რა პრობლემები აქვთ რეგიონის სკოლებს, სადაც სწავლა ტრადიციულ რეჟიმში გრძელდება
ქვეყნის რეგიონებში მდებარე სასწავლო დაწესებულებებში სწავლება დასწრებული ფორმატით მიმდინარეობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მსგავსი წერტილოვანი მიდგომები გაგრძელდება და პატარა ქალაქებსა და სოფლებში სკოლების სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად და კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რეგიონების სკოლებს გათბობის და წყალმომარაგების საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა უხდებათ. შესაბამისი შესყიდვების განხორციელების მოთხოვნით ისინი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართავენ.
მაგალითად, იმ შემთხვევში, თუ ცაგერის საჯარო სკოლა უახლოეს მომავალში 20 ტონა ქვანახშირს არ შეისყიდის, სკოლაში შესაძლებელია სასწავლო პროცესი ვეღარ გაგრძელდეს, რადგან გათბობის სისტემას ვერ ჩართავენ. სკოლაში ამ ეტაპზე 162 მოსწავლე ირიცხება.
შესყიდვების სააგენტოსადმი გაგზავნილ წერილში სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა რიცხვის შემცირების გამო, ვაუჩერული დაფინანსება და ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩარიცხული დაფინანსება გათბობის სისტემის ასამუშავებლად განკუთვნილი ქვანახშირის შესაძენად საკმარისი არ არის. სკოლა ამ ეტაპისთვის 5 000 ლარის სწრაფი შესყიდვის განხორციელებას ითხოვს.
„სკოლაში შეფერხდება სასწავლო პროცესი, რაც დააზარალებს მოსწავლეებს. ვინაიდან ელექტრონული ტენდერი მოითხოვს შესაბამის პროცედურებს, რაც გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული, ამიტომ პირველი ეტაპისათვის (25 დღისთვის) საჭირო საწვავი (20 ტონა) აუცილებელია შემოტანილი იქნას უმოკლეს დროში. დანარჩენზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი”, – აღნიშნულია სკოლის განაცხადში.
გათბობის პრობლემის წინაშე დგას სსიპ ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის №1 საჯარო სკოლაც, სადაც 108 მოსწავლე ირიცხება. სკოლაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ჭაბურღილი მოეწყო რაზეც 4 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა, თუმცა მისი დასრულებას დამატებითი სამუშაოები და ფინანსები სჭირდება.
„სამწუხაროდ, შემდგომში ჭაბურღილის წყლის დებეტის კვლევამ აჩვენა, რომ წყლის მარაგი არ არის საკმარისი სკოლის წყალმომარაგების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ამ რთულ პერიოდში, როცა ქვეყანა ებრძვის პანდემიას, ჩვენი სკოლა კვლავ დადგა ურთულესი გამოწვევის წინაშე. პანდემიის პირობებში COVID-19-სგან დაცვის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი ეფექტური განხორციელება, მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა წყალმომარაგების სისტემის არარსებობის პირობებში იქნება რთული და არასრულფასოვანი. მით უმეტეს, რომ ახლოვდება ზამთრის სეზონი და სკოლის გათბობა კი ხორციელდება ცენტრალიზებული სისტემით და სრულად დამოკიდებულია წყალმომარაგების სისტემაზე. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ კვლავ გამოთქვა მზადყოფნა გაუწიოს დახმარება სკოლას და სკოლაში არსებული ჭაბურღილის დამატებითი სამუშაოების დასაფინანსებლად გამოგვიყოს თანხა 3000 (სამიათასი ლარი) ლარის ოდენობით. თავის მხრივ, სკოლა მზად არის გაწიოს თანადაფინანსება 734 (შვიდას ოცდათოთხმეტი ლარი) ლარის ოდენობით“, – ნათქვამია სკოლის განაცხადში, სადაც ისინი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას დაჩქარებული წესით ითხოვენ.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება