GE

რა შედეგს უნდა აღწევდეს მოსწავლე უცხო ენებში I-IX კლასების ბოლოს

უცხოურ ენაში სკოლის საატესტატო გამოცდაზე მე–12 კლასის მოსწავლეთა 10%–ზე მეტი ჩაიჭრა.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების მიხედვით, დეტალრად არის განსაზღვრული სწავლების თითოეულ საფეხურზე რა კონკრეტული შედეგი უნდა ჰქონდეს მოსწავლეს. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სკოლებში უცხოური ენის (ინგლისურის) შესწავლას პირველივე კლასიდან იწყება. მეორე უცხო ენის შესწავლას კი მოსწავლეები V კლასიდან იწყებენ.

EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ იმ სტანდარტებს, რომელსაც მოსწავლეები უცხო ენებში სასწავლო საფეხურების მიხედვით უნდა აკმაყოფილებდნენ.

პირველი უცხო ენის (ინგლისური)I-IV კლასის მისაღწევი სტანდარტები

IV კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ზეპირი მეტყველება –  მოსწავლემ უნდა შეძლოს, სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.   სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა. ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.ზეპირი მეტყველების აქტივობების შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება.

წერითი მეტყველება – მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფვრა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება. კალიგრაფიული ნორმების დაცვა. მოდელის მიხედვით სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტების შედგენა.წერითი მეტყველების აქტივობის შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება.

ინტერკულტურა – მოსწავლემ უნდა შეძლოს ილუსტრაციებსა და ტექსტებში საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა, სოციოკულტურული კონტექსტების ერთმანეთთან შედარება. თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების სოციოკულტურულ და კულტურულ რეალიებზე.

სწავლის სწავლა – მოსწავლემ უნდა შეძლოს, მასწავლებლის დახმარებით სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილეობა; სწავლის ხელშემწყობი სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედია რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.

V-VIკლასის  სტანდარტი

VI კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ზეპირი მეტყველება – მოსწავლეს უნდა შეეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება; რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა, ელემენტარული უნარ ჩვევების გამოყენება და ზეპირი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

წერითი მეტყველება – მოსწავლეს უნდა შეეძლოს, გაწაფულად კითხვა; სტანდარტით განსაზღვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება; სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა; ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის ტექსტის დაწერა; წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება; წერითი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

ინტერკულტურა – მოსწავლეს უნდა შეეძლოს, ნასწავლი სოციოკულტურული კონტექსტების ერთმანეთთან შედარება, პარალელების გავლება უცხო და მშობლიური კულტურის ფენომენებს შორის; თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად სხვადასხვა ტიპის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება.

სწავლის სწავლა – მოსწავლემ უნდა შეძლოს, სასწავლო საქმიანობის მართვა, სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილოება; სათანადო სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედია რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.

VII- IX კლასის სტანდარტები

IX კლასის ბოლოს მოსწავლისთვის მისაღწევი შედეგები

ტექსტის მოსმენა/წაკითხვა და გაგება (რეცეპციული უნარები) – მოსწავლემ უნდა შეძლოს, მოსმენამდე/წაკითხვამდე ტექსტის ტიპის განსაზღვრა მისი სტრუქტურული და სიტუაციური მახასიათებლების  ამოცნობის გზით; ნასწავლი ენობრივი საშუალებების გამოყენებით ტექსტის შინაარსის გააზრება და  საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება;  ტექსტებში ასახული სოციოკულტურული თავისებურებების ამოცნობა და მათ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა;  ტექსტის გაგებამდე, გაგების პროცესში და გაგების შემდგომ შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება; ტექსტის გააზრებისას წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება, მათი გადაჭრის გზების დადგენა.

წერა და ლაპარაკი – მოსწავლემ უნდა შეძლოს, ზეპირი საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისი სამეტყველო მოქმედებების შესრულება სათანადო  სტრატეგიების გამოყენებით; ნასწავლი ენობრივი საშუალებებით საკომუნიკაციო მიზნის შესაბამისი წერილობითი ტექსტის პირველადი ვარიანტის შემუშავება; პირველადი ვარიანტის ცალკეული აბზაცის, მთლიანი ტექსტის ენობრივი, შინაარსობრივი თუ სტრუქტურული გაუმჯობესება, საბოლოო ვარიანტის სათანადოდ გაფორმება; წერამდე, წერის დროს და წერის შემდგომ ფაზებში შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება; ზეპირი და წერითი კომუნიკაციისას წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება, მათ გადასალახად სამოქმედო გეგმის შედგენა (სწავლის პროცესის მართვა – მეტაკოგნიტური სტრატეგია).

საქმიანობა  უცხოური ენის გამოყენებით – მოსწავლემ უნდა შეძლოს, კულტურათშორისი დიალოგის ხელშემწყობი ინიციატივების გამოვლენა და რეალიზება, სოციოკულტურული თავისებურებების გაზიარება; ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარების გამოყენებით იდეების განხორციელება.

მეორე უცხო ენა დაწყებით საფეხურზე

V კლასის შეფასების მიღწევის დონე

ზეპირი მეტყველება – მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული თემატიკის შემცველი მცირე ზომის ტექსტების გაგება; სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა; განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივი ენით ინტერაქცია და რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.

წერითი მეტყველება  – მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა. სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება; ნასწავლ თემატიკაზე მცირე მოცულობის ტექსტების შედგენა; წერითი მეტყველების სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

ინტერკულტურა – მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა და სოციოკულტურული კონტექსტების შედარება; თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად სხვადასხვა ტიპის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

VI კლასის მიღწევის შედეგები

ზეპირი მეტყველება –  მოსწავლე ამოიცნობს თემას (პერსონაჟებს/თანამოსაუბრეებს, მოვლენებს და სხვა) მოსმენისას/მოსმენა-ყურებისას; ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა) ტექსტიდან მოსმენისას ამოიცნობს ინტონაციით გამოხატულ ემოციებს (სიხარულს, გაკვირვებას, გაბრაზებას და სხვა); განასხვავებს დიალოგში მეტყველების ფამილარულ და თავაზიან ფორმას. სწორად და გარკვევით წარმოთქვამს სიტყვებსა და ფრაზებს; ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას ტექსტების შინაარსს; იცავს შესაბამის ინტონაციებს, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს ტექსტის წარმოთქმისას. სვამს/პასუხობს მარტივ კითხვებს საკლასო ან სიმულაციურ სიტუაციებში, ნაცნობი თემების გარშემო (მაგ., გაცნობა/ წარდგენა, ინტერვიუს ჩამორთმევა, შეხვედრა, კაფეში შეკვეთის მიცემა, სატელეფონო დიალოგები და სხვა);

წერითი მეტყველება – მოსწავლე თავისუფლად კითხულობს ნაცნობ სიტყვებსა და ფრაზებს; გამართულად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტებს შესაბამისი ინტონაციითა და პაუზების გამოყენებით. ამოიცნობს და ასრულებს სავარჯიშოს პირობაში წარმოდგენილ მითითებებს; მოქმედებათა დროსა და ადგილს; განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ადრესატი, მიზანი, თემა) და იყენებს შესაბამის ლექსიკასა და შესიტყვებებს; გასაგებად აყალიბებს აზრებს;

ინტერკულტურა – მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა და სოციოკულტურული კონტექსტების შედარება.თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად სხვადასხვა ტიპის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასევე წარმოდგენილია საბაზო საფეხურის მეორე უცხო ენის შესწავლისთვის განსაზღვრული პროგრამა.

როგორც ესგ-შია აღნიშნული, პროგრამა სარეკომენდაციო ხასიათისაა და აჩვენებს სტანდარტის მოთხოვნათა რეალიზების შესაძლო გზებს. იგი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, მათ შორის: წლიური სასწავლო თემების სანიმუშო განაწილება წლების მიხედვით; თემატური გეგმის ზოგადი სქემა – იგი აჩვენებს როგორ უნდა დაიგეგმოს სასწავლო თემები სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად; თემატური გეგმის კონკრეტული ნიმუშისა და მისი დეტალური დამუშავების ნიმუშისგან.

აღსანიშნავია, რომ თემები უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ინტერესებსა და ენობრივ შესაძლებლობებს; საბაზო საფეხურის სამივე (VII, VIII, IX) კლასის თემატიკა მთლიანობაში  უნდა შეესაბამებოდეს საბაზო საფეხურის სტანდარტის  თემატურ ჩარჩოს.

ამავე თემაზე:

რა შედეგებს უნდა მიაღწიოს მოსწავლემ მათემატიკაში I-IX კლასების ბოლოს

რა შედეგებზე უნდა გაიყვანოს მასწავლებელმა მოსწავლე ქართულში დაწყებითიდან საბაზო საფეხურის ჩათვლით – ცვლილება ესგ–ში

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური