GE

რა ოდენობით სამეცნიერო გრანტის მიღების უფლება ენიჭებათ ახალგაზრდა მეცნიერებს და როგორი იქნება კრიტერიუმები

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. დადგენილება განსაზღვრავს სამეცნიერო მიმართულებებს, რომლებსაც ბიუჯეტი გრანტის სახით დააფინანსებს. ცვლილებების თანახმად, გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ერთ ახალგაზრდა მეცნიერს სახელმწიფოსგან წელიწადში 40 000 ლარის მიღება შეეძლება. 

დოკუმენტს „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

განხორციელებული ცვლილებების შედეგად დადგენილების მეორე  პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი მოიცავს ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council − ERC) კლასიფიკაციით დადგენილ შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს:

ა) ზუსტი მეცნიერებები და ინჟინერია: ა.ა) მათემატიკა; ა.ბ) მატერიის ფუნდამენტური აგებულების ფიზიკა; ა.გ) კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა; ა.დ) ფიზიკური და ანალიზური ქიმია; ა.ე) სინთეზური და ორგანული ქიმია; ა.ვ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები; ა.ზ) სისტემური და კომუნიკაციური ინჟინერია; ა.თ) წარმოებისა და პროცესების ინჟინერია; ა.ი) სამყაროს შემსწავლელი მეცნიერებები; ა.კ) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები; ა.ლ) მასალათა ინჟინერია;

ბ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები: ბ.ა) მოლეკულური ბიოლოგია, ბიოქიმია, ბიოფიზიკა, სტრუქტურული ბიოლოგია; ბ.ბ) გენეტიკა, ეპიგენეტიკა, გენომიკა, სხვა ომიკები და ბიოინფორმატიკა; ბ.გ) უჯრედული, განვითარებისა და რეგენერაციული ბიოლოგია; ბ.დ) ჯანმრთელობის, ავადმყოფობისა და დაბერების ფიზიოლოგია; ბ.ე) ნეირომეცნიერება და ნერვული სისტემის დარღვევები; ბ.ვ) იმუნიტეტი, ინფექცია და იმუნოთერაპია; ბ.ზ) ადამიანის დაავადებების პრევენცია, დიაგნოზი და მკურნალობა; ბ.თ) გარემოს ბიოლოგია, ეკოლოგია, ევოლუცია, ბიომრავალფეროვნება; ბ.ი) ბიოტექნოლოგია და ბიოლოგიური სისტემების ინჟინერია;

გ) სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები: გ.ა) ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი; გ.ბ) პოლიტიკური მეცნიერებები, მმართველობა და სამართალი; გ.გ) სოციოლოგია, ანთროპოლოგია, განათლების მეცნიერებები, კომუნიკაცია; გ.დ) ფსიქოლოგია, ლინგვისტიკა, ფილოსოფია; გ.ე) ლიტერატურის, კულტურისა და ხელოვნების კვლევები; გ.ვ) არქეოლოგია და ისტორია; გ.ზ) საზოგადოებრივი გეოგრაფია, დემოგრაფია, ტერიტორიული დაგეგმვა;

დ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები: დ.ა) ქართული ენა, აფხაზური ენა და საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნება; დ.ბ) ქართული ლიტერატურა, ხელოვნება და კულტურა; დ.გ) საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია და ეროვნული იდენტობა; დ.დ) საქართველოს გეოგრაფია და დემოგრაფია; დ.ე) ქართული მმართველობის სისტემები და საერთაშორისო ურთიერთობები.

საგრანტო დაფინანსება შეიძლება, მოთხოვნილი იყოს შემდეგი სქემით:

ა) ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის: 2-წლიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარისა; 3-წლიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარისა;

ბ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის: 2-წლიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარისა; 3-წლიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარისა.

3.პროექტის წლიური ბიუჯეტი, ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარს;

ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის – 60 000 (სამოცი ათასი) ლარს; გ) პროექტი შეიძლება, ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას თანადამფინანსებლის მხრიდან.“;

დოკუმენტში ასევე საუბარია, პროექტი ბიუჯეტში შემავალი პერსონალის დაფინანსების მოცულობის შესახებ.

„პროექტის ბიუჯეტში ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40000 ლარს წელიწადში. პროექტში ერთი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში, ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 ლარს, ხოლო ორი ან მეტი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში − 50 000 ლარს. პროექტში ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში, პროექტის ბიუჯეტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა მეცნიერის საგრანტო დაფინანსებას თითოეულ საანგარიშო პერიოდში და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 9000 ლარს წელიწადში თითოეული ახალგაზრდა მეცნიერისათვის“, – ვკითხულობთ დადგენილებაში.

სამეცნიერო ფონდი ასევე უფლებამოსილი იქნება საგრანტო ხარჯთაღრიცხვაში გარკვეული ცვლილებები განახორციელოს.

„ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია მიმდინარე წლისათვის პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობის 20%-ის ფარგლებში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები

1. საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმებია:

2. შეფასება ხორციელდება 4 კრიტერიუმით, საიდანაც პირველი კრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 20 ქულით, მეორე კრიტერიუმი – მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 15 ქულით, მესამე კრიტერიუმი მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 ქულით, ხოლო მეოთხე კრიტერიუმი – მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით. ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 50 ქულას.

3. თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით. ქვეკრიტერიუმის ქულები შეფასდება და განიმარტება შემდეგნაირად:

4. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 36 ან მეტი ქულა.

5. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე, მესამე და მეოთხე კრიტერიუმში. აღნიშნულ ოთხივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პროექტში ახალგაზრდა მეცნიერის ჩართულობას, ხოლო ამ კრიტერიუმითაც თანაბარი ქულების მქონე პროექტების შემთხვევაში კი – ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.

2-მილიონამდე ღირებულების დაუსაბუთებელი პროექტები და 20-ათასიანი სამივლინებო ხარჯი – აუდიტმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის 2017-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური