GE

რა რეკომენდაციები აქვს განათლების სამინისტროსთვის პარლამენტს – აგრარულ საკითხთა კომიტეტის მოკვლევის პრობლემატური შედეგები

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოკვლევის – „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით“ პრეზენტაცია ივნისის ბოლოს გამართა. კვლევის ანგარიში, რომელიც საქართველოში აგრარულ და გარემოსდაცვით საკითხებში დეფიციტური პროფესიების გამოვლენასა და ამის გამომწვევი მიზეზების დადგენას ისახავდა მიზნად, EDU.ARIS.GE-მ კომიტეტისგან მიიღო და მის რეკომენდაციებსაც გაეცნო.

თემატური მოკვლევის ფარგლებში პასუხისმგებელი უწყებებისთვის გაიცა 16 რეკომენდაცია, რომელიც 3 მიმართულებით დაიყო: სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ახალი პროგრამების ინიცირება, დეფიციტური პროფესიების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროში დასაქმების ხელშეწყობა.

„ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა“ – რატომ იწყებს თემატურ მოკვლევას პარლამენტის სამი კომიტეტი

მოკვლევის თანახმად, დეფიციტურად დასახელებულ სპეციალობათა უმეტესობის შესაბამისი პროგრამები არსებობს, თუმცა პრობლემატურია ის ფაქტი, რომ არსებულ საბაკალავრო პროგრამებს ზოგადი ფოკუსი აქვთ და ნაკლებად ხდება მათი ვიწრო სპეციალიზაცია. კომიტეტის კვლევის ანალიზით მთავარი გამოწვევა მატერიალურ-ტექნიკური ბაზების სიმცირე, პრაქტიკის დაბალი შესაძლებლობა, ქართულ ენაზე არსებული რესურსების სიმწირე და კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობაა.

„ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით პროფესიული განათლების სისტემაში არსებობს 9 პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი, 13 კვალიფიკაცია და 20 სადიპლომო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, თუმცა შრომის ბაზრის არსებული საჭიროებისა და დარგების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკმარისი არ არის“, – ვკითხულობთ აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ მოკვლევაში.

კვლევის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებები აცხადებენ, რომ ისინი მუდმივ რეჟიმში ზრუნავენ აღნიშნულის გასაუმჯობესებლად, თუმცა ხშირად შედეგს ვერ აღწევენ, მაგალითად ვერცერთი არსებული პროგრამით, აგროინჟინრისა და სურსათის უვნებლობის და რისკის შეფასების სპეციალისტის მომზადება ვერ ხერხდება. აგრარული კომიტეტის რჩევით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სამუშაო ძალაზე მოთხოვნის კვლევის საფუძველზე, აგრარული და გარემოს დაცვის მიმართულებით, ახალი სასწავლო კურსების შემუშავება/დანერგვა უნდა უზრუნველყოს (განსაკუთრებული აქცენტით ვიწრო სპეციალობებზე).

აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ მოკვლევაში, აღსანიშნავია, 2013 წელს მიღებული სახელმწიფო დადგენილების (რომლის მიხედვითაც აგრარულ და გარემოსდაცვით მიმართულებებზე საბაკალავრო სწავლებას სახელმწიფო აფინანსებს, მიზანი კი ახალგაზრდების მეტად დაინტერესებაა, ავტ.) ეფექტურობაზე გაკეთებული დასკვნა. კომიტეტის ინფორმაციით, დაფინანსებულ და არადაფინანსებულ პროგრამებზე ჩარიცხვების შედარება არაერთგვაროვან სურათს ხატავს:

„მაგალითად, ეკოლოგიაზე, გამოყენებით ბიომეცნიერებებსა და გეოგრაფიაზე ჩარიცხვების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია არადაფინანსებულ პროგრამებზე, ვიდრე დაფინანსებულებზე. საპირისპირო ვითარებაა აგრონომიის, გეოლოგიისა და სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამებზე“.

ანგარიშის მიხედვით, პოპულარიზაციის მიზნით დაფინანსებულ პროგრამებზე არ შეინიშნება ჩარიცხვებისა და კურსის დასრულების საგრძნობლად უკეთესი მაჩვენებელი, რაც აჩვენებს რომ სპეციალობის არჩევისას დაფინანსებას, აგრარულ და გარემოსდაცვით ფაკულტეტებზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და მისი არჩევის შემთხვევაშიც კი ვერ უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ სწავლის ბოლომდე მიყვანას. აქედან გამომდინარე, კომიტეტის წინადადებით, საჭიროა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით) ეფექტიანობის ანგარიშის მომზადება, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს. ასევე, ამ ანგარიშის შედეგებითა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დამატებით უნდა შესრულდეს შემდეგი აქტივობები:

  • სახელმწიფოს მიერ უმაღლესი განათლების დაფინანსების ეფექტიანი მოდელის შემუშავება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისათვის საჭირო დაფინანსების წილის გაზრდა;
  • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კადრების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

მოკვლევის ფარგლებში, რამდენიმე კვლევითმა ინსტიტუტმა მათ დარგში სასწავლო პრაქტიკის კრიტიკულ მნიშვნელობაზე, როგორც ხარისხიანი განათლებისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება. მათი თქმით, სასწავლო-საველე პრაქტიკის უმეტესობა არადამაკმაყოფილებელი და მოკლევადიანია. კვლევაში აღნიშნულია, რომ არსებული შრომითი რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა კვლავაც საჭიროებს გაუმჯობესებას. აგრარულ საკითხთა კომიტეტის რეკომენდაციით, გარკვეული სამუშაოების ავტომატიზების პროცესი, გარკვეული პროფესიების „გაქრობას“, ან მათი ფუნქცია-მოვალეობების შეცვლას გამოიწვევს, რასაც განათლების სისტემამ თვალი უნდა ადევნოს, რათა შესაბამისად შეცვალოს სწავლების მიდგომები.

რაც შეეხება სკოლებსა და უნივერსიტეტებში, კარიერის დაგეგმვის განხრით არსებულ მდგომარეობას, კომიტეტის მიერ ჩატარებულ მოკვლევაში ვკითხულობთ – „საშუალო სკოლების უმეტესობაში კარიერის დაგეგმვა არ არსებობს ცალკე საგნის სახით და შემოიფარგლება ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ შრომის ბაზრისა და პროფესიის არჩევის შესახებ ზოგადი პრეზენტაციებით. საშუალო სკოლებში არ არსებობს ცალკე პროფესიონალი კადრი, რომელიც აღნიშნულ სერვისს მიაწვდიდა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც წესი, მუშაობენ პროფესიული ორიენტაციის სპეციალისტები. თუმცა, მათი რაოდენობა არ არის საკმარისი – ერთი სპეციალისტი ვერ მოახერხებს კოლეჯის ყველა პროფესიულ სტუდენტს გაუწიოს ხარისხიანი მომსახურება. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, აქ კარიერის დაგეგმვის სერვისი ინტეგრირებულია უნივერსიტეტების ელექტრონული მართვის სისტემაში. ზოგიერთ უნივერსიტეტში არსებობენ კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის კონსულტანტები, რომლებიც სტუდენტებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს სთავაზობენ“.

ამიტომ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წინადადებით, საჭიროა პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის სკოლებში ინტეგრირების უზრუნველყოფა.

კვლევის თანახმად, მსგავს გამოწვევებს კარგად უდგება დუალური სწავლების (შეგირდობის ინსტიტუტის) მოდელი, რა შემთხვევაშიც სწავლება სრულად პარტნიორი კომპანიის ბაზაზე მიმდინარეობს და თავის თავში მოიცავს პრაქტიკასაც, თუმცა საქართველოში მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ჩართული იყო მხოლოდ 8 პროფესიული სასწავლებელი და 290-მდე სტუდენტი, რომლებიც 35-მდე აგრობიზნესში/ფერმერულ მეურნეობაში გადიან სამუშაოზე დაფუძნებულ (დუალურ) სწავლებას. არსებული კვლევები მიუთითებს, რომ მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესისთვის დუალურ პროგრამაში ჩართულობა არამიმზიდველია. რადგან აგროსფეროში მსხვილი საწარმოები მცირეა, შესაბამისად, რთულდება სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში მეტი საწარმოს და შესაბამისად, მეტი სტუდენტის ჩართვა“, – აღნიშნულია პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მოკვლევის ანგარიშში.

კომიტეტის მითითებით, საჭიროა დუალური პროგრამების განმახორციელებელი კომპანიების/საწარმოებისთვის სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში პრიორიტეტის მინიჭება, რათა მოხდეს ამ პრაქტიკის წახალისება.

ანგარიშის მიხედვით, დეფიციტურ დარგებში სტუდენტთა დასაქმების მხრივ ვითარება არასახარბიელოა, რასაც კომიტეტის რეკომენდაციით, ხელს შეუწყობდა სპეციალური დასაქმების პორტალის (შეგირდობის პროგრამის) შექმნა, რომელიც მხოლოდ სტუდენტებზე იქნებოდა ორიენტირებული. მათი თქმით, კერძო სექტორისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ დაინტერესებულნი არიან სტუდენტების სტაჟირებაზე აყვანით, თუმცა არ აქვთ ინფორმაცია შესაბამისი სასწავლებლების შესახებ, ხოლო დაკავშირების შემთხვევაში ვერ ახერხებენ საჭირო რაოდენობის სტუდენტთა მობილიზებას. ამასთან დაკავშირებით, კომიტეტის რჩევით, გარემოსდაცვით და აგრარულ სფეროში სამუშაო ძალის მოთხოვნაზე ჩასატარებელია კვლევა, რომელშიც, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორი გამოიკითხება.

გამოქვეყნებული მოკვლევის ავტორთა რეკომენდაციით რადგან საველე პირობებში მუშაობის პერსპექტივა ახალგაზრდებს არ იზიდავს, ხოლო ანაზღაურება მცირეა, მათი ნაწილი თვითდასაქმებას მიმართავს, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი დახმარება, მაგალითად სტარტაპ გრანტებზე გაზრდილი წვდომით და მათთვის, სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში მონაწილეობის შემთხვევაში პრიორიტეტის მინიჭებით. ასევე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის მოკვლევის დასკვნით, გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით დეფიციტურ პროფესიებზე კონკურენტუნარიანი დასაქმების პოლიტიკის დოკუმენტია შესამუშავებელი, რომელიც მიზანშეწონილია მოიცავდეს:

  • ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარგობრივი (აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით) პროფესიების შესახებ ინფორმაციას;
  • აღნიშნულ პროფესიებზე მაღალანაზღაურებადი დასაქმების უზრუნველყოფის მექანიზმებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2022 წლიდან ასრულებს „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამას. პროგრამა მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და ამ მიმართულებით მაგისტრატურის სტუდენტების წახალისებას. პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად, ჯამში 32 ერთჯერადი სტიპენდია გაიცემა 1500 ლარის ოდენობით სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამებზე“, – ვკითხულობთ მოკვლევაში.

კვლევიდან გამომდინარე, „მწვანე სტიპენდიის“ პროგრამაში 8 უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას და იგი მცირემასშტაბიანია. აგრარულ საკითხთა კომიტეტის რჩევით, საჭიროა „მწვანე სტიპენდიის“ პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მოკვლევის პრეზენტაციის დღეს, 26 ივნისს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რეკომენდაციების შესრულებას კომიტეტი გააკონტროლებს:

„ექვს თვეში დაგეგმილი გვაქვს მონიტორინგის განხორციელება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა ეს რეკომენდაციები. სწორედ, ასეთი თემატური მოკვლევები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ კონკრეტული მიმართულებით კიდევ მეტი წინსვლა გვქონდეს“.

მოამზადა დავით ოქროპირიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური