GE

რა შემთხვევაში აჩვენებენ მოსწავლეები მაღალ შედეგებს

დევიდ პერკინსი (Perkins, 1992) განათლების სპეციალისტია, რომლის „თეორია ერთი“ განიხილავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეფექტურ სწავლასა და სწავლებას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი სწავლობს იმას, რისი სწავლის ლოგიკური შესაძლებლობაც და მოტივაციაც აქვს მას. „თეორია ერთის“ მიხედვით, რაიმეს კარგად შემეცნება მოითხოვს შემდეგი პირობების გათვალისწინებას:

  1. ნათელი ინფორმაცია: მიზნების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
  2. შემეცნებითი პრაქტიკა: აქტიური და სააზროვნო პროცესებით დატვირთული პრაქტიკა იმაში, რასაც მოსწავლე სწავლობს;
  3. გამოხმაურება: რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ უკეთეს შედეგებს მიაღწიოს;
  4. ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოვებელი აქტივობები ან დავალებები, რომლებიც თავისთავად საინტერესოა მოსწავლისათვის, ან ეხმარება მას სხვა მიზნების მიღწევაში;

დევიდ პერკინსი ამბობდა, რომ რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის შესახებ, ანუ რაც უფრო მაღალია მათი მეტაკოგნიტური ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი და უფრო მაღალ შედეგებს აღწევენ. იგი რჩევებსაც აძლევდა პედაგოგებს:

,, – როცა ახალ მასალას ხსნით, იმავდროულად ასწავლეთ მოსწავლეებს, თუ როგორ ისწავლონ ეს მასალა.

 – დრო და დრო სთხოვეთ ბავშვებს, რომ ერთად, წყვილ–წყვილად ან პატარა ჯგუფებში იმეცადინონ.

 – დაეხმარეთ მოსწავლეებს ახალი სტრატეგიების გამოყენებაში. მიანიშნეთ, თუ როდის შეიძლება მისი გამოყენება.

 – გააცანით მოსწავლეებს ახალი სტრატეგიები: ჩანაწერების გაკეთება, მასალის გადამუშავება, საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა და ა.შ.

 – მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე აუხსენით, რატომ არის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება სასარგებლო.

 – აღნიშნეთ ის გარემოებები, როცა გარკვეული სტრატეგიების გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა.

– მიეცით მოსწავლეებს საშუალება თითოეული სტრატეგია სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენონ.”

დევიდ პერკინსმა ეფექტური სწავლების 7 პრინციპიც ჩამოაყალიბა:

  1. გააცანით მოსწავლეებს სასწავლო პროცესის “საბოლოო პროდუქტი”;
  2. აჩვენეთ მოსწავლეებს, თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას;
  3. საგანგებო ყურადღება გაამახვილეთ რთულ საკითხებზე;
  4. დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში;
  5. გააცანით მოსწავლეებს თემის/საკითხის მიღმა არსებული ლოგიკა, პრინციპი;
  6. განავითარეთ მოსწავლეებში თანატოლებისგან სწავლის უნარი;
  7. ასწავლეთ მოსწავლეებს სწავლა.

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური