GE

რა ღირს აბიტურიენტობა რეგიონებში და რომელ საგანებში მომზადებაა ყველაზე ძვირი

თუ წლების წინ მოსწავლე სკოლისგან ფარულად ემზადებოდა და წარმატებით ჩაბარებული გამოცდები სკოლის ღირსებას ზრდიდა, დღეს არც რეპეტიტორობას მალავს ვინმე და არც მათთან მომზადებას. ახლა პედაგოგთა მოტივაციაც დიდია, რადგან რაც უფრო მეტია იმ მოსწავლეების რიცხვი, რომლებიც გამოცდებს წარმატებით აბარებენ, მით უფრო მეტია მასწავლებელთან მომზადების სურვილი და ეს რეპეტიტორს თანხის მომატების საშუალებას აძლევს. აშკარაა, ასეთ ინდივიდუალურ მეცადინეობებს აქვს შედეგი, რაზეც ეროვნული გამოცდების მაღალი ქულებით ჩაბარებული აბიტურიენტების რიცხვი მეტყველებს, თუმცა როგორ აისახება ეს მათ ოჯახებზე და რა უჯდებათ აბიტურიენტობა, ეს სხვა თემაა.

EDU.ARIS.GE-მ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტები გამოკითხა და აღმოაჩინა, რომ  სოფლებში აბიტურიენტთა ოჯახებს რეპეტიტორებთან თვეში 160-200 ლარის გადახდა უწევთ, დიდ ქალაქებში კი 350-400 ლარს იხდიან. რესპონდენტებთან საუბრისას ისიც გაირკვა, რომ რეპეტიტორები ახლობლებს შედარებით იაფად ამზადებენ, თუმცა მათივე თხოვნით,  მითითებულია სტანდარტული და არა შეღავათიანი ფასები.  დიდ ქალაქებს შორის ერთ-ერთი, სადაც მომზადება ყველაზე ძვირი ჯდება ბათუმია. აქ ყველაზე დაბალი ფასი 100 ლარია.

აბიტურიენტი ქეთი ბოლქვაძე მხოლოდ 3 საგანში 370 ლარს იხდის. სანამ ის საცხოვრებლად ბათუმში გადავიდოდა, მასწავლებელთან ახლო მდებარე სოფელში დადიოდა, სადაც გაცილებით ნაკლებს იხდიდა. ამბობს, რომ სწავლების ხარისხს შორის განსხვავებას ვერ ხედავს.

„ფასები ყველანაირია, გააჩნია რეპეტიტორს, მაგრამ ძირითადად 100 ლარიდან იწყება. მე წელს დავიწყე მომზადება 3 საგანში თანხის გადახდა ოჯახს თვეში საკმაოდ ძვირი უჯდება. ინგლისურში 150 ლარი, უნარები – 100, ქართული 120. გეოგრაფიაში არ ვემზადები. რეგიონების ფასები მკვეთრად განსხვავებულია  40-დან 70 ლარის ფარგლებში მერყეობს. მაგალითად ქართული 50, უნარები – 60, ინგლისური – 70 ლარი. იქ რეპეტიტორს 40 ლარადაც იპოვით. მე ბათუმში დროებით ვცხოვრობ, ისე კი რეგიონიდან ვარ და სანამ წამოვიდოდი იქ ვემზადდებოდი. შემიძლია ვთქვა, რომ სწავლების ხარისხს შორის სხვაობა არ არის“, – ამბობს ქეთი.

რეპეტიტორების ფასი განსხვავებულია კახეთის ქალაქებსა და სოფლებში. მომზადება ყველაზე იაფი ახალსოფელშია, სადაც ერთიანი ეროვნული და საატესტატო გამოცდებისთვის რეპეტიტორების ფასები 50-60 ლარის ფარგლებში მერყეობს:

„2 წელია ძირითად საგნებში ვემზადები. ქართულში 60 ლარად, უნარები 50 ლარი მიჯდება. დამატებითი საგნების – ქიმიისა და ბილოგიის ფასიც 50 ლარია. საატესტატოსთვის ისტორიასა და მათემატიკაში მომზადება 5 თვის წინ დავიწყე და თითოეულ საგანში  50 ლარს ვიხდი“, – ამბობს აბიტურიენტი მანჩო ხარებაშვილი.

მასთან შედარებით ეროვნულებისთვის მომზადება თვეში 40 ლარით მეტი უჯდება ნიკა ფხოველაშვილს, რომელიც წნორში ცხოვრობს.

„თვეში რეპეტიტორებთან 250 ლარს ვიხდი. ჩემს ქალაქში, წნორში ფასები 80-120 ლარის ფარგლებში მერყეობს.  ძირითად საგნებში   წელს დავიწყე მომზადება. საატესტატოსტთვის მომზადებას საჭიროდ არ ვთვლი. ქართული – 90, ინგლისური – 100, უნარები – 90, გეოგრაფია 80 ლარი ღირს“,- ამბობს ნიკა ფხოველაშვილი.

როგორც აღმოჩნდა, აბიტურიენტობა კახეთის ქალაქებს შორის ყველაზე ძვირი ლაგოდეხში ღირს, სადაც რეპეტიტორების ფასები თვეში 100–დოლარსაც კი აღწევს, თუმცა როგორც ერთ-ერთი აბიტურიენტი ჩვენთან საუბარში ყვება, ზოგიერთი პედაგოგი ქართულში 50–ლარადაც ამზადებს.

„თვეში 300 ლარს ვიხდი. ქართული ენა და ლიტერატურა – 70, ამდენივე ღირს ცალკე ლიტერატურა. უნარები – 100, გეოგრაფია – 60. ძირითადი საგნების ფასი 50 ლარიდან იწყება, მაგალითად, ვიცი რეპეტიტორები, რომლებიც ქართულში 50 ლარად ამზადებენ. თუმცა ყველაზე ძვირი, ალბათ, ინგლისურის რეპეტიტორია, რომელიც რვა გაკვეთილში 100 დოლარს იღებს. წელს დავიწყე ამ საგნებში მომზადება. არიან ბავშვები, რომლებიც რაღაც საგნებში არ ემზადებიან, მაგრამ არავის ვიცნობ ისეთს, არცერთ საგანში რომ არ ემზადება. მე ინგლისურში არ ვემზადები, რადგან მაქვს დაგროვილი ბაზა და ეროვნულების ჩაბარებას შევძლებ. საატესტატო გამოცდებისთვის არ ვემზადები, თუმცა მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი ამაშიც ფულს იხდის და ძალიან ძვირი უჯდებათ“, -ამბობს ლაგოდეხელი აბიტურიენტი.

ქართლში კი საგნების ფასები 50-70 ლარის ფარგლებში მერეობს.

„დიდ ქალაქებთან შედარებით, ქარელში მომზადება იაფია. მე ქართულსა და გეოგრაფიაში 60-60 ლარს ვიხდი, ქიმიაში-50-ს, უნარებში 50-ად ვემზადები, თუმცა ზოგი 70-ს იხდის. მათემატიკაში 70 ლარს ვიხდი“, – ამბობს ანა მძინარაშვილი

ქართლ-კახეთთან შედარებით ძვირია მომზადება ქუთაისში, სადაც აბიტურიენტების ოჯახებს თითოეულ საგანში თვეში 80-150 ლარის გადახდა უწევთ. აბიტურინტი დათო სახელაშივილი  ყოველ თვეში მასწავლებლებთან დაახლოებით 400 ლარს იხდის:

„ქუთაისში რეპეტიტორის ფასები  80-დან 150 ლარამდეა.  ქართული -100, ინგლისური 120, მათემატიკასა და უნარებში მთლიანად 900 დოლარს ვიხდი. საატესტატოსთვის ისტორიაში მომზადებას 2 თვით ადრე დავიწყებ“, – ამბობს დათო სახელაშვილი.

ქართულის პედაგოგი ნაზი ახვლედიანი  15–წლიანი გამოცდილების საფუძველზე ამბობს, რომ ქუთაისში წლიდან წლამდე აბიტურიენტების დონე უარსედება და რეპეტიტორის გარეშე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კარგი შედეგების ჩვენება თითქმის შეუძლებელი ხდება.

„ჩემი 15-წლიანი გამოცდილების მანძილზე თაობათა შსაძლებლობები და დამოკიდებულება უარესობისკენ იცვლება. დღეს რეპეტიტორის დახმარების გარეშე ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულის აღება თითქმის შეუძლებელია. ორმხრივი სისტემური მუშაობა და სწორად შერჩეული მეთოდი კი მაღალი ქულის გარანტია“, – აღნიშნავს ნაზი ახვლედიანი.

მათემატიკის მასწავლებლის ფატიმა კვარაცხელიას თქმით, სამეგრელოშიც თითქმის ყველა აბიტურიენტი რეპეტიტორთან ემზადება, რისთვისაც სოფლებში ყოველთვიურად 200-280 ლარს იხდიან.

„18 წელია, რაც პედაგოგი ვარ. დღეს რეპეტიტორებთან თითქმის ყველა ემზადება, ზუგდიდთან ახლოს სოფლებში ფასები 50-70 ლარია, ქალაქში უფრო მეტი. ერთ პედაგოგს საშუალოდ, 10 მოსწავლის აყვანა შეუძლია“.

აბიტურიენტ მეგი გაწერილიას თქმით, ზუგდიდში თანხას პროგრამაში ერთიანად იხდიან და არა ყოველთვიურად. მას მთელი წლის მანძილზე 4000 ლარის გადახდა უწევს, რაც თვეში დაახლოებით 400 ლარია.

“ზუგდიდში რეპეტიტორების უმრავლესობას პროგრამა აქვს შეფასებული და თანხასაც ერთიანად ან ნახევარ-ნახევარს ვიხდით. ქართული ძირითადად 800 ლარი ღირს, ისტორია – 1000 ლარი, უნარების მათემატიკურ და ვერბალურ ნაწილზე სხვადასხვა პედაგოგებთან დავდივარ. ვერბალურში 600, მათემატიკურში  1000 ლარს ვიხდი. ინგლისური –  600 ლარი, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც 1200-ლარად ამზადებს, სწავლების ხარისხს შორის დიდი განსხვავება არ იგრძნობა, უბრალოდ რამდენიმე ახალ წიგნს ამატებენ. ჩემი კლასელების ნაწილი საატესტატო გამოცდების საგნებში ემზადება და თვეში  60-70 ლარს იხდიან. სოფლებიდან მოსამზადებლად აქ დადიან, იშვიათად, რომ იქვე მეცადინეობდნენ“, – ამბობს მეგი.

აბიტურიენტობა შედარებით იაფია გურიაში. აქ ქალაქებსა და სოფლებში ფასები თითქმის ერთნაირია და თითოეული საგნის ფასი 40-60 ლარის ფარგლებში მერყეობს. როგორც აბიტურიენტმა ნინი სალიამ გვითხრა, ყველაზე მეტს, თვეში 80 ლარს რეპეტიტორები ოზურგეთში იღებენ.

„ჩოხატაურში საგნის ფასები 40-60 ლარის ფარგლებში მერყეობს. ჩემი დაკვირვებით, გურიის რეგიონებს შორის მომზადება ყველაზე ძვირი ოზურგეთში ჯდება, სადაც ზოგიერთ საგანში  80 ლარს იხდიან, თუმცა ესეც ინდივიდუალურია და მასწავლებელზეა დამოკიდებული. ჩემი ნაცნობების ძირითადი ნაწილი ლანჩხუთსა და ოზურგეთში თითო საგანში საშუალოდ 50-60 ლარს იხდის. მე რუსულში 40 ლარად ვემზადები, ინგლისურში – 60-ადაც ემზადებიან. ქართული 50 ლარი ღირს. გურიის ყველა რაიონში ფასები თითქმის ყველგან ერთნაირია“, – ამბობს ნინი სალია.

ამავე თემაზე:

რა უჯდებათ აბიტურიენტებს რეპეტიტორებთან სიარული?

რეპეტიტორების ბუმი, ანუ “ფარული განათლება” გამოცდებიდან გამოცდებამდე

რეპეტიტორის ინსტიტუტი ჩრდილიდან გამოდის

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური