GE

რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ ვარიანტში

ინფორმაცია განახლებადია

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან  პირველი აბიტურიენტები უკვე გამოდიან. პირველ სესიაზე დღეს აბიტურიენტებმა საქართველოს მასშტაბით ტესტის I ვარიანტი წერეს. აბიტურიენტები იმ საკითხებს იხსენებენ, რომელიც გამოცდაზე მოუვიდათ.

გლდანის 173–ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი, ბუბა თევდორაძე: „წაკითხულის გააზრებიდან მარტივი კითხვები იყო. ეს იყო თათბირი ნესტანის გათხოვების შესახებ ვეფხისტყაოსნიდან, როცა ტარიელს იბარებენ. მეორე უცნობ ტექსტად მოვიდა ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან „იუპიტერის სინანული“ ნაწყვეტი, რომელიც ეხება მეფე ნერონს. ტექსტის რედაქტირება იყო გრემის შესახებ, როდესაც შაჰ აბასი შემოესევა კახეთს და ვიპოვე 5–6 შეცდომა. ესე მოვიდა ტოლერანტობაზე ასეთი ფორმულირებით: „ტოლერანტობა არის თუ არა ურთიერთ დათმობა, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას“. ზოგადად სიტუაციას რაც შეეხება, საგამოცდო სექტორში ძალიან არ გვცხელოდა, 1 გამაგრილებელი დგას და არანაირი გადაწერის შანსი არ არსებობს. გასვლის პრობლემა არ არის, თანმხლებ პირთან ერთად შეგიძლია გახვიდე.

ლევან გელაშვილი, 177–ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი – „ყველაფერი დავწერე, ესე მომივიდა სახელწოდებით – „ტოლერანტობა ადამიანებისადმი პატივისცემის გამოხატულებაა. ასევე, ვეფხისტყაოსნიდან, ნესტან-დარეჯანის გათხოვების ეპიზოდი და მოთხრობა ნერონის შესახებ, რომლის სათაური ზუსტად არ მახსოვს. რედაქტირებაში 13 შეცდომა ვიპოვე“, – ამბობს ლევანი.

“რაც შეეხება არგუმენტირებულ ესეს, ეწერა, რომ არსებობს ასეთი მოსაზრება: ტოლერანტობა არ არის უპრინციპობა. არსებობს მოსაზრება, რომ ტოლერანტობა არის ურთიერთშეთანხმების და პატივისცემის შედეგიო. აი ამ მოსაზრებაზე უნდა გვემსჯელა არგუმენტებით, ან დავთანხმებულიყავით, ან არა”.

ომარ ლომსაძე, 173–ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი: „წაკითხულის გააზრებაში ნაცნობი ტექსტი მოვიდა ვეფხისტყაოსნიდან „თათბირი ნესტან დარეჯანის ხვარაზმშას ძეზე გათხოვების შესახებ. კითხვები იყო, იმსჯელეთ მეფის სახეზე, მთავარ სათქმელზე და გამოყენებულ მხატვრულ საშუალებებზე, უცნობ ტექსტს არც გადავხედე, რადგან ვეფხისტყაოსანი მოვიდა და ის დავწერე. სარედაქციო ტექსტი იყო კახეთის ძველი ქალაქის შესახებ. მე 18 შეცდომა ვიპოვე. ესე მოვიდა ტოლერანტობის შესახებ, ტოლერანტობა არის სხვისი აზრის, რწმენის პატივისცემა, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრება. მე ადრეც ვიყავი გასული გამოცდაზე და ამიტომ ასე ადრე დავწერე სამივე და გამოვედი“.

მუხიანი, 175–ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი: „ორი თემა იყო – ერთი „ვეფხისტყაოსანი“ მეორე ქარჩხაძის ნაწარმოები – „იუპიტერის სინანული“ , მეფე ნერონთან დაკავშირებით, იუპიტერის სინანული. რაც შეეხება არგუმენტირებულ ესეს, ტოლერანტობაზე იყო, ზუსტი სახელწოდება არ მახსოვს, თუმცა რთული არ ყოფილა“.

„ვეფხისტყაოსანი” იყო ერთი თემა, მეორე არ მახსოვს. მე ვეფხისტყაოსანი დავწერე, კონკრეტულად ტარიელისა და მეფე-დედოფლის თათბირი ნესტან-დარეჯანის გათხოვებას დაკავშირებით. რაც შეეხება არგუმენტირებულ ესეს, ტოლერანტობაზე იყო. ტექსტის რედაქტირება კი კახეთის ერთ-ერთ ქალაქ გრემზე იყო. შეცდომების რაოდენობა არ დამითვლია, თუმცა საკმაოდ ბევრი შეცდომები იყო“, – განაცხადა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.

აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას 5 ივლისის ჩათვლით, პირველ სესიაზე ჩააბარებენ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გამოცდაზე გამოყენებული ტესტების 4–ვე ვარიანტი მას შემდეგ გამოქვეყნდება, როდესაც ყველა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი გაიხსნება. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.

„მომავალ წელს ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს“ – განათლების მინისტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური