GE

რა პროცედურის გავლა სჭირდებათ ატესტატის მისაღებად გასულ წლებში ჩაჭრილებს და მოსწავლის სტატუსის არმქონე პირებს

გასულ წლებში CAT-ის საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი ახალგაზრდები, რომელთაც საშუალო საფეხური დაძლეული აქვთ (მიიღეს დამაკმაყოფილებელი ნიშნები მე-11 და მე-12 კლასის ბოლოს) ატესტატების აღებას იუსტიციის სახლებში და სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ფილიალებში შეძლებენ. როგორც EDU.ARIS.GE-ს განუმარტეს, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს დაამტკიცებს. ატესტატის არმქონე პირმა უნდა მიაკითხოს უშუალოდ ზემოხსენებულ დაწესებულებებს.

ატესტატის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც ეროვნული სასწავლო გეგმა დაძლეულად ეთვლებათ, ანუ ყველა საგანში შეფასების სახით მიღებული აქვთ 5, ან მეტი ქულა. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც საკმარისი ქულები არ აქვთ, კომპეტენციის დადასტურება ექსტერნის გამოცდით, ან მოსწავლის სტატუსის აღდგენის შემდეგ შეეძლებათ. საინტერესოა ისიც, რომ თუ ადამიანმა სკოლაში 12 წელი ისწავლა, საშუალო საფეხური ვერ დაძლია და ატესტატის მიღების მიზნით, მოსწავლის სტატუსი უნდა აღიდგინოს, ამ შემთხვევაში, სკოლაში სწავლის დაფინანსება პირადი ხარჯებიდან მოუწევს. ჩვეულებრივ შემთხვევაში მოსწავლის განათლებას სკოლაში სახელმწიფო ვაუჩერული პრინციპით აფინანსებს.

„ვისაც არ აქვს დაძლეული საშუალო საფეხური, მათთვის ორი გზა არსებობს, ერთი რომ ექსტერნად ჩააბაროს და ამ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. ან შეუძლია, რომ მოსწავლის სტატუსი აღიდგინოს. თუ პირს 12 წელი სკოლაში უკვე ნასწავლი აქვს, თვითონ უნდა დააფინანსოს თავის თავი. სახელმწიფო აფინანსებს მოსწავლეს 12 წლის განმავლობაში და თუკი ამ მანძილზე მან ვერ დაძლია საშუალო საფეხური, მერე ან თვითმმართველობას მიმართავს რომ დაუფინანსოს სწავლა, ან თავად უნდა გადაიხადოს. რაც შეეხება საფასურს, ამას ვერ გეტყვით, სამინისტრო აკეთებს კალკულაციას კონკრეტული სკოლების შესაბამისად, თუ რა ვაუჩერულ დაფინანსებას იღებს კონკრეტული სკოლა. სხვდასხვა საფეხურზეც სხვადასხვანაირი დაფინანსებაა“, – ამბობს  ერთ-ერთი სკოლის დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი ია კვატაია  EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

სტატუსის აღდგენისას, მოსწავლე იმავე სკოლას მიმართავს, სადაც სწავლობდა.

რაც შეეხება ატესტატებს, თუ საშუალო საფეხური დაძლეული აქვს, გამოცდებში ჩაჭრილ პირს შეუძლია სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლს მიმართოს, მას სკოლაში რაიმე დამდასტურებელი ცნობის აღება არ დასჭირდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის აღების ახალი პრინციპის შესახებ განცხადება თებერვლის დასწყისში გაავრცელა და პროცედურებიც განმარტა:

  • იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა.
  • მოსწავლეები, რომლებიც ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.
  • კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

მათივე ინფორმაციით, ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც.

2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები (ე. წ. CAT-ის) გამოცდების მოხსნის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა დაახლოებით ერთი თვის წინ გააკეთა. საკანონმდებლო ორგანოში კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა ამ ცვლილებების ოფიციალურად დასადასტურებლად. „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს უკვე მხარი დაუჭირეს განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში. მოგვიანებით კანონპროექტი პლენარულ სესიაზე, კენჭისყრაზე გავა და საკმარისი ხმების მიღების შემთხვევაში ძალაში შევა.

ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური