GE

რა ღირს ბავშვის სასკოლოდ მომზადება – რჩევები მშობლებს 2018-2019 სასწავლო წლისთვის

ახალი, 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე კვირაზე ნაკლები დარჩა. მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები 17 სექტემბერს და სწავლის დაწყებას ელოდებიან. ტრადიცია უცვლელია – ყველას, დიდს თუ პატარას სურს, რომ ახალ სასწავლო წელი ახალი სამოსით, ჩანთით, სახელმძღვანელოებითა და საჭირო ნივთებით დაიწყოს. არჩევანი, გასული წლების მსგავსად, წელსაც დიდია, ფასები კი განსხვავებული. იმ შემთხვევაში, თუ მშობელს შვილი კერძო სკოლაში მიჰყავს, მაშინ, ამ ყველაფერთან ერთად, თანხა სასკოლო წიგნების შესაძენადაც უნდა გადადოს. საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წიგნები სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ. განსაკუთრებით, დიდი მოლოდინი 1-ლი -მე-6 კლასის მოსწავლეებს აქვთ. მათ წელს ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები უნდა დახვდეთ მერხებზე.

რა ღირს სკოლაში წასვლა? ამის დასადგენად სხვადასხვა სავაჭრო ცენტრსა და ბაზრობებს ვესტუმრეთ.

ჩანთა

სკოლის მთავარი ატრიბუტი არის ჩანთა. სასკოლო ჩანთების ფასი გარეუბანში მდებარე მსხვილ სავაჭრო ცენტრებში ხარისხის, ზომისა და ფუნქციების მიხედვით 19 ლარიდან – 180 ლარამდე მერყეობს. მაღაზიების ნაწილში თუ გაგიმართლათ ფასდაკლებებსაც შეხვდებით. ბაზრობებზე ეს ფასი რიგ შემთხვევაში განსხვავდება, თუმცა საერთო ტენდენცია ასეთია – დღეს დაბალი რანგის ბრენდული ჩანთებისა და ბაზრობებზე გასაყიდი ზურგჩანთების ფასი მნიშვნელოვნად აღარ განსხვავდება ერთმანეთისგან.

გაყიდვაშია სხვადასხვა ბრენდის ძვირადღირებული ჩანთები, მათ ნაწილს ორთოპედიული საზურგე აქვს და ფასსაც ეს ზრდის, ნაწილი კი გორგოლაჭებითაა აღჭურვილი. ჩანთების ფასს ასევე განაპირობებს ფუნქციური უჯრების ოდენობა და ქსოვილი, რომელიც წვიმას უძლებს და ამასთან მსუბუქია, მოსწავლისთვის დამატებითი ტვირთი რომ არ იყოს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ჩანთის ყიდვისას ბავშვების აზრი, განსაკუთრებით თუ ის პირველად მიდის სკოლაში, გავითვალისწინოთ. ამით მათთვის სკოლაში წასვლას უფრო სახალისოს გავხდით. ასევე, გაყიდვაშია დაბალი სასკოლო ასაკის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ზღაპრისა თუ მულტფილმის გმირებიანი ზედაპირის მქონე ჩანთები, რომელიც მეტი მომხიბვლელობისთვის, გორგოლაჭებითაცაა აღჭურვილი.

ეს კი რჩევა მშობლებისთვის – ყურადღება უნდა მიაქციოთ ჩანთის მწარმოებელ ქვეყანასაც, რათა ქსოვილი, რომლითაც ჩანთაა დამზადებული ბავშვისთვის ქიმიურად მავნე ნივთიერებებს არ შეიცავდეს და არც ტანსაცმელზე გადადიოდეს ფერი.

ტანსაცმელი

თეთრი პერანგები და შარვლები 15-70 ლარამდე ღირს. გოგონებისთვის ქვედა ბოლო 30-60 ლარამდე. წელს ბაზრობებზე დიდი არჩევანია გოგონებისთვის ე.წ. შავ და სხვადასხვა სახეობის კუბოკრულ კაბა-კომბინიზონებზე, რომელზეც მოთხოვნაც ასევე დიდია და ის 39-70 ლარი ღირს. ასევე, წელს ძალიან მოდურია გოგონებისთვის კუბოკრული შარვალი და ჟილეტი, რომელზეც ასევე, ძალიან დიდი მოთხოვნაა. მისი ფასი კი საშუალო დონის ქსელურ მაღაზიაში 69 -89 ლარია. წელს ასევე მოდურია კუბოკრული ქვედა ბოლო გოგონებისთვის და გეტრები. მისი შეძენა ბაზრობებსა და მაღაზიებში 25-70 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ. ბავშვის ფეხსაცმელი 40-დან 150-ლარამდე დაგიჯდებათ. ძვირადღირებული ფეხსაცმლის ფასს ორთოპედიული ძირი, ტყავის ფაქტურა და ხარისხი განაპირობებს. თუმცა, წელს ფართო არჩევანია სპორტული სტილის ფეხსაცმელზე. მასზე თანაბარია მოთხოვნა, როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში.

საკანცელარიო ნივთები

რაც შეეხება სასკოლო საკანცელარიო ნივთებს, ბაზრობებსა და სხვადასხვა საკანცელარიო მაღაზიებში ფასები განსხვავებულია. ზოგან რამდენიმე შენაძენზე ფასდაკლებაც მოქმედებს. ასევე, საგანგებოდაა გახსნილი მსხვილ ქსელურ სავაჭრო ცენტრებში სპეციალური სასკოლო სივრცეები, სადაც როგორც მოსწავლეების, ასევე მათი მშობლების დიდ ნაწილს ნახავთ. ისინი წინასწარ არჩევენ და იმარაგებენ სკოლისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთებს.

რვეულების ფასი ფურცლების რაოდენობის მიხედვით, ფასდაკლებით 52 თეთრიდან 2,2 ლარამდე მერყეობს. კალმები 50 თეთრიდან 1.5–ლარამდე. საშუალო დონის ფერადი ფანქრები 2,50 ლარიდან – 14 ლარამდე ღირს. გუაშების, სახატავი რვეულების, ფლომასტერების, საშლელებისა და სათლელების ფასებიც განსხვავებული და მერყევია. ამ ყველაფრის შესანახად კი პენალი დაგჭირდებათ, მისი ფასი 4,95 ლარიდან იწყება და ხარისხის მიხედვით 20 ლარსაც აჭარბებს. თუმცა ზოგიერთ ძვირადღირებულ მაღაზიაში ფასმა შესაძლოა 50-60 ლარსაც მიაღწიოს. ასევე არსებობს სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის, რომლის ფარგლებშიც 79 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ პენალი და სკოლისთვის საჭირო ფანქრები და პასტები ერთ კომპლექტად.

ეროვნული ვალუტის კრიზის გამო, ფასების მომატებაზე წუხან მშობლები, თუმცა, ამის მიუხედავად ბაზრობებზე, დიდ თუ პატარა სავაჭრო ცენტრებში მშობლებისა და სკოლის მოსწავლეების რაოდენობა მაინც შესამჩნევია. მაღაზიები კი მათთვის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად რიგ ნივთებზე ფასდაკლებებსაც სთავაზობენ მომხარებელს.

უხეში დათვლით, სასკოლოდ ბავშვის მომზადება, თუ ყველა საჭირო ნივთსა და სამოსს ბაზრობაზე შეიძენთ, მინიმუმ 250-300 ლარამდე ჯდება. მაგრამ თუ მოთხოვნა ბრენდულ სამოსსა და სასკოლო აქსესუარებზე გაქვთ, ამ შემთხვევაში შვილის სასკოლოდ მომზადების ხარჯები 500 ლარსაც გასცდება.

არჩევანისა და შესაძლებლობის თავისუფლება საფულის სისქესა და საკრედიტო ბარათის ტიპზე გადის, რადგან ბაზრობებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში ამგვარი საქონელის არჩევანი მრავალფეროვანი, მრავალფერიანი და მრავალფასიანია.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური