GE

რა სახის იქნება სასერტიფიკატო გამოცდა – დეტალები სპეციალური მასწავლებლის სქემის შემუშავებისა და ამოქმედების შესახებ

სპეციალური მასწავლებლებისთვის ცალკე სქემა შემუშავდება. უკვე შექმნილია სტანდარტი, რომელსაც სქემა დაეფუძვნება. სპეციალური მასწავლებლის ხელფასი სექტემბრიდან უკვე გაუთანაბრდა საჯარო სკოლაში დასაქმებული პედაგოგის ხელფასს და დაახლოებით, 500 ლარს შეადგენს.

სქემის ამოქმედების და მასში პედაგოგთა გადანაწილების შემდეგ, განისაზღვრება სპეციალური მასწავლებლის პროფესიული ზრდის გზა. როდის დაიწყება სქემის შემუშავების პროცესი, როგორი იქნება სპეციალური მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდა და ვის შეეძლება გამოცდაზე გასვლა, – ამ საკითხების შესახებ უფრო დეტალურად განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსი ეკატერინე დგებუაძე გვესაუბრება.

–რა ეტაპზეა სქემის შემუშავების პროცესი?

–პირველი, რაც გავაკეთეთ, სპეციალური მასწავლებლის სტანდარტი გადავამუშავეთ. ამას უნდა დაეფუძვნოს სასერტიფიკატო გამოცდა, რომელიც კანონით განისაზღვრა 2022 წელს. პარალელურად შევქმენით სამუშაო ჯგუფი, სადაც არის გაერთიანებული სხვადასხვა ჩვენი სსიპ-ების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2019 წელს უკვე დაიწყება, ან უფრო ადრე, თუ მოასწრო მასწავლებლის სახლმა სქემაზე მუშაობა.

–რა შინაარსს ატარებს სპეცმასწავლებლის სტანდარტი? რაზეა გამახვილებული მასში ყურადღება?

–სპეცმასწავლებლის სტანდარტი აღწერს, რა ცოდნა, კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს სპეციალურ მასწავლებელს, რა ფუნქციების მატარებელი უნდა იყოს. სპეცმასწავლებლის სტანდარტი დაყოფილია სხვადასხვა ნაწილად. არის ზოგადი ნაწილი, ზოგადი პროფილის სპეციალური მასწავლებელი, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა მიმართულებას ფლობს. ვიწრო სპეციალიზაცია ხდება, კერძოდ, მხედველობის, სმენის, ქცევის, ინტელექტუალური დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის.

–რა სახის იქნება სასერტიფიკაციო გამოცდა?

–რადგან უნივერსიტეტებში არ არის დანერგილი ვიწრო სპეციალიზაცია და შესაბამისი პროგრამები არ აქვს გავლილი საქართველოში სპეციალისტებს, ალბათ, ნაკლებად იქნება სიღრმისეული კითხვები და გავაკეთებთ ზოგადი პროფილის სპეცმასწავლებელის გამოცდას. იმ მოთხოვნებს, რომელსაც ვაყენებთ ზოგადი პროფილის სპეციალური მასწავლბლებისთვის, ისე უნდა იყოს აწყობილი სასერტიფიკატო გამოცდის კითხვები.

–ვის ექნება სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების უფლება?

–პირველ რიგში, იმ მასწავლებლებს, რომლებიც დღეს დასაქმებულები არიან სპეციალურ მასწავლებლად. შემდეგ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გავიდეს ამ გამოცდაზე, ვისაც ექნება სურვილი. გამოცდაზე გასვლის წინაპირობად კანონში წერია, რომ მსურველს ჰქონდეს, მინიმუმ, ბაკალავრის დიპლომი ნებისმიერ სპეციალობაში.

–მასწავლებლისთვის არსებობს პროფესიაში შესვლის გზები სქემის მიხედვით. ერთ-ერთი გზაა საუნივერსიტეტო განათლება.  ჩვენ გვაქვს უკვე სპეციალური მასწავლებლის საუნივერსიტეტო პროგრამები. ამ პროგრამების კურსდამთავრებულებსაც მოუწევთ გამოცდის ჩაბარება პროფესიაში შესასვლელად?

–ამასაც განვიხილავთ, ვისაც აქვს სპეციალური მასწავლებლის სამაგისტრო პროგრამა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა იმ ჯგუფთან, რომელიც არიან კურსდამთავრებულები და მათ თქვეს, რომ არანაირი პრობლემა არ არის სერტიფიცირების გამოცდაზე გასვლა. შეიძლება დაშვება გავაკეთოთ. რომელ საფეხურზე გადანაწილდება, ამას შევხედავთ. ეს უკვე ის პროცესია, როდესაც დავიწყებთ სქემის მოდელის შემუშავებას და შევთანხმდებით, როგორ მოვახერხოთ მათთვის გამოცდის ჩაბარება.

სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემისგან განსხვავებული იქნება. თუმცა ვეცდებით ძალიან აცდენილები არ ვიყოთ ამ სქემას. უფრო მოქნილი გვინდა იყოს და საქმეზე ორიენტირებული.

–სპეცმასწავლებელმა უნდა ჩააბაროს მეორე გამოცდა პროფესიულ უნარებში?

–ერთი გამოცდა იქნება მარტო სპეციალობაში, სპეციალური მასწავლებლის პედაგოგიკაში.

–ახლა ვინც არის სკოლაში სპეციალური მასწავლებელი, მათ რისი გაკეთება მოუწევთ რომ ჩაერთონ სქემაში?

–ვინც უკვე დასაქმებულია სპეციალურ მასწავლებლად, მოხვდება ამ სქემაში. ჩვენ მთავარია ვნახოთ, როგორ გავაკეთებთ მათი განვითარების გზას და ამ ადამიანებმა რა უნდა გააკეთონ, რა ცოდნა, გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. პორტფოლიოების შექმნასაც ვფიქრობთ მასწავლებლებისთვის, რომ დინამიკაში ვუყუროთ, როგორ მუშაობს მასწავლებელი. როგორ გაგრძელდა მოსწავლის შეფასება და განვითარება. ამიტომაც ვამბობთ, რომ განსხვავებული იქნება მიდგომა.

–რაც შეეხება ანაზღაურებას, როგორ შეიცვლება სქემის ამოქმედების შემდეგ სპეციალური მასწავლებლის ანაზღაურება?

–დღესდღეობით სპეციალური მასწავლებლის ხელფასი გათანაბრდა სხვა მასწავლებლების ხელფასთან. ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, სპეციალური მასწავლებელი ვაღიარეთ მასწავლებლად, შესაბამისად, სექტემბრიდან სპეციალური მასწავლებლის ხელფასი გახდა იგივე, რაც მასწავლებლის ხელფასი და რანჟირება მოხდა მათი დიპლომის და გამოცდილების მიხედვით. 36 საათი აქვს სპეციალურ მასწავლებელს კვირაში და საშუალოდ, 500-ლარამდე გამოდის ყველაზე დაბალი ხელფასი.

პროფესიული განვითარების სქემა იმას გულისხმობს, რომ  ხელფასიც საფეხურებზე გადასვლასთან ერთად გაიზრდება.

სკოლის კონსულტანტ ფსიქოლოგს შეუძლია სპეცმასწავლებელი გახდეს – რის მიხედვით მოემატებათ ხელფასი ფსიქოლოგებს

სპეცმასწავლებლის ანაზღაურების გაზრდის საკითხი კანონში აისახა – ანაზღაურების გაანგარიშების მეთოდი

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური