GE

რა სახის დავალებები იქნება ისტორიის გამოცდაზე და საკმარისია თუ არა მე-11-მე-12 კლასების სახელმძღვანელოებით მომზადება – გამოცდები 2021

19 მაისს ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მანანა ჯავახიშვილმა ისტორიის გამოცდის შესახებ აბიტურიენტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

მსგავსი ტიპის შეხვედრა აბიტურიენტებთან რამდენჯერმე ჩატარდა. აქამდე წამოჭრილი საკითხები 2021 წლის გამოცდების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ას კითხვასა და ას პასუხში.

წარმოგიდგენთ ისტორიის გამოცდის შესახებ წამოჭრილ ძირითად კითხვებსა და მათზე პასუხებს:

ისტორიის გამოცდას თუ შეეხო წელს რაიმე სახის ცვლილება?

ისტორიის გამოცდას წელს ცვლილება არ შეეხება. ტესტი ისევ 60-ქულიანია და საგამოცდო დრო 2 საათი და 40 წუთია. მასალის შესასწავლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გრიფირებული (XI-XII კლასების) სახელმძღვანელოები. ტესტის შინაარსი არ სცილდება იმ პროგრამის ჩარჩოებს, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით კრებულს.

ისტორიის გამოცდაზე რა სახის დავალებების შესრულება მოგვიწევს?

წელს, ისევე, როგორც 2020 წლის გამოცდაზე, გვექნება მრავალფეროვანი დავალებები: სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროების ანალიზი, კერძოდ, ისტორიული რუკის წაკითხვა, ილუსტრაციების, წერილობითი წყაროს ანალიზი. ასევე, ტესტში მოცემული იქნება გარკვეული ისტორიული მოვლენის შესახებ გამოთქმული ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები, რომელთა სასარგებლოდ აბიტურიენტებმა საკუთარი არგუმენტები უნდა მოიყვანონ და სხვ. ტესტურ დავალებათა უმრავლესობა მაღალსააზროვნო უნარების წარმოჩენაზეა ორიენტირებული. ტესტით მოწმდება, რამდენად შეუძლია გამოსაცდელს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, ისტორიულ დროში ორიენტირება, კრიტიკული ანალიზი. შარშან ტესტს დაემატა ისტორიული მოვლენის შეფასების დავალება, ძალიან მნიშვნელოვანი დავალება. ჩვენი რჩევაა, აბიტურიენტებმა კონკრეტული პასუხები გასცენ დასმულ კითხვებს და არა ძალიან ზოგადი პასუხები, რათა ამის გამო ქულა არ დააკლდეთ. მნიშვნელოვანია, ნაწერი იყოს მკაფიო, რომ გამსწორებელმა შეძლოს აზრის ამოკითხვა, ასევე დავალების დასაწერად იმყოფინონ გამოყოფილი სივრცე.

მე-11 და მე-12 კლასების სახელმძღვანელოებით რომ მოვემზადოთ, საკმარისი იქნება?

დიახ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის პროგრამა არ სცდება მე-11 და მე-12 კლასების გრიფირებულ სახელმძღვანელოებში მოცემულ მასალას.

თუ მიენიჭება უპირატესობა იმ აბიტურიენტს, რომელიც სახელმძღვანელოების გარდა სხვა ისტორიულ წყაროებსაც იცნობს?

მიუხედავად იმისა, რომ არცერთი საკითხი არ სცილდება სახელმძღვანელოებში მოცემულ მასალას, კარგი იქნება, თუ აბიტურიენტები გაეცნობიან კლასგარეშე ისტორიულ ლიტერატურას, ამით ისინი მეტად განივითარებენ არგუმენტირებული მსჯელობის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის, ანალიზისა და შეფასების უნარებს, რაც ბუნებრივია, მაღალი ქულის მიღებაში დაეხმარება მათ.

2021 წელს დრო რამდენი გვაქვს, როგორ გავანაწილოთ ის და რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები?

ისტორიის გამოცდის ხანგრძლივობა წელსაც 2 საათი და 40 წუთია. რაც შეეხება დროის განაწილებას, ეს ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია. ჩემი რჩევა იქნება, არ იჩქაროთ და მშვიდად გასცეთ კითხვებს პასუხები. აბიტურიენტები ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტური დავალებების შესრულებისას, ძირითადად, ორი ხასიათის, ტექნიკურ და შინაარსობრივ შეცდომებს უშვებენ. ტექნიკური ხასიათის შეცდომაში იგულისხმება ძნელად გასარჩევი, ხარვეზებით შევსებული პასუხების ფურცელი, რომელშიც ნაწერის ამოკითხვა ხშირად პრობლემური, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება. ამიტომ, აბიტურიენტებს ვთხოვთ, გარკვევით შეავსონ პასუხების ფურცელი, რათა მათი ნაწერების შეფასება შესაძლებელი გახდეს. ხშირად დაშვებულ შეცდომებში გამოვარჩევდი ტექნიკურ ხარვეზებს (მაგალითად, პასუხების ფურცელში კონკრეტული კითხვისათვის გამოყოფილი ადგილის ნაცვლად სხვა შეკითხვის პასუხს და სხვ.) და შინაარსობრივ უზუსტობას – დასმულ შეკითხვაზე ძალიან ზოგადი პასუხის გაცემას (კონკრეტული პასუხის ნაცვლად), რაც გამომცდელთა მხრიდან ვერ შეფასდება.

კარიკატურა ან პლაკატი თუ შეგვხვდება 2021 წლის ტესტში და რომელ დავალებაში?

კონკრეტულად კარიკატურა ან პლაკატი, შესაძლოა, არ იყოს ტესტში შეტანილი, თუმცა მე-20 დავალებაში აუცილებლად შეგხვდებათ რაიმე სახის ვიზუალური მასალის ანალიზი.

რა შემთხვევაში გვეთვლება ისტორიის გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად?

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ეთვლება, თუ ის მაქსიმალური ქულის (60) 25%-ზე მეტს დააგროვებს, თუმცა უნდა გაითვალისწინოს, რომ ზოგიერთ პროგრამაზე გაზრდილია გამსვლელი ქულის ზღვრული მაჩვენებელი.

ტესტში შეტანილი ყველა ვიზუალური მასალაც სახელმძღვანელოებიდან იქნება?

ტესტში წარმოდგენილი ილუსტრაციები სახელმძღვანელოებში, შესაძლოა, არ იყოს მოცემული, მაგრამ მათზე ასახული ისტორიული კონტექსტი (ისტორიული მოვლენები და პიროვნებები) სახელმძღვანელოებში აუცილებლად იქნება წარმოდგენილი.

ისტორიაში თარიღების ზედმიწევნით ცოდნა თუ არის სავალდებულო?

ისტორიის ტესტში თარიღების ზედმიწევნით ცოდნა არაა სავალდებულო. აბიტურიენტმა უნდა იცოდეს ესა თუ ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა რომელი საუკუნის რომელ მონაკვეთში მოხდა, უნდა შეეძლოს ქრონოლოგიურად მოვლენების დალაგება, თუმცა ზუსტი თარიღების ცოდნა არ არის აუცილებელი. მთავარია, ისტორიულ დროში ორიენტირება შეძლოს.

ფაქტობრივი ცოდნის გარდა, კიდევ რას ამოწმებს ისტორიის ტესტი?

ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის საგამოცდო პროგრამა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და მოიცავს მსოფლიო და საქართველოს ისტორიის საკითხებს უძველესი დროიდან XX საუკუნის ჩათვლით. საქართველოს ისტორია განხილულია არა დამოუკიდებლად, არამედ მსოფლიო ისტორიის კონტექსტში, მსოფლიო ისტორიაში მიმდინარე პროცესების ჭრილში. ისტორიის ტესტი ამოწმებს, არა მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნასა და მისი გამოყენების უნარს, არამედ ისეთ მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, ისტორიულ პროცესებს შორის მიმართების დადგენა, პრობლემის გააზრება, ანალიზი და შეფასება.

ასი კითხვა და ასი პასუხი აბიტურიენტებისთვის საინტერესო თემებზე

უცხოურ ენაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შესახებ დასმული კითხვები და პასუხები

ღია კარის დღეებზე დასმული კითხვები

რა განსხვავებაა ღია და დახურულ დავალებებს შორის?

შეუძლია თუ არა სხვა პირს 2021 წლის გამოცდებზე თქვენი შედეგის ნახვა

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური