„აზრზე არ არიან რას აკეთებენ“ – დეპუტატი სკოლებისა და ბაღების ავტორიზაციაზე და კომიტეტის თავმჯდომარის პასუხი
„მაინტერესებს, ეს რეფორმა რამდენ ადამიანს ეხება, რა მასშტაბის პრობლემას ვეჯახებით? რამდენ ბავშვს ეხება ბაღების ავტორიზაციის საკითხი საჯარო ბაღებში? კერძოში?“ – ასეთი კითხვა არაერთი ფორმულირებით დასვა 17 ივნისს პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრმა, პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, სადაც კანონმდებლებმა საბავშვო ბაღებისა და სკოლების ავტორიზაციის შესახებ პრეზენტაციები მოისმინეს.
მრავალი მცდელობის მიუხედავად, დეპუტატმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილისგან, თამარ მახარაშვილისგან, რომელიც აღნიშნული პრეზენტაციის წარმდგენი იყო განათლების ხარისხის ცენტრთან ერთად, პასუხი ვერ მიიღო, რის გამოც პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ავტორიზაციის ახალი სტანდარტი ესხება როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღებს. „გირჩის“ წარმომადგენლის გაღიზიანება განსაკუთრებით კერძო საბავშვო ბაღების ავტორიზაციის თემამ გამოიწვია. მისი აზრით, სახელმწიფოს კერძო სექტორის კონტროლი აქვს გადაწყვეტილი.
„როცა ამხელა რეფორმას იწყებ, ხომ უნდა იცოდე, რამდენ ადამიანს ეხება? ამხელა რეგულაციები რომ დააწესეს ბაღებისთვის, რომელიც ადრე იყო თავისუფალი საქმიანობა, ხომ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, ვიცოდეთ, რამდენ ბავშვს ეხება ეს ამბავი? შეგეძლო, როგორც გინდოდა, ისე დაგემენეჯმენტებინა საკუთარი ბაღი. ახლა კი… უპასუხისმგებლოები, აზრზე არ არიან რას აკეთებენ, გიჟები არიან! კერძო სკოლებმა რაღაც ალტერნატივები მოიფიქრეს, მეტ თავისუფლებას მიაგნეს, პროგრამები გააკეთეს ისეთი, რომელსაც ჩვენი სამინისტრო არ ამოწმებს და ა.შ. ჩემი აზრით, კერძო ბაღებში პრობლემა არ გვაქვს. ეს არის არჩევანი და როგორი ბაღიც გინდა, არკვევ და იქ მიგყავს ბავშვი. გვინდა, ესეც გავაფუჭოთ. ჩემი აზრით მხოლოდ ეს ხდება ამ ავტორიზაციით. დანარჩანი სიგიჟეა, რადგან არც კი იციან, რას აკეთებენ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ვახტანგ მეგრელიშვილმა.
რაც შეეხება სკოლების ავტორიზაციის თემას, ოპოზიციონერ დეპუტატს, ეს ამბავი, ზოგადი განათლების სისტემის უბედურების საწყისად მიაჩნია, რადგან, მისი აზრით, ამ ყველაფრით იქმნება სისტემა, სადაც ყველა ბავშვმა ერთი და იგივე უნდა გააკეთოს, არადა, ბავშები არ არიან ერთნაირები და ყველაზე მნიშვნელოვანი, მათი განვითარებისთვის, მრავალფეროვნებაა.
„სკოლების ავტორიზაცია ჩვენი სკოლების უბედურების საწყისია. ჩვენ თვითონ ვიქმნით პრობლემას, რადგან გვგონია, რომ თბილისდან შეიძლება 2300 სკოლის მართვა. წარმოგიდგენიათ, ერთნაირი უნდა იყოს 2300 სკოლა! ეს გიჟური იდეა რომ გვაქვს და ბავშებს ძალით დავათრევთ ასეთ სკოლაში, ეს არის ჩვენი მთავარი უბედურება. ბავშებს ვაწამებთ და არ გვესმის, რომ ვაწამებთ. ფაშისტები ხომ აწამებდნენ ადამიანებს და ეს ყველამ იცოდა, არ მალავდნენ ამას. ჩვენ კი ვაწამებთ საკუთარ შვილებს, ვითომ ყველაზე ძალიან რომ გვიყვარს, იმათ და ამას ვერც ვხვდებით. ზოგადი განათლება თქვენთვის ერთია, თქვენი შვილისთვის – სხვა და ჩემი შვილისთვის – საერთოდ სხვა რამე. მე და თქვენ სხვადასხვანაირად ვუყურებთ სხვადასხვა საკითხებს და თქვენ უნდა გქონდეთ უფლება, რომ როგორც თქვენ უყუბეთ თქვენი შვილის განათლების საკითხს, ის გადაწყვეტილებები მიიღოთ და თქვენი სინდისი იყოს მართალი“, – ამბობს მეგრელიშვილი.
საპასუხო პოზიციას აფიქსირებს ჩვენთან საუბარში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი, რომელიც მეგრელიშვილის ინტერპრეტაციას არასწორს უწოდებს და ამბობს, რომ კერძო ბაღების ცხოვრებაში სახელმწიფო არ ჩაერევა.
„ეს რეფორმა პირიქით, იქეთ არის მიმართული, რომ როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებში, განათლების ხარისხი, აღზრდის, მოვლის, კვების ჰიგიენის, ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების სტანდარტები მოწესრიგდეს. ავტორიზაცია მხოლოდ და მხოლოდ მხარდამჭერი პროცესია და არამც და არამც დაკნინება, უფლებების დარღვევა, დახურვა თუ შეჭრა სადმე. ეს აბსურდი და არასწორი ინტერპრეტაციაა. ჩვენი პოლიტიკა არის არამხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო ბაღების და კერძო სექტორის მხარდაჭერა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს გიორგი ამილახვარმა.
რაც შეეხება სკოლებს, ამილახვარი ამბობს, რომ ახალი სტანდარტებით, მათ ექნებათ ინდივიდუალიზმის უსაზღვრო არეალი:
„სასწავლო გეგმა, ცხადია, ყველასთვის ერთია, მაგრამ მაგალითად, კერძო სკოლებს აქვთ უფლება, გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან რომელიც უნდათ, ის აირჩიონ, სასწავლო გეგმაც ითვალისწინებს 25 თუ 30%-იან თავისუფლებას საგნებში. რას ჰქვია, ყველა სკოლა ერთნაირი იქნება? მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი, რა თქმა უნდა, უნდა აკმაყოფილებდეს ყველა. სხვა შემთხვევაში, მათ აქვთ სრული თავისუფლება, რომ თავისი ინდუვიდუალიზმი დააშენონ“.
გაარკვევენ თუ არა რეფორმის განმახორციელებლები მართლაც რამდენ ბავშვს ეხება მათ მიერ დაწყებული უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, უცნობია.
ასევე იხილეთ:
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- რა წერია განათლებაზე კანონში, რომელიც 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა და პედაგოგიური წრეების კრიტიკას იწვევს by ARIS.GE-განათლება
- სტუდენტებისა და თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვის თეატრალური უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა by ARIS.GE-განათლება