რა პრინციპით დაუფინანსდება მასწავლებელს დისტანციური გაკვეთილები და რა შემთხვევაში არ მიიღებს დამატებით თანხას
4 ოქტომბერს, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2021-2022 სასწავლო წელი დასწრებით რეჟიმში განახლდა. მშობლებს შეუნარჩუნდათ უფლება, რომ სურვილის შემთხვევაში, დისტანციური სწავლა აირჩიონ და როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, 4 ოქტომბრისთვის დისტანციური სწავლება 24 000-მდე მოსწავლემ მოითხოვა.
ასეთი მოსწავლეებისთვის დამატებით ჩასატარებელი გაკვეთილების დაგეგმვას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითებების შესაბამისად, სკოლა დაარეგულირებს და დამატებით დისტანციურ გაკვეთილებში ჩართულ მასწავლებლებს სამინისტროს მიერ შემუშავებული ქვეპროგრამის დაფინანსებიდან შრომასაც აუნაზღაურებს, რისთვისაც საჯარო სკოლებს დადგენილი წესით და ოდენობით, ყოველთვიურად გამოეყოფა დაფინანსება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაადგინა, რომ კონკრეტულ საგანში დისტანციური სწავლების განხორციელების უფლება აქვთ, როგორც კონკრეტული კლასის საგნის/საგნების მასწავლებელს, ასევე, იმავე სკოლის შესაბამისი საგნის სხვა მასწავლებელს.
„მასწავლებლის მიერ დამატებითი დისტანციური სწავლების ფარგლებში/ონლაინ ჯგუფებში ჩატარებული გაკვეთილებისთვის, მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე მიეცემა დანამატი ყოველ ჩატარებულ დისტანციურ გაკვეთილზე კვირაში 7 (შვიდი) ლარის ოდენობით. აღნიშნული დანამატი არ გულისხმობს ძირითადი საათების გაზრდას და შესაბამისად, ძირითადი ხელფასის და სტატუსის დანამატის დაანგარიშებაზე გავლენას არ მოახდენს“, – განმარტებულია განათლების სამინისტროს მიერ სკოლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.
განისაზღვრა, რომ შერეული ფორმატით სწავლების პროცესში, სკოლები იხელმძღვანელებენ როგორც ძირითადი, ასევე დისტანციური სწავლების საგაკვეთილო ცხრილით.
მაგრამ არის გარემოება, როცა მასწავლებელს ზემოაღნიშნული დამატებითი დაფინანსების ქვეპროგრამით განსაზღვრულ ხელფასი არ მიეცემა.
როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, თუ სკოლის რომელიმე კლასის მოსწავლეები სრულად გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, სკოლა ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ცვლილება სისტემაში ასახულ სასკოლო საათობრივ ბადეში, რა დროსაც ანაზღაურება გაიცემა ძირითადი საათობრივი ბადის შესაბამისად, პროგრამული დანამატის გარეშე.
ასევე არსებობს გარემოება, რომლის დადგომის შემთხვევაში, სკოლა თავად იქნება ვალდებული სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსების ნაცვლად, თავად აანაზღაუროს მასწავლებლის დამატებითი შრომა.
კერძოდ, როგორც მიხეილ ჩხენკელის უწყება განმარტავს, სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისათვის აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შესაბამისი თვის 25 რიცხვის მდგომარეობით სისტემაში ასახული ინფორმაცია (ონლაინ ჯგუფისა და სასკოლო საათობრივი ბადის შექმნისა და მოსწავლეების აღნიშნულ ჯგუფში გადანაწილების მომენტიდან) და იმ შეთხვევაში თუ სკოლა ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულ პერიოდში ინფორმაციის სწორად და დროულად ასახვას და მიღებულ დამატებით დაფინანსების ოდენობაში წარმოიქმნება დანაკლისი, სკოლა ვალდებულია თავისი ბიუჯეტის ფარგლებში უზრუნველყოს მასწავლებლის მიერ დამატებითი დისტანციური სწავლების ფარგლებში/ონლაინ ჯგუფებში ჩატარებული გაკვეთილებისთვის, მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე დანამატის გაცემა.
ხოლო თუ მიღებულ დამატებით დაფინანსების ოდენობაში წარმოიქმნება ზედმეტობა საჯარო სკოლა ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე შესაბამისი ან/და მომდევნო თვის განმავლობაში დააბრუნოს ამ წესით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი აუთვისებელი თანხა.
ასევე იხილეთ:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება