რა პრობლემები რჩება სასკოლო სახელმძღვანელოების დამტკიცების პროცესში და რას არ აკეთებს სამინისტრო
„სასკოლო სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესის არსისკენ მიმართული გამოწვევები კვლავ პრობლემური რჩება“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის სქელტანიან ანგარიშში, რომელიც 31 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა და სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა და მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა.
ანგარიშში ომბუდსმენი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ხანგრძლივი პროცესის შემადგენელ სხვადასხვა გარემოებასა და მის გაუმართაობაზეც საუბრობს. მათ შორისაა სახელმძღვანელოს დამტკიცების პროცესში მოსწავლეთა მშობლების ჩართულობა, სააპელაციო კომისიის დაკომპლექტების პრაქტიკა და სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსი, რომელზეც EDU.ARIS.GE კიდევ ერთ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.
ომბუდსმენი წერს, რომ 2021 წლიდან, შინაარსობრივი რეცენზირებისათვის წარმოდგენილი მაკეტების საჯარო განხილვის სისტემა დაინერგა, რომლის მიხედვითაც, განსაზღვრულ პერიოდში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მასალის ანონიმური ეგზემპლარის, მათ შორის, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ საკუთარი მოსაზრების გამოთქმა. რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფი ვალდებულია გაეცნოს ამ მოსაზრებებს.
სახალხო დამცველი კი მიიჩნევს, რომ ეს მოდელი საქართველოში გენდერული, თუ სხვა სახის სტერეოტიპების გავრცელების სიღრმისა და რეცენზენტებს შორის ამ საკითხებზე დაბალი მგრძნობელობის გათვალისწინებით, პოტენციურად ხელს შეუშლის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ხორცშესხმას ზოგადი განათლების სისტემაში. ამდენად, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ომბუდსმენის თქმით, მიზანშეწონილია, საგნობრივ ჯგუფებში მშობელთა ჩართვის მოდელის დანერგვა.
როგორც ნინო ლომჯარიას ანგარიშში წერია, სამინისტროს განმარტებით, საქართველოში ეს მოდელი უკვე იყო დანერგილი, თუმცა მშობლებს პროცესის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუმჟღავნებიათ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მშობელთა ინტერესის ნაკლებობა ზემოხსენებული ცვლილების არგუმენტად ვერ მიიჩნევა, რადგან არსებული მექანიზმი წარმოშობს უფლებრივ რისკებს.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში შინაარსობრივი რეცენზირების პროცესში კვლავ პრობლემური იყო სააპელაციო კომისიის დაკომპლექტების პრაქტიკა, რომელიც, მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, განმცხადებელთა საჩივრების განსახილველად იქმნება. საჩივრის განხილვის ფარგლებში, იგი უფლებამოსილია გასაჩივრებული კრიტერიუმის ჭრილში გასცეს ახალი რეკომენდაცია, შეცვალოს რეცენზენტთა მიერ გაცემულ რეკომენდაციათა შინაარსი, ან უცვლელად დატოვოს ისინი.
„მართალია, სააპელაციო კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩო მისი დასკვნების დასაბუთების ვალდებულებას ითვალისწინებს, თუმცა მისი წევრები მხოლოდ სამინისტროს სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი პირები და სკოლის დირექტორები იყვნენ.
„კომისიას არ მოუწვევია დამოუკიდებელი სპეციალისტი, ან შემფასებელი რეცენზენტი. საგულისხმოა, რომ, საპირისპირო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც კი, არცერთ ხსენებულ პირს არ აქვს გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება და მათი მოსაზრებები კომისიისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი არ არის. შესაბამისად, სააპელაციო კომისიის მიერ, განხილული საგნისა თუ თემატიკის შესაბამისად ადამიანის უფლებათა ექსპერტის სავალდებულო მოწვევა, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით, ეფექტიანი მექანიზმი იქნებოდა მაკეტის შინაარსის ძირითად უფლებებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი წერს, რომ გამოწვევაა ადამიანის უფლებათა შესახებ ტრენინგებზე რეცენზენტების ნაკლები ხელმისაწვდომობა და საანგარიშო პერიოდში რეცენზენტებს ადამიანის უფლებათა საკითხებზე მხოლოდ ერთი, არასავალდებულო ტრენინგი ჩაუტარდათ. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სამინისტროს სავალდებულო პროგრამების შემუშავებისა და რეცენზენტთათვის ტრენინგების ჩატარების რეკომენდაციით მიმართა. უწყებამ, პასუხად, არა ამგვარი ტრენინგ-პროგრამების სავალდებულოდ დანერგვის, არამედ სხვა ორგანიზაციების მიერ რეცენზენტთათვის მათი ჩატარების ხელშეწყობის მზაობაზე მიუთითა. „ამდენად, ნათელია, რომ 2020 წლის მსგავსად, არც საანგარიშო პერიოდში ჰქონია სამინისტროს სისტემური მიდგომა უფლებრივ საკითხებზე რეცენზენტთა ცოდნის ამაღლების კუთხით. ეს განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის ყველა წევრი, არსებით მონაწილეობას იღებს მოსწავლეთათვის განკუთვნილი სავალდებულო სასწავლო შინაარსის ფორმირებისა და მისთვის ადამიანის ძირითადი უფლებების გამავრცელებელი/წამახალისებელი ღირებულებების გადაცემის პროცესში“, – წერია დოკუმენტში.
სახალხო დამცველი განათლების მინისტრისგან ითხოვს, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისას, ვალდებულებად განისაზღვროს ადამიანის უფლებათა ექსპერტის მოწვევა, გადაწყვეტილების მიღების უფლებით.
ასევე ომბუდსმენის რეკომენდაციაა, რომ შეიცვალოს მაკეტის საჯარო განხილვის არსებული მოდელი, საზოგადოებრივი საწყისის უზრუნველსაყოფად პროცესში მოსწავლეთა მშობლების ჩართვის გზით.
ასევე იხილეთ:
განათლების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების არსებითი ნაკლოვანება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება