რა შემთხვევაში იღებს მოსწავლე ოქროს ან ვერცხლის მედალს და ვისთვის იზღუდება ეს წესი
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, არსებული წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროგრამა, რომლის მიზანიც განათლების სამინისტროს განმარტებით, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენაა უკვე მრავალი წელია ხორციელდება და მისი გაცემის წესი ეროვნული სასწავლო გეგმით არის დარეგულირებული.
გასული სამი სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის დაგვიანებული ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემის პროცესი, როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველმა იცის, უკვე დაწყებულია და 8 ნოემბერს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ მივიღეთ დაზუსტებაც, რომ საქართველოს მასშტაბით მედლების სრულად დარიგება ნომბრის თვის ბოლომდე განხორციელდება. პროცესიის გააქტიურების პარალელურად, კითხვებს სვამენ ის მოსწავლეებიც, რომელთაც არ აქვთ დაზუსტებული რატომ არ ეძლევათ მედალი ან, არ იციან რა უნდა მოიმოქმედონ, რომ სკოლის დამთავრებისთვის ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი დაიმსახურონ.
მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, რომ მედლის მისაღებად ქულების დაანგარიშება იწყება მე–10 კლასიდან და სრულდება მე–12 კლასის შედეგების დათვლით.
2020 და 21 წელს განხორციელებული სხვადასხვა ცვლილების შემდეგ, დღეს მოქმედ ეროვნულ სასწავლო გეგმაში (მოწოდებული განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან მიერ წლის 28 ოქტომბერს ავტ.), მოსწავლის აკადემიური წლის აღიარებას ცალკე მუხლი ეთმობა.
შეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას. წარჩინებული მოსწავლეების წახალისების წესს, სურვილისამებრ, განსაზღვრავს სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით.
რა შემთხვევაში იღებს მოსწავლე ოქროს მედალს:
მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა (საშუალო არითმეტიკული) არის 10, დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
რა შემთხვევაში იღებს მოსწავლე ვერცხლის მედალს:
მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
ოქროსა და ვერცხლის მედალზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მოსწავლეს, თუკი დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუმცა არის სხვა მოცემულობაც.
კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი მუხლის მეოთხე პუნქტი განმარტავს, რომ არის მოცემულობა, როცა მიუხედავად წარჩინებისა, მოსწავლეს მედალი არ გადაეცემა:
“პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 98/ნ ბრძანების საფუძველზე, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიეს ექსტერნატის ფორმით”, – ვკითხულობთ ესგ-ში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები, რომლებიც მიიღებენ ოქროს ან ვერცხლის მედლებს, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი პრივილეგიებით არ სარგებლობენ.
წარჩინებულ მოსწავლეთა ოქროსა და ვერცხლის მედლები არის მოოქროვილი და მოვერცხლილი.
ასევე იხილეთ:
- როცა სასამართლო ბავშვთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს – მოსწავლის, მშობლისა და პედაგოგისთვის by განათლებული ბლოგი
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს