GE

რა შეიცვლება თუ მოსწავლე IV, VI და X კლასის გამოცდებს ვერ ჩააბარებს – ყველა დეტალი რაც ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ  IV, VI და X კლასის მოსწავლეებისთვის დიაგნოსტიკური გამოცდები მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს არ ჩატარდება. გამოცდების საპილოტე რეჟიმში დანერგვა, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლიდან დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე სკოლაში, შესაძლოა, გამოცდები ამ წლის ბოლოს, შემოდგომაზე დაიგეგმოს. სოფო გორგოძე ამბობს, რომ საპილოტე პროექტში ჩასართავი სკოლების რაოდენობა ჯერ უცნობია. არც ის არის ცნობილი, რომელ სკოლებში დაიწყება ამ გამოცდის დატესტვა.

“ჩვენ ვიწყებთ მუშაობას მეოთხე, მეექვსე და მეათე კლასის შეფასებებზე. ეს იქნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის შეფასებები. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ამ სასწავლო წლის ბოლოს, გაზაფხულზე იქნება ეს გამოცდები, თუმცა ახლა ვინც  ამთავრებს მეათე კლასს, ამ გაზაფხულზე, ეს გამოცდები არ შეეხება. უბრალოდ წელს წლის ბოლომდე პილოტირება შეიძლება მოესწროს და შემდეგ გაზაფხულზეც გაგრძელდება ეს. იმის შემდეგ წელს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება სამივე კლასის ბოლოს დიაგნოსტიკური შეფასებები”,- უთხრა EDU.ARIS.GE-ს სოფო გორგოძემ.

რა ტიპის გამოცდა იქნება და ჩააბარებენ თუ არა მოსწავლეები დიაგნოსტიკურ ტესტს კომბინირებულად ყველა საგნიდან ამოკრებილი კითხვების საფუძველზე- ამ საკითხის კომენტირებისას გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მსგავს დეტალებზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“დაწყებით კლასებში, ალბათ, ეს იქნება წიგნიერების და რაოდენობრივი მსჯელობის შემოწმება. მაღალ კლასებში საგნების შესახებ კონკრეტიკა ჯერ არ არის. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ იქნება ისე, რომ რამდენიმე საგანი შეიძლება იყოს ძირითადი და ყოველ წელს მოხდეს რამდენიმე საგნის როტაცია იმისათვის, რომ ისევ გამოცდების ჩაბარებაზე არ ვიყოთ ორიენტირებული და მხოლოდ იმ საგნებში არ ემზადებოდნენ ბავშვები, რომლებშიც გამოცდები იქნება დანიშნული”,- აღნიშნა გორგოძემ.

კითხვაზე – ეცოდინებათ თუ არა ბავშვებს წინასწარ რომელ საგნებში მოუწევთ დიაგნოსტიკური ტესტების ჩაბარება, საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ეს საკითხი ჯერ მსჯელობის საგანია.

“ამაზე ახლა მიმდინარეობს მსჯელობა. მთავარია ის, რომ ისე დაინერგოს ეს სისტემა, რომ კვლავ  გამოცდაზე ორიენტაცია არ გვქონდეს შედეგად და არ მოხდეს  ის, რომ ყველა ემზადებოდეს გამოცდისთვის და არა – რეალური ცოდნისთვის”,- აღნიშნა გორგოძემ.

რომელი სკოლები ჩაერთვებიან დიაგნოსტიკური გამოცდების საპილოტე პროექტში, ეს ნაწილობრივ სკოლებზეც იქნება დამოკიდებული. რადგან სკოლებს საშუალება ექნებათ თავად გამოთქვან სურვილი გამოცდების საპილოტე სისტემა სწორედ მათთან დაინერგოს.

“ალბათ, ამაზე ჯერ საუბარი ადრეა. ჯერ სკოლების იდენტიფიცირება არ მოგვიხდენია. სავარაუდოდ, ვინც მოისურვებს, ის სკოლები პირველ ეტაპზევე შეიძლება  ჩავრთოთ. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ზუსტი რაოდენობის დასახელებისგან – რამდენი სკოლის ჩართვას მოვიაზრებთ”,- აღნიშნა გამოცდების ცენტრის დირექტორმა.

იმ ფონზე, როდესაც დიაგნოსტიკური გამოცდა სავარაუდოდ 2019 წლის დეკემბრამდე, არასრული სასწავლო წლის  განმავლობაში დაინიშნება, რას მისცემს სამინისტროს გამოცდის ჩატარება შუა სასწავლო წელს, გორგოძე განმარტავს:

“IV და VI კლასებში შეიძლება გავაკეთოთ ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, იმისთვის რომ წინა წლის  მდგომარეობით მიღებული ცოდნა შევამოწმოთ. მაგალითად  VII კლასს შეიძლება გავუკეთოთ იმისთვის, რომ გავარკვიოთ 6 კლასი როგორ დაამთავრეს და როგორ მიაღწიეს ბავშვებმა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. ამიტომ ვამბობთ, რომ წლის ბოლომდე იქნება პილოტირებები და ასევე გაზაფხულზეც შეიძლება გადაიწიოს რომელიმე კლასის ინსტრუმენტების გამოცდამ, რომ იმის შემდგომ ანუ 2021 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლაში გავაკეთოთ მსგავსი ტიპის შეფასებები ამ სამ კლასში”, – თქვა სოფო გორგოძემ.

რაც შეეხება იმ ბვაშვებს, რომლებიც გამოცდებს ჩააბარებენ, თუმცა შედეგები არასახარბიელო იქნება, სანქციები არ დაეკისრებათ და მომდევნო კლასში გადასვლაზე პრობლემები არ შეექმნებათ.

“სანქციებზე არ არის საუბარი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სკოლის განვითარებისთვის, ეს არის სკოლის შიდა მოხმარებისთვის. იმისთვის, რომ დირექტორმა, მასწავლებელმა ერთად დაგეგმონ, ერთად ნახონ რა არის გასაუმჯობესებელი, სად აქვს სკოლას ჩავარდნა და რა  მიმართულებით მიდის: სწორი მიმართულებით თუ არასწორი. შემდგომ დაიგეგმება მასწავლებელთა ტრენინგები, გამოვლინდება რა სჭირდება სკოლას- გაამრავალფეროვნონ რესურსები და ა.შ. კლასში ჩატოვება არ იქნება და გამოცდის შედეგი ატესტატზე არ იმოქმედებს”,- აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  EDU.ARIS.GE – სთან ინტერვიუში.

ამავე თემაზე:

CAT-ის გამოცდების გაუქმების შემდეგ მე-6 და მე-10 კლასებში ეროვნული შეფასება ჩატარდება

მოამზადა გიორგი ხუხიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური