რეპეტიტორების ბუმი, ანუ “ფარული განათლება” გამოცდებიდან გამოცდებამდე
“კერძო სკოლაც კი ვერ აძლევს მოსწავლეს ისეთ ცოდნას, რაც უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად საჭირო და საკმარისია”
სკოლებში სწავლების დაბალი ხარისხი, იქ მიღებულ ცოდნასა და ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს შორის არსებული სხვაობა, სისტემური პრობლემა – ესაა არასრული ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რომელთა “წყალობითაც” საქართველოში მოსწავლეების რეპეტიტორებთან სიარული მეტად პოპულარული და ამავდროულად, საჭიროა. მათ შორის, კერძო სკოლების მოსწავლეებისთვისაც კი.
ძნელად თუ მოახერხებთ იპოვნოთ აბიტურიენტი, რომელიც 3-4 სხვადასხვა საგნის რეპეტიტორთან არ დადის. თუმცა, მათ არა მხოლოდ აბიტურიენტები მიმართავენ, არამედ დაბალი კლასების მოსწავლეებიც. მაშინაც კი, თუ კერძო სკოლებში დადიან, სადაც სახელმწიფო სკოლებთან შედარებით გაძლიერებული სწავლაა და დამატებითი მეცადინეობა, წესით, აღარ უნდა სჭირდებოდეთ.
მოგეხსენებათ, კერძო სკოლაში შვილის შეყვანა იაფი სიამოვნება არ გახლავთ. ფასები საკმაოდ შთამბეჭდავია – თვეში 150 ლარით დაწყებული რამდენიმე ათასით დამთავრებული. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, გაღებული ხარჯი საკმარისი არაა და მშობლებს ფულის გადახდა, დამატებით, რეპეტიტორებშიც უწევთ.
“ჩემი შვილი კერძო სკოლაში სწავლობს. მე-7 კლასშია. თვეში 350 ლარს ვიხდი, მაგრამ ამის მიუხედავად, უკვე 2 წელია უცხო ენაში კერძო მასწავლებელთან მაინც ვამეცადინებ. ეს დამატებით თვეში 170 ლარი მიჯდება. ის სკოლა, სადაც დადის, მომწონს. ვერ ვიტყვი, რომ არ ასწავლიან. გარდა მაგისა, კვება და ტრანსპორტირებაც შედის, მაგრამ დამატებით მეცადინეობა მაინც საჭიროდ მივიჩნიე.
“მომდევნო წლიდან ვაპირებ მათემატიკაშიც მოვამზადო. საერთო ჯამში, საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მიწევს, მაგრამ რა ვქნა, მირჩევნია სხვა რამეში მოვიკლო ფული და ბავშვს ნორმალური განათლება მივცე,” – ამბობს ჩვენთან საუბრისას რუსუდან მუმლაძე.
განსხვავებულია რეპეტიტორების ფასებიც. თუ გაგიმართლათ, იპოვნით მასწავლებელს, რომელიც ერთ საგანში ბავშვს თვეში 100 ლარად მოამზადებს. თუმცა, არც ასეთი მასწავლებლის პოვნაა ადვილი და თანაც, ამ დროს უკვე მის კვალიფიკაციასთან და სწავლების ხარისხთან დაკავშირებითაც ჩნდება კითხვები.
ზოგადად კი, ერთი საგნის ფასი საშუალოდ 150 ლარიდან იწყება. გასული წლის განმავლობაში კი, ისევე როგორც ყველაფერი ქვეყანაში, რეპეტიტორების მომსახურეობაც გაძვირდა. პედაგოგები გასამრჯელოს ახლა უკვე არა ლარში, არამედ დოლარში ითხოვენ.
ქალბატონი მარინა ინგლისური ენის პედაგოგია. სკოლაში მუშაობას თავი რამდენიმე წლის წინ დაანება, როცა მიხვდა, რომ რეპეტიტორობით გაცილებით მეტი შემოსავალი ექნებოდა. ახლა მას ყოველწლიურად ათობით მოსწავლე ჰყავს და მასთან მოსახვედრად მშობლები რიგს საკმაოდ ადრე იკავებენ.
შესაბამისად, მოსწავლეების ნაკლებობას არასოდეს განიცდის და როგორც გვითხრა, ზოგჯერ იძულებულია გაკვეთილი დილის 8 საათზე ან ღამის 11-ზეც კი დანიშნოს, რადგან მთელი დღე დატვირთული აქვს. მოსწავლეები ძირითადად თბილისის ცენტრალურ უბნებიდან ჰყავს, სადაც რეპეტიტორების ფასი გარეუბნებთან შედარებით, მაღალია.
“ძირითადად აბიტურიენტებს ვამეცადინებ. დაბალი კლასის მოსწავლეები იშვიათად მყავს. ჩემთან მომზადება 100 დოლარი ღირს იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი ჩემთან სახლში ივლის. თუ უნდათ, რომ თავად ვიარო მათთან, მაშინ 120 დოლარი. იაფი არ არის, მაგრამ მერწმუნეთ, ბევრს ვიცნობ ისეთს, რომლებიც ჩემზე ბევრად მეტს იღებენ და მოსწავლეები არც მათ აკლიათ.
“ჩემ მოსწავლეებს შორის 50-60 % კერძო სკოლის მოსწავლეა. თანაც, საკმაოდ პრესტიჟული სკოლების. ფაქტია, რომ დამატებით მეცადინეობა მაინც სჭირდებათ. ზოგიერთი ჩემამდე იმდენად მოუმზადებელი მოდის, რომ მიკვირს, ნუთუ იმ სკოლებში, სადაც მათი მშობლები თვეში ასობით ლარს იხდიან, ვერაფერს სწავლობენ?!” – ამბობს ქალბატონი მარინა.
ჩვენი შემდეგი რესპონდენტი ლალი ზუმბაძე კი კერძო სკოლის პედაგოგია და ამავდროულად, ზოგადი უნარ-ჩვევების რეპეტიტორიც. იმ სკოლაში, სადაც იგი მათემატიკას ასწავლის (სკოლის სახელს მისი თხოვნით არ ვაკონკრეტებთ), ყოველთვიური გადასახადი 200 ლარს შეადგენს. თუმცა, ამბობს, რომ მოსწავლეების უმეტესობა ძირითად საგნებში (ქართული, მათემატიკა, უცხო ენა) დამატებითაც მეცადინეობს.
იგი ამის მიზეზებზე გვესაუბრა. აღნიშნა, რომ პრობლემა კომპლექსურია, რის გამოც მოსწავლეებს დაბალი კლასებიდანვე უწევთ დამატებით მოემზადონ.
“ მაგალითად, ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში მეხუთე კლასის ბავშვებს მათემატიკა კვირაში 4 საათის განმავლობაში უტარდებათ, ჩვენს სკოლაში კი – 10 საათი. თუმცა, ამის მიუხედავად, კარგად მაინც ვერ სწავლობენ. დიდ როლს თამაშობს ბავშვის უყურადღებობაც. ზოგს ინტერესიც არ აქვს. ამიტომაც, ეს ყველაფერი, კომპლექსურად მოქმედებს იმაზე, რომ მიუხედავად გაძლიერებული სწავლებისა, ბავშვს რეპეტიტორი მაინც სჭირდება. ყველა კლასში ასეთი სიტუაციაა. ყველა, ვინც კარგად სწავლობს და კლასში თავისი ცოდნით ჩანს, აუცილებლად რეპეტიტორთანაც მეცადინეობს,” – აღნიშნავს ქალბატონი ლალი.
როგორც აღვნიშნეთ, იგი ზოგად უნარ-ჩვევებზში ამეცადინებს მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებს და ა.შ. ამბობს, რომ მათი ცოდნის დონე ძალიან დაბალია.
იქიდან გამომდინარე, რომ იგი გარეუბანში ცხოვრობს და მოსწავლეებიც შესაბამისად დაახლოებით იგივე ტერიტორიიდან ჰყავს და მასთან მეცადინეობა თვეში 150 ლარი ღირს.
“ხშირად მოდიან ჩემთან ისეთი აბიტურიენტები, რომელთაც ელემენტარული ცოდნა არ აქვთ და ნულიდან ვიწყებთ. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლებიდან მასიურად ძალიან სუსტი მოსწავლეები მოდიან. არ შეუძლიათ ელემენტარული რაღაცეების კეთება – წილადების შეკრება, განტოლებების ამოხსნა, პროცენტის გამოანგარიშება, არ იციან გამრავლების ტაბულა და ა.შ.” – აღნიშნავს იგი.
სპეციალისტები ამბობენ, რომ რეპეტიტორების ისეთი ბუმი, როგორიც საქართველოშია, განათლების სისტემის სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. ეს პრობლემა კი, მათი თქმით, იმის გათვალისწინებით მძიმდება, რომ კერძო სკოლაც კი ვერ აძლევს მოსწავლეს ისეთ ცოდნას, რაც უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად საჭირო და საკმარისია.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტი განათლების ხელმისაწვდომობის თავლსაზრისით უთანასწორობას აძლიერებს. მისი აზრით, იგი სისტემის ფუქნციონირების შედეგია. ეს ყველაფერი კი რეპუტაციას ულახავს სკოლებს და შელახული რეპუტაციაც განაპირობებს მშობლების სურვილს- შვილები რეპეტიტორებთან ატარონ.
ჯანაშიას თქმით, როცა მშობლები ხედავენ, რომ მათი შვილის კლასელებს რეპეტიტორები ჰყავთ, მათსას კი – არა, რჩებათ შთაბეჭდილება, რომ შვილებს ამით რაღაცას აკლებენ. გარდა მშობლის მზრუნველობისა, მისი თქმით რეპეტიტორების არსებობას ხელს მისაღები გამოცდებიც უწყობს.
“როცა მე -12 კლასის მოსწავლეს მე-9 კლასში ნასწავლს ეკითხები, იგი იძულებულია განვლილი მასალა გადაიმეოროს და ამისთვისაც რეპეტიტორი სჭირდება. სკოლები ბავშვებს საიმისო ცოდნას ვერ აძლევენ, რომ სხვას აჯობონ. ვერავინ იტყვის, რომ საკმარისი ცოდნა აქვს და სხვას აჯობებს, რადგან არავინ იცის სხვა რა ცოდნა აქვს.
“ყველას რომ მაღალი ხარისხის განათლება ჰქონდეს სკოლებში მიღებული, რეპეტიტორები მაინც იარსებებენ, რადგან გამოცდებზე შეჯიბრებითობის პრინციპია. სწორედ ესაა პრობლემა – რაც არ უნდა კარგ სკოლაში შეიყვანოს მშობელმა ბავშვი, მაინც იქნება სურვილი და საჭიროება, რომ დამატებითაც ამეცადინოს, რადგან უნივერსიტეტებში ადგილები შეზღუდულია, კონკურსი კი -მაღალი.
“მაგალითად, მართვის მოწმობის გამოცდებისათვის, სადაც შეჯიბრობითობა არ მოქმედებს და სხვას რომ აჯობო საჭირო არაა, რეპეტიტორი არ გჭირდება. აქ ადგილს არავინ წაგართმევს, არავის ეჯიბრები და დღეს თუ ვერ ჩააბარებ, კიდევ შეგიძლია სცადო,“ – ამბობს ჯანაშია და დასძენს, რომ ევროპულ ქვეყნებში რეპეტიტორებტან სიარული ნაკლებად პოპულარულია.
პრობლემის განმაპირობებელი მიზეზების კომპექსურობაზე საუბრობს შალვა ტაბატაძეც და აღნიშნავს რომ გარდა სკოლებში განათლების დაბალი ხარისხისა, ამას უპირველე ყოვლისა მისაღები გამოცდების არსებული სისტემა განაპირობებს.
იგი იზიარებს მოსაზრებას, რომ გამოცდებისათვის აბიტურიენტებს ძვირადღირებული და კარგი სკოლებიც კი ვერ ამზადებენ. მისი თქმით, კერძო სკოლების კურსდამთავრებულები, რომლებიც საერთაშორისო ატესტატებს იღებენ, სხვადასხვა საგანში მომზადების გარეშე უნივერსიტეტებში ვერ მოხვდებიან.
ამბობს, რომ ეს სისტემა სკოლას ფუნქციას უკარგავს და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებსაც კი აიძულებს რეპეტიტორებთან იარონ.
“მშობელის ბავშვი კერძო სკოლაში რომ დაჰყავს და ხარისხიან განათლებაში ფულს იხდის, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც იძულებულაი შვილი რეპეტიტორთანაც მიიყვანოს, ეს სისტემის დაუხვეწავობაზე მეტყველებს. როცა მისაღები გამოცდების არსებული სისტემა შემოვიდა, იგი დროებითი ეფექტის მატარებელი უნდა ყოფილიყო, რომელიც კორუფციას აღმოფხვრიდა და სხვადასხვა სოცალური ფენის წარმომადგენელს თანაბარ საშუალებას მისცემდა.
“თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს სისტემა მოძველებულია, რადგან სკოლაში მიღებულ განათლებას უმაღლესში მოსახვედრად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ, ზოგად განათლებას აზრს უკარგავს. თანაც, რეალობა აჩვენებს, რომ არსებული მისაღები გამოცდა სოციალურად უთანასწორობას ხელს მაინც უწყობს, რადგან თუკი მოსწავლეს რეპეტიტორის ფული არ აქვს, ის უმაღლესში უმეტეს წილად ვერ ხვდება.
“გარდა ამისა, არსებული სისტემა უმაღლეს სასწავლებლებს უკლავს შესაძლებლობას, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აბიტურიენტები თავად შეარჩიონ და ხარისხის განვითარებაც თავად უზრუნველყონ, რის საფუძველზეც უკეთეს სტუდენტებს მოიზიდავენ. ტესტირების სისტემა ვერ გაზომავს იმ უნარებს, რაც აბიტურიენტს ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად სჭირდება,” – ამბობს ტაბატაძე.
გამოსავალი, მისი აზრით მხოლოდ სისტემის შეცვლაა, რათა უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა ტესტების კარგად მომზადებაზე არ იყოს დაფუძნებული. ამბობს, რომ ეს სოციალურ უთანასწორობასაც აგვარიდებს თავიდან.
ტაბატაძის ინფორმაციით, “ფარული განათლება” სხვა ქვეყნებშიცაა გავრცელებული, თუმცა ჩვენთან ამან განსაკუთრებულად ფართო მასშტაბები მიიღო. მისი თქმით, რეპეტიტორები ყოველთვის იარსებებენ, რადგან მშობლები ყოველთვის ეცდებიან შვლებს სხვაზე მეტი მისცენ. ამას ბუნებრივს უწოდებს, თუმცა დასძენს, რომ განათლების სისტემა მხოლოდ ამ ინსტიტუტს არ უნდა ეფუძვნებოდეს და წარმატების მიღწევა მხოლოდ ამ ინსტიტუტთან თანამშრომლობით არ უნდა იყოს შესაძლებელი.
რა უჯდებათ აბიტურიენტებს რეპეტიტორებთან სიარული?
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება