რა რეკომენდაციები გაუგზავნა სამინისტრომ სკოლებს უქმე დღეების ანაზღაურების დასაგეგმად – დოკუმენტი
რამდენიმე დღის წინ, განათლების მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რომ მთავრობის მიერ დადგენილ უქმე დღეების პერიოდში (4-11 მაისი) დასვენება სავალდებულო იქნება როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებისთვის და აღნიშნა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სკოლები სამინისტროსგან დამატებით რეკომენდაციებს მიიღებენ. რეკომენდაციების თაობაზე ისაუბრა ორი დღის წინაც და თქვა, რომ რეკომენდაციები სკოლებს უკვე გადაგზავნილი აქვთ.
EDU.ARIS.GE გაგაცნობთ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც სკოლებმა უქმე დღეების ანაზღაურება უნდა შეძლონ:
რეკომენდაციების ჩარჩო სკოლებს
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. ეს კი ნიშნავს, რომ სასწავლო დღეების ჯამური რაოდენობა 6 დღით მცირდება.
იმისთვის, რომ სასწავლო დღეების შემცირება უარყოფითად არ აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე, მნიშვნელოვანია, სკოლამ შეიტანოს საორგანიზაციო და შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებები თავისი კონკრეტული სკოლისა და კლასის/კლასების საჭიროებიდან გამომდინარე.
პირველ რიგში, კი დღის წესრიგში დგება სკოლის მიერ დაგეგმილი წლიური პროგრამის გადასინჯვის საკითხი იმგვარად, რომ ორიენტირებული დარჩეს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მოთხოვნებზე. აქ მნიშვნელოვანია, სკოლებს ახსოვდეთ, სად მთავრდება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები და სად იწყება სკოლების თავისუფლება:
– მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს საფეხურებრივ მიზნებს და არა ყოველწლიურ პროგრამებს. ყოველწლიურ პროგრამას განსაზღვრავს თავად სკოლა თავისი მოსწავლეების საჭიროებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე;
– მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა არ არის შინაარსის ამოწურვაზე ორიენტირებული, არამედ ფოკუსირებულია განვითარებად პროცესებზე და მთავარია კონკრეტულ მოსწავლეზე/კლასზე ორიენტირებულად სწავლა-სწავლების დაგეგმვა კონკრეტულ სკოლაში;
– შესაბამისად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა არ მიუთითებს სკოლას და კონკრეტული კლასის მასწავლებელს, თუ რომელი საკითხი გაიაროს სახელმძღვანელოდან საგნის საფეხურებრივი მიზნების მისაღწევად და რომელი – გამოტოვოს. ამდენად, სკოლას/მასწავლებელს ევალება არა სახელმძღვანელოს ყველა პარაგრაფის და საკითხის გავლა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხების შერჩევა და ამ საკითხზე დაყრდნობით მოსწავლის მიერ საგნის ფუნდამენტური ცნებების გააზრება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლა/კონკრეტული მასწავლებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, შემცირებული სასწავლო დღეების პირობებში და სასწავლო წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების გათვალისწინებით, რომელი საკითხები ამოარჩიოს და როგორი ფორმატით გაიაროს მოსწავლეებთან.
საკვანძო შეკითხვები საგნის კურიკულუმის მოდიფიცირებისას:
• როგორ შევარჩიო საკითხები ჩემი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი წლიური პროგრამისთვის?
• როგორ განვსაზღვრო, სახელმძღვანელოს რომელი ნაწილი გავატარო მოსწავლეებს და რომელი – არა?
• როგორ მივხვდე, ჩემს მოსწავლეებზე ადაპტირებული პროგრამა შესაბამისობაშია თუ არა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან?
ამ კითხვებზე მარტივად შეიძლება პასუხის გაცემა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში თითოეული საგნისთვის განსაზღვრულია სამიზნე ცნებები. სხვადასხვა საგანში მათი რაოდენობა 4-დან 10-მდე მერყეობს. ამ ცნებებზე მუშაობა უდრის ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებზე მუშაობას (მიუხედავად იმისა, რომ საშუალო საფეხური ჯერ არ არის რევიზირებული, თითოეულმა საგანმა სამიზნედ შეიძლება გამოიყენოს საბაზო საფეხურის ცნებები და მათზე ორიენტირებულად წარმართოს საგაკვეთილო პროცესი). თითოეულ სამიზნე ცნებაზე გასვლა კონკრეტული საგნობრივი საკითხების საშუალებით შეიძლება.
მაგალითად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საბაზო საფეხურის სტანდარტის მიხედვით, განსაზღვრულია სულ 10 სამიზნე ცნება: კომპოზიცია, ჟანრი, ტექსტის სტრუქტურა-ორგანიზება, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები, კონტექსტი, ინტერტექსტუალობა, საკომუნიკაციო სიტუაცია, ინტერპრეტირება, გრამატიკა, სტრატეგიები. მაგალითისთვის რომ ავიღოთ სამიზნე ცნება „კომპოზიცია“, მისი არსობრივი სიღრმეების დაუფლება შესწავლილი ტექსტების რაოდენობაზე კი არა, კონკრეტული ნაწარმოების თვისებრივ დამუშავებაზეა დამოკიდებული. და, თუკი მოსწავლე კონკრეტულ ნაწარმოებზე მუშაობის პროცესში ჩასწვდება, როგორ უკავშირდება ცალკეული კომპოზიციური ელემენტები ერთმანეთს და როგორ ქმნიან ისინი ნაწარმოების მთლიანობას, იგი შეიძენს ღრმა ცოდნას, რომელსაც ნებისმიერი სხვა ნაწარმოების დამუშავებისას გამოიყენებს. ამდენად, სამიზნე ცნებებზე ორიენტირებული სწავლა-სწავლება საშუალებას გვაძლევს, რომ არ ვიყოთ ტექსტებისა თუ საკითხების რაოდენობაზე დამოკიდებული და განახევრებული რაოდენობის ტექსტების გავლის პირობებშიც შევძლოთ დასახული მიზნების მიღწევა.
მაგალითად, ბიოლოგიაში, საბაზო საფეხურზე გასააზრებელი ცნებებია: კვლევა, სტრუქტურა და ფუნქცია, სასიცოცხლო თვისება, ბიომრავალფეროვნება, ჯანმრთელობა და დაავადება.
კონკრეტულად VII კლასის ბიოლოგიის შინაარსი რამდენიმე მსხვილ თემას ფარავს, როგორებიცაა: მიკროორგანიზმები, მცენარეები, ცხოველები და ა.შ. რა თქმა უნდა, სასურველია, მოსწავლემ და მასწავლებელმა ყველა თემაში შეძლონ ზემოხსენებულ სამიზნე ცნებებზე მუშაობა და გააზრება. თუმცა, ეს რამდენიმე თემის ფარგლებში მაინც თუ მოხერხდა, ეროვნული სასწავლო გეგმის და საგნის მიზნები მიღწეული იქნება საფეხურის ბოლოსთვის.
მაგალითად, თუკი ისტორიის სამიზნე ცნებებია – წყარო, დრო, სივრცე, საზოგადოება, ძალაუფლება, ისტორიული მოვლენა, პროცესი – და VII კლასი თემატურად ეხება ძველი მსოფლიოს ისტორიას, მასწავლებელმა ამ ეპოქიდან უნდა შეარჩიოს საკითხები, რომლებიც ზემოჩამოთვლილი ცნებების დაფარვას შეუწყობს ხელს: მაგალითად, მეორე სემესტრში ეს შეიძლება იყოს:
1. ფარნავაზი და იბერია – ქართლის სამეფოს დაარსება (სამიზნე ცნება: „წყარო“, „ძალაუფლება“)
2. რომის მიერ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ქართლის სამეფოს დაპყრობა (სამიზნე ცნებები: „დრო, „სივრცე“, „ისტორიული მოვლენა, პროცესი“)
3. წმინდა ნინო და ქართლის გაქრისტიანება (სამიზნე ცნება „საზოგადოება“).
რა თქმა უნდა, უმჯობესია მეტი საკითხის გამოყენება ცნებების მრავალჯერადი დამუშავებისთვის, თუმცა, ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, ამგვარი მინიმალისტური პროგრამითაც შესაძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
იმისთვის, რომ მასწავლებელი დარწმუნდეს, მოსწავლემ ნამდვილად გაიაზრა თუ არა ესა თუ ის საკითხი, მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის წარმართვა კომპლექსური დავალებების მეშვეობით მოხდეს. შემცირებული საგაკვეთილო საათების პირობებში კი რეკომენდაციაა, მასწავლებელმა ისეთი კომპლექსური დავალება შეარჩიოს, რომლითაც 2-3 საკითხს დაფარავს. კომპლექსურ დავალებებს, მასწავლებლის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს შემაჯამებელი დავალების სტატუსი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებულია კომპლექსური დავალებების ბანკი ყველა საგნისთვის, რაც საშუალებას აძლევს პედაგოგებს, შეარჩიონ მათთვის საინტერესო ნიმუშები და კონკრეტულ კლასს მოარგონ, ან თავად შექმნან თავიანთი დავალებები კლასის საჭიროებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის N175 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეებს (4-8 მაისი, 10-11 მაისი) დაემთხვა სკოლის მიერ დაგეგმილი შემაჯამებელი დავალებების ჩატარების თარიღი, სკოლა (სასკოლო სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანის გარეშე) უფლებამოსილია გადაგეგმოს/შეცვალოს შემაჯამებელი დავალებების ჩატარების თარიღი/დრო.
ამასთანავე, სკოლამ სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა. ის სკოლები, სადაც სემესტრის 1/3-ზე მეტი დისტანციური სწავლების ფორმით მიმდინარეობდა, კვლავ იხელმძღვანელებენ ეროვნული სასწავლო გეგმის 32-ე მუხლის 91 პუნქტით, რომლის მიხედვითაც სკოლას უფლება აქვს შეამციროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა, რაც უნდა აისახოს სასკოლო სასწავლო გეგმაში. ამ შემთხვევაში, შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა დაემთხვევა სემესტრის განმავლობაში ნასწავლი თემების რაოდენობას.
როდის დასრულდება 2020-2021 სასწავლო წელი და როგორ ანაზღაურდება სააღდგომო დასვენების დღეები სკოლებში
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება