “კითხვის საათი”, ეთმობა თუ არა ყურადღება კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის მოსწავლეებისთვის გაცნობას, მათთვის მხატვრული ნაწარმოებების კითხვით დაინტერესებას და “კითხვის საათის” პარალელურად, არის თუ არა სკოლებში გათვალისწინებული სპეციალური სახელმძღვანელო/სასწავლო კურსი, რომელიც მოსწავლეს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის კითხვას ავალდებულებს.

174-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ტატიანა გოგია Aris.ge -განათლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის სახელმძღვანელო “წიგნის სამყარო” მისი სკოლის სასწავლო გეგმაში პედაგოგთა სურვილითა და არჩევით არის შეტანილი. წიგნი დაწყებითი სწავლების ყველა დონისთვისაა გამოცემული, მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად ეროვნული სასწავლო გეგმით ხელმძღვანელობენ და “კითხვის საათის” დროს კითხვასა და წაკითხულის გააზრებას კვირაში მხოლოდ ერთ საათს უთმობენ. რაც პედაგოგის აზრით, საკმარისი არ არის.

“დღესდღეობით ესაა ჩვენს სკოლაში მეტი არაფერი. ჩვენ გვჭირდებოდა. ხომ იცით კითხვაზე რა მდგომარეობაა?! საყოველთაოდ ცნობილია, რომ კითხულობენ ერთეულები. წიგნის კითხვა ბავშვმა საინტერესო მოთხრობებითა და ნაწარმოებებით უნდა შეიყვაროს. ასევე, კარგი ილუსტრირებული წიგნით. მაგრამ მაინც ბევრია დამოკიდებული მასწავლებელზე. იყო პერიოდი საერთოდ არ კითხულობდნენ, მაგრამ დღეს, თან ასაკიც აქვთ ისეთი ჩემ მოსწავლეებს, რომ ერთმანეთის მიბაძვით ბიბლიოთეკიდანაც გამოაქვთ წიგნები”, – აღნიშნა ტატიანა გოგიამ.

ტატიანა გოგიას მსგავსად “კითხვის საათის” ფარგლებში კითხვასა და წაკითხულის გააზრებას კვირაში ერთ საათს უთმობს ამავე სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ნუნუ მანგოშვილიც, თუმცა, გარდა ამისა, მოსწავლეებს საკუთარი ინიციატივით სხვადასხვა ნაწარმოებების წაკითხვასაც ავალებს.

“წიგნში პატარა ლექსები, მოთხრობები და ზღაპრებია შესული, როგორც ქართული, ასევე მსოფლიო ლიტერატურიდან. თუმცა ქართველი ავტორები მაინც მწირადაა წარმოდგენილი და ამ დანაკლისის შესავსებად მოსწავლეებს სხვადასხვა ნაწარმოების წაკითხვას ვავალებ ხოლმე. ბუნებრივია, ნაწილი კითხულობს, ნაწილი არა. თანამედროვე ტექნოლოგიები კარგია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ბავშვმა დაბეჭდილ წიგნში უნდა წაიკითხოს, რადგან ელექტრონულ წიგნში მეტი ანიმაცია, ფერადი ილუსტრაციებია, ეს ბავშვისთვის მომხიბვლელია, მაგრამ მეორეს მხრივ, შინაარსს ნაკლები ყურადღება ექცევა. როცა წიგნთან რჩები და მხოლოდ წარწერებია, იქ უფრო მეტი გრჩება”, – განუცხადა ნუნუ მანგოშვილმა Aris.ge – განათლებას.

კითხვის უნარის შეძენისთვის, სკოლის გარემოსთან ერთად, ოჯახური ტრადიციის არსებობაზე საუბრობს თბილისის კერძო სკოლა “კანდიდის” ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი შორენა შამუგია.

“ჩვენს სკოლაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო მოწვეული პედაგოგი და მოსწავლეების წიგნით დაინტერესება თავის თავზე ჰქონდა აღებული. რეკომენდაციასაც უწევდა წიგნებს წასაკითხად და ამისთვის კვირაში ორი საათი იყო გამოყოფილი, განიხილავდნენ ნაწარმოებებს და მიმდინარეობდა დისკუსიები. კარგი გაკვეთილები ჰქონდა, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ თავად აღარ ისურვა სკოლაში დარჩენა. წიგნის კითხვისას ძალდატანება შეუძლებელია. მარტო სკოლა, მასწავლებელი ან მშობელი საკმარისი არ არის. კითხვის მოყვარული უნდა იყოს ის გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება. დღეს ბავშვები თანამედროვე ელექტრონული საშუალებებით არიან დაინტერესებული. მთავარია წიგნები წაიკითხონ და რა მნიშვნელობა აქვს სად წაიკითხავენ?! – “ქინდლში”, კომპიუტერში თუ ე.წ პლანშეტში?! ხშირ შემთხვევაში ხომ კითხვის ასეთი ფორმა, მოზარდისთვის ბეჭდური სახით გამოცემულ წიგნებზე მეტად მომხიბვლელია?! – ამბობს Aris.ge -განათლებასთან შორენა შამუგია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დღეს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მასწავლებელს უფლება აქვს სწავლებისას დამხმარე/დამატებითი მასალის სახით გამოიყენოს ნებისმიერი სასწავლო მასალა, რომელთა ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, სასკოლო სასწავლო გეგმაში აისახება. ამიტომ არ არსებობს სტანდარტული ნუსხა. დამხმარე ლიტერატურის გამოყენება ნებისმიერ კლასშია შესაძლებელი, თუმცა სავალდებულო მხოლოდ დაწყებითი სწავლების დონეზეა. 1-4 კლასის ჩათვლით, დამრიგებელი ვალდებულია, არანაკლებ კვირაში ერთხელ “კითხვის საათი” ჩაატაროს. ამასთან, მოსწავლეებისთვის რეკომენდირებულია, სკოლამ გამოიყენოს ისეთი დამხმარე ლიტერატურა, რომელიც ხელმისაწვდომია სკოლის ბიბლიოთეკებში.

როგორ უნდა შეიყვაროს ბავშვმა კითხვა და რა ნაწარმოებები უნდა წაიკითხოს ამისთვის პირველად, აქვს თუ არა რეკომენდაციები აღნიშნულთან დაკავშირებით მწერალ დათო ტურაშვილს?! – Aris.ge -განათლებამ მას სწორედ ამ კითხვით მიმართა.

“მართლა არ ვიცი რა ვურჩიო სკოლის მოწაფეებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პირადი გამოცდილება მაქვს ძალიან უკუღმართი. მაგალითად, “სამი მუშკეტერი” ვერაფრით წავიკითხე ბავშვობაში დ მხოლოდ მაშინ წავიკითხე, როცა უკვე სტუდენტი ვიყავი და პირიქით – რემარკის “სამი მეგობარი” 9 წლის ასაკში ჩავაბულბულე. წიგნი მუსიკასავითაა და ადამიანებსაც სხვადასხვა ასაკში განსხვავებული ჟანრის ლიტერატურა აინტერესებთ და განსხვავებულ წიგნებს კითხულობენ, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და მითუმეტეს პატარა ასაკში. ვფიქრობ, რომ მთავარია ბავშვობიდანვე მივეჩვიოთ კითხვას, ვისწავლოთ კითხვის კულტურა და წასაკითხს აუცილებლად მივაგნებთ”, – ამბობს დათო ტურაშვილი.

პედაგოგებიც და ლიტერატურასთან დაახლოებული ადამიანებიც თანხმდებიან, რომ ბავშვს კითხვა გარემომ უნდა შეაყვაროს, გარემომ, რომელშიც კითხულობენ. მართალია, ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა ზედა კლასებში ვალდებულებას არ წარმოადგენს, თუმცა, წიგნები სასარგებლოსთან ერთად აუციელებელიცაა, რადგან “როგორც სხეულს სჭირდება ვარჯიში, ისე სჭირდება ტვინს კითხვა”. ხომ გაგიგონიათ – “ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, ყოველთვის შეძლებენ ადამიანების მართვას, რომლებიც ტელევიზორს უყურებენ”.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური