GE

რა კეთდება განათლების სამინისტროს მიერ მოსწავლის ჩანთის წონის შესამცირებლად?

განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე მუშაობს, რომელიც წიგნის გრიფირებასთან ერთად მის წონასაც ეხება. როგორც განათლების სამინისტროს გრიფირების სამმართველოს უფროსმა ნანა კილასონია EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, წიგნის წონა მკაცრად იქნება განსაზღვრული და ის პირველ-მესამე კლასებისთვის 300 გრამს, ხოლო მეოთხე-მეექვსე კლასებისთვის 400 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

„საწყის ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირებას. შესაბამისად, მათზე გავრცელდება ეს რეგულაცია. 300 გრამს არ უნდა აღემატებოდეს 1-3 კლასის მოსწავლის წიგნი, დასაშვებია 10%-ის მატება. რაც შეეხება 4-6 კლასს, იქ უკვე 400 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. დასაშვებია აქაც 10%-იანი მატება. რაც შეეხება ჩანთის წონას, ჩანთის წონა სხვა რამეა, წიგნის სხვა. იმიტომ რომ ჩანთაში ბევრი სხვა კომპონენტი შედის. კალამი, პენალი, რვეული, წყალი. ექსპერტებმა შეიმუშავეს ჩანთის წონასთან დაკავშირებით რეგულაცია. 1-3 კლასელის მოსწავლის ჩანთა არ უნდა იყოს 3 კილოზე მეტი. ხოლო 4-6 კლასის მოსწავლის კი 3,5 კილოს არ უნდა აღემატებოდეს. ეს სიახლეები გვექნება 2017-18 სასწავლო წელს“, – აღნიშნა ნანა კილასონიამ.

EDU.ARIS.GE-მ გრიფირების სამმართველოს უფროსს დეტალების გასარკვევად სხვა კითხვებიც დაუსვა.

რა ტიპის ფურცელზე დაიბეჭდება სახელმძღვანელოები, რომ არ გაცდეს შემუშავებულ წონას?

–ეს ცალკე თემაა. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებმა როდესაც შემოგვთავაზეს რეკომენდაციები, ამასთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ დოკუმენტები, რომელიც ასახავენ, თუ რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს ასეთ სახელმძღვანელოს. ეს არის სითეთრე, სიმკვრივე, საღებავების უვნებლობა. ამის პროექტი ცალკე დავწერეთ მასწავლებლის წიგნისთვის და მოსწავლის რვეულის და წიგნისთვის. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეიმუშავეს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებმა წიგნის მახასიათებლები.

–რამდენად დაეტევა 300-გრამიან წიგნში პროგრამები? ხომ არ მოხდება სახელმძღვანელოების შინაარსის შემცირება?

–პროგრამები სრულიად ახალი გვაქვს. პირველი-მეექვსე კლასების პროგრამა მაისში დამტკიცდა. რაც შეეხება მათ ჩატევას 300 გრამში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩაეტევა. დაახლოებით 200-დან 250 გვერდამდე გამოდის ერთი წიგნი. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია დაწყებითი კლასებისთვის. ეს არანაირად არ გამოიწვევს  გაკვეთილების შემცირებას.

გარდა იმისა, რომ წონა იქნება შეზღუდული, საგაკვეთილო ცხრილის შედგენისას სკოლები იხელმძღვანელებენ სტანდარტით, რომ ბავშვებს ერთდროულად არ მოუხდეს ყველა დიდი წიგნის წაღება, რომელიც მას დაუმძიმებს ჩანთას, ვიდრე ეს რეკომენდირებულია. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ კომპლექტის შემადგენლობაც. ამ კუთხითაც გვაქვს სიახლეები. წონაზე სტანდარტის დაწესების მიუხედავად, არ ნიშნავს, რომ მოსწავლემ სხვა არაფრით არ უნდა იხელმძღვანელოს, იმიტომ რომ დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების გარეშე ხარისხიანი განათლება არ არსებობს. მაგრამ ისე არ მოუწევთ ტარება, რომ ამ რეკომენდაციებში არ ჩავჯდეთ.

–წიგნის გამომცემლები რამდენად წამოვიდნენ ამ მოლაპარაკებაზე?

–გრიფმინიჭებული სახელმძღვანელობის გამომცემლობებს რაც შეეხება, ისინი ჩართულები იყვენენ პროექტის შემუშავების ეტაპზე. იცნობენ ამ პროექტებს. ისინი მზად არიან იხელმძღვანელონ ამით.

–როდის დამტკიცდება სახელმძღვანელოების წონასთან დაკავშირებული რეგულაციები?

–ჩვენ ვითანამშრომლეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომელმაც ჩართო როგორც თავისი, ასევე მოწვეული ექსპერტები და მის ბაზაზე მომზადდა ეს რეკომენდაციები. შესწავლილი იყო 15 ქვეყნის გამოცდილება, საერთაშორისო პრაქტიკა როგორ იყო ამ მიმართულებით. ასევე მოხდა არსებული რეგულაციების ანალიზი, რა არ გვქონდა და რა გვქონდა. კონკრეტულად წონის ნაწილში არის სიახლე, რეგულაცია წონასთან დაკავშირებით არ არსებობდა.

ამ დოკუმენეტს ამტკიცებს განათლების სამინისტრო. განხილვები უკვე დამთავრებულია და ამ თვის ბოლოს, ან 5 ნოემბრისთვის ვფიქრობ, უკვე დამტკიცდება და 2017-18 სასწავლო წლისთვის რომ შემოვა გრიფირებული სახელმძღვანელოები, მაშინ ამოქმედდება წონასთან დაკავშირებული რეგულაციები.

–ახლა რა წონისაა მოსწავლის წიგნები?

–ამ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ ჩვენ წონებს ვაკმაყოფილებთ, 300 და 400 გრამებს, თუმცა პრობლემა ალბათ, გამოწვეულია იმით, რომ გრიფირებულ სახელმძღვანელოების კომპლექტაციაში დიდი მოცულობაა შეტანილი. ფაქტობრივად, ყველა საგანს აქვს მოსწავლის წიგნი და რვეული. ბავშვები ამას ატარებენ ერთდროულად. აქედან გამოდინარე, მთლიანობაში დისონანსია. რაც შეეხება ბეჭდვას, შემიძლია გითხრათ, რომ მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა რაც ამოქმედდა, მას შემდეგ ჩვენ ყოველწლიურად ქაღალდის იმ ფაქტურას ვიყენებდით, რომ შეგვემსუბუქებინა წიგნები. რიგ საგნებში საკმაოდ მსუბუქია ჩვენი წიგნები. 2016 წელს დაბეჭდილ სახელმძღვანელობში, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენ სტანდარტში ვზივართ. ვიდრე სახელმწიფო იყიდდა, მანამდე რა იყო, ამაზე არ ვსაუბრობ. საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას წონის პრობლემა საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, ძალიან რთულია, ცხრილი მოარგო წონას, თუმცა კომპლექტაციაში 6-ივე კლასში არის რვეული. შესაბამისად, ბავშვმა უნდა ატაროს ორივე. თუ წიგნი ვერ იჯდა 300 გრამში, იმას დამატებული რვეულის წონა, თავისთავად ავტომატურად გაზრდიდა ჩანთის წონას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლებზეც ბევრია დამოკიდებული. რაც არ უნდა დავამკვიდროთ წონის სტანდარტი, ის შუალედი, რა ნივთები შეიძლება დაემატოს ჩანთას, მშობლის გადასაწყვეტია. თუ ძალიან დიდი ზომის წყლის ბოთლს ატანს, ან მძიმე პენალს ბავშვს სკოლაში, ეს ავტომატურად უკვე ჩანთის წონას გაზრდის.

–თუმცა მშობლები აქცენტს წიგნების სიმძიმეზე აკეთებენ. უფრო წიგნებზე აქვთ  სწორება, ვიდრე ნივთებზე. . .

–ჩვენ რაც არ უნდა კარგი სტანდარტი შევიმუშაოთ, თავად მშობელმაც თუ არ დაარეგულა მოსწავლის ჩანთის წონა,  რომ 3 კილო, ან მაქსიმუმ 3,5 კილო იყოს, არაფერი გამოვა.

–ელექტრონული წიგნების შემოღება, რომელზეც განათლების მინისტრმა ისაუბრა, როგორ ფიქრობთ, ჩანთის წონასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის?

–ეს ასევე სიახლეა, რომელიც ჩვენ იდეის დონეზე გაგვაჩნია. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო, რომელიც მოსწავლეს აქვს, იმის ელექტრონული ვარიანტი არსებობდეს ბუნებაში და ხელმისაწვდომი იყოს მოსწავლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ნაბეჭდი არ იქნება და მას ჩაანაცვლებს ელექტრონული, არამედ ნიშნავს, რომ პარალელურად არსებობდეს. ეს კომფორტული იქნება ბავშვებისთვის. ეს ინდივიდულაური მოლაპარაკების საგანია გამომცემლებთან. წესით, ამის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეთ გამომცემლებს.

–რამდენ ხანში შეიძლება დაინერგოს ელექტრონული წინგები?

–ჩვენ ვგეგმავთ, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ეს პროექტიც მიყვეს. ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და 2017-18 წელს ეს პრაქტიკა დაინერგება. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ელექტრონული წიგნები ჩაანაცვლებს ნაბეჭდს. მოსწავლე წიგნის ელექტრონულ ვერსიას ჩამოტვირთავს თავის კომპიუტერში. იგივე შეგვიძლია მასწავლებლის წიგნების შემთხვევაშიც. მასწავლებელსაც შეეძლება ნაბეჭდი სახელმძღვანელო გაიტანოს ბიბლიოთეკიდან. ასევე მისთვისაც იქნება გამოყოფილი კვოტა  ელექტრონული წიგნებით. ვგეგმავთ ამ ახალი პროექტის ფარგლებში იყოს დამატებითი საგანმანათლებლო – სახალისო რესურსები ჯერ დაწყებით კლასებში, რომელიც ბუკებზე იქნება მორგებული და  მას უფრო აქტუალურს გახდის. ყველა მოსწავლეს აქვს ბუკი. ოჯახებშიც აქვთ კომპიუტერები და დიდ ეკრანზეც შუძლიათ იხილონ ელექტრონული წიგნები. ამით ბუკების მნიშვნელობაც გაიზრდება.

სკოლებში ელექტრონული ჟურნალის დანერგვა იწყება – ყველა დეტალი სიახლის შესახებ

შესაძლოა, მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება აღარ დასჭირდეთ

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური