GE

რა სიახლეებია 2020 წლის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე და როდის დაიწყებენ უნივერსიტეტები მიღებას

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე უნივერსიტეტები მიღებას სექტემბრის დასაწყისისთვის გამოაცხადებს. როგორც უნივერსიტეტებში ამბობენ, შესაბამის ბრძანებას განათლების სამინისტროსგან ელიან.

პროგრამაზე მოსახვედრად ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხთან ერთად, მასწავლებლის გამოცდის 10 კრედიტზე ჩაბარებაა აუცილებელი. უნივერსიტეტებს აქვთ ასევე შიდა გამოცდა დაწესებული. ზოგ უნივერისტეტში ეს გამოცდა გასაუბრების ფორმითაა, ხოლო ზოგან წერილობითი.

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალს და სხვა ინფორმაციას 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩაბარების მსურველები, უნივერსიტეტების ფეისბუკ და ვებგვერდების საშუალებით გაეცნობიან. ამიტომ ამ გვერდებს აუცილებლად უნდა ადევნონ თვალი. მთავარი საბუთი, შეიძლება ითქვას, მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობაა (რასაკვირველია, უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად) სადაც მითითებულია, რომ გამოცდის ზღვარი გადალახულია. ცნობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გასცემს.

„გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის ასაღებად მსურველებმა თბილისში განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა დაწერონ, ხოლო რეგიონებში – განათლების სამინისტროს რესურსცენტრებში. ცნობის გატანას 5 სამუშაო დღეში შეძლებენ. ეს იქნება გამოცდის პირველადი შედეგები“,- აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

წელს მასწავლებლის მოსამზადებელ 60-კრედიტიან პროგრამაზე რამდენიმე უნივერსიტეტს სიახლე აქვს. EDU.ARIS.GE-მ არაერთი სტატია მოამზადა მასწავლებლობის მსურველებზე, რომლებმაც დაწყებითი საფეხურის გამოცდა ჩააბარეს, მაგრამ 60-კრედიტიან პროგრამაზე სწავლა იმ მიზეზით ვერ შეძლეს, რომ აქამდე არცერთ უნივერსიტეტს არ ჰქონდა ეს მიმართულება.

წელს პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის (I-IV) მომზადებას შეძლებს კომბინირებულ სამ საგანში, ქართული, ბუნებისმეტყველება და მათემატიკა, ხოლო ევროპის უნივერსიტეტს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადება 60-კრედიტიანი პროგრამის ფარგლებში ცალ-ცალკე შეუძლია.

როგორც ევროპის უნივერსიტეტში აცხადებენ, მათ აქვთ შემდეგი მიმართულებები: დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი, დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასი) ბუნებისმეტყველების მასწავლებლი.

ევროპის უნივერსიტეტს საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მასწავლებლის მომზადება ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, გეოგრაფიასა და ინგლისურში (უცხო ენაში მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამას სამივე საფეხური დაწყებითი, საბაზო და საშუალო აქვს ყველგან, სადაც ეს საგანია წარმოდგენილი. ავტ.), შეუძლია, თუმცა ამ უნივერსიტეტის შემთხვევაშიც დაწყებითების მიმართულება მნიშვნელოვანი სიახლეა.

„დაწყებითი და საშუალო-საბაზო საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამები გვაქვს. არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და ჩვეულებრივი ფასიანი ადგილებიც. მაგალითად, დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მიმართულებაზე გვაქვს მისაღები 40 ადგილი. ამ 40 ადგილიდან სავარაუდოდ 15 იქნება დაფინანსებული. სხვადასხვა საგნების მიხედვით გვაქვს ადგილები განსაზღვრული. მაგალითად, ისტორიის საბაზო-საშუალო საფეხურზე გვაქვს მისაღები 15 ადგილი.

გადასახადი ჩვენთან არის 2250 ლარი. თუ სახელმწიფოს მიერ კონკრეტული მიმართულება ნაკლები თანხით ფინანსდება, მაშინ სტუდენტი ფარავს ამ სხვაობას.

რაც შეეხება მიღებას, თვის ბოლოს გამოვაცხადებთ და ამის შესახებ ჩვენი ვებგვერდის და ფეისბუკ გვერდის მიხედვით შევატყობინებთ მსურველებს. რაც შეეხება შიდა გამოცდას, ესეა დასაწერი და ასევე გასაუბრება“, – გვითხრეს ევროპის უნივერსიტეტში.

მეორე უნივერსიტეტი, სადაც დაწყებითი მიმართულება დაემატა მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამას, როგორც აღვნიშნეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.

როგორც ცნობილია, ილიაუნი ერთადერთი უნივერსიტეტია, სადაც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადება სამ საგანში (I-IV კლასები) ხდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთია ჯერჯერობით იმ მხრივაც, რომელსაც ქართული, როგორც მეორე ენის პროგრამა აქვს.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამას უკვე მეხუთე წელია მსურველებს სთავაზობს შემდეგი მიმართულებებით: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელი, საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის მიმართულება: ისტორიის მასწავლებელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, გეოგრაფიის მასწავლებელი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის მიმართულება: ბიოლოგიის მასწავლებელი; ფიზიკის მასწავლებელი; უცხო ენების მასწავლებელი: ინგლისური ენის მასწავლებელი; გერმანული ენის მასწავლებელი; ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის მასწავლებელი.

წელს წარმატებით გავიარეთ აკრედიტაცია და დაგვემატა სამი ახალი 60-კრედიტიანი პროგრამა: დაწყებითი კლასების (I-IV კლ.) ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლის მომზადების პროგრამა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის მომზადების პროგრამა, მუსიკის მასწავლებლის მომზადების პროგრამა.

წინა წლების გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ, მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე საბუთების მიღება უნდა დაიწყოს სექტემბრის პირველ ნახევარში, მას შემდეგ, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს აპელაციის შედეგებს. უფრო ზუსტი ინფორმაცია მიღების კონკრეტულ თარიღებთან და კვოტებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ გვაქვს. ჩვენც ველოდებით ინფორმაციას“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამის ხელმძღვანელმა სოფიკო ლობჟანიძემ.

ილიაუნშიც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა და საგნობრივი გამოცდის ჩაბარება, ასევე შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარება.

„შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა არის ზეპირი და აპლიკანტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ზოგად განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა და მზაობა მათ განსახორციელებლად; პროგრამაზე სწავლის მოტივაცია; პრობლემის გადაჭრისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

წინა წლების განმავლობაში, პროგრამებზე მიღებული ყველა სტუდენტის გადასახადი სრულად იყო დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. მიუხედავად იმისა რომ, კონკურსი ყოველთვის იყო საკმაოდ მაღალი, ვფიქრობთ ეს არის ოპტიმალური რაოდენობა, რომ ეფექტურად წარმართოს განათლების სკოლამ სასწავლო პროცესი და ხარისხიანი განათლება მისცეს სტუდენტებს“, – აღნიშნა სოფიკო ლობჟანიძემ.

რაც შეეხება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, წელს მიღება მასწავლებლის მოსამზადებელ 60-კრედიტიან პროგრამაზე ყველა საგნობრივ მიმართულებაზე აქვს, მათ შორის ყველა უცხო ენაზე, გარდა დაწყებითი საფეხურის მიმართულებისა. პროგრამაზე 100 ადგილია გამოყოფილი და სახელმწიფოს მიერ ფინანსდება ყველა მათგანი. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, მიღება დაიწყება სექტემბრის პირველ კვირაში, თუმცა ჯერ თარიღი არაა განსაზღვრული და სამინისტროს შესაბამის ბრძანებას ელიან. მანამდე კი, პროგრამის ვებგვერდზე „განათლება 2020“ დაწყებულია ანკეტების შევსება.

„რეგისტრაციის დაწყებისთანავე ჩვენ თავად ვუკავშირდებით სტუდენტებს, რომლებმაც ანკეტა შეავსეს. ამ დროისათვის უკვე 200-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.

რაც შეეხება პროგრამაზე მიღების წინაპირობას, აპლიკანტს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა, რომელშიც გადალახული აქვს ბარიერი და დაგროვილი ქულა 10 კრედიტის ოდენობით. გარდა ამისა უნივერსიტეტში ბარდება გამოცდა ანალიტიკურ წერაში. მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე ე.წ. ფასიანი ადგილები არ არის და ყველა მიღებული სტუდენტი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სწორედ ამიტომაა დიდი კონკურსი თითოეულ ადგილზე“, – უპასუხეს EDU.ARIS.GE-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელ ერთწლიან პროგრამაზე მოხვედრილი ყველა სტუდენტი ფინანსდება, ხოლო კერძო უნივერსიტეტებს აქვთ ე.წ. ფასიანი ადგილებიც, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ადგილებთან ერთად და თუ სტუდენტმა შიდა გამოცდა მაღალ ქულაზე ვერ ჩააბარა, მას თანხის გადახდა მოუწევს სწავლის სანაცვლოდ.

ასეთია მაგალითად საქართველოს უნივერსიტეტი, სადაც 20 ადგილიდან სახელმწიფოს მიერ ფინანსდება 10, ხოლო 10 ადგილი თვითდაფინანსებითაა.

როგორც უნივერსიტეტის ვებგვერდზე წერია, უკვე დაიწყო საქართველოს უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან აკრედიტებულ პროგრამაზე საბუთების მიღება. პროგრამაზე მიიღებიან ბაკალავრები/მაგისტრები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საგნობრივი გამოცდა შესაბამისი მიმართულებით. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის ფლობა B 1/2დონეზე.

უნივერსიტეტის ცნობით, ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს შეიძლება წარმოადგენდეს დიპლომის დანართი, რომელშიც მითითებულია უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენა ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საუნივერსიტეტო გამოცდა ენის ცოდნის დასადასტურებლად.

მიღება აქვთ შემდეგ მიმართულებებზე: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ისტორია, ფიზიკა, მათემატიკა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

„დაფინანსებული აპლიკანტების გამოვლენა მოხდება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის/ტესტირების შედეგების საფუძველზე. საბუთების მიღება წარმოებს 2020 წლის 1-ლი აგვისტოდან  5 სექტემბრამდე. შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა/ტესტირება ჩატარდება 7 და 8 სექტემბერს. სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს“, – ვკითხულობთ საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

როგორც ცნობილია, გასულ წელს განათლების სამინისტრომ სკოლებში დაიწყო მასწავლებლის მაძიებლის პროგრამა, რომელიც სამუშაო გამოცდილების არ მქონე მასწავლებლის სკოლაში დასაქმებას და პარალელურად დისტანციური სწავლების კურსის გავლას ითვალისწინებს. მაძიებლობის პროგრამა რომ გაიარო, ამისთვის სკოლაში დასაქმებაა საჭირო. ასეთ დროს მაძიებელს ეძლევა პრაქტიკოსის მასწავლებლის მსგავსად ხელფასი. მაძიებელს შეუძლია დისტანციური კურსის გავლის განმავლობაში ან შემდეგ დაადასტუროს კომპეტენცია, ჩააბაროს გამოცდა და გახდეს უფროსი მასწავლებელი.

მაძიებლობის პროგრამა კარგი ალტერნატივაა რეგიონში მცხოვრები მასწავლებლებისთვის, რომელთაც სტატუსის ამაღლება სურთ. თუმცა თუ მათ ურჩევნიათ სალექციო კურსის გავლა, საქართველოს რეგიონებშიც არის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებსაც აქვთ მასწავლებლის მოსამზადებელი 60-კრედიტიანი პროგრამა (უნდა აღინიშნოს, რომ 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა შეუძლიათ როგორც მასწავლებლობის მსურველებს, ასევე მოქმედ მასწავლებლებსაც, რომლებსაც სურთ სტატუსის ამაღლება. საუნივერსიტეტო კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, რომელსაც სკოლა გაგზავნის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და მხოლოდ ამის შემდეგ მიენიჭება პირს უფროსი მასწავლებლის სტატუსი. მასწავლებლის პროგრამის კურსდამთავრებული მხოლოდ სკოლაში დასაქმების შემთხვევაში მიიღებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს. ავტ.).

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მასწავლებლის მოსამზადებელ 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღება აქვს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს, რომელიც სტუდენტებს იღებს როგორც ახალციხის, ასევე ახალქალაქის სასწავლო კორპუსებში, გორში 60-კრედიტიანი პროგრამა აქვს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, თელავში – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქუთაისში – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სიახლეების გასაგებად მსურველებმა ამ უნივერსიტეტების ვებგვერდებს უნდა ადევნონ თვალი. აქვე შეუძლიათ იმის ნახვაც, რომელ უნივერსიტეტში რა მიმართულებებზე შეუძლიათ სწავლა.

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის გრანტის ოდენობა განისაზღვრა – 2020-2021 წელი

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური