რა სურთ მასწავლებლისგან 7, 8, 9 კლასის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს – კარგი მასწავლებლის პორტრეტი
კარგი მასწავლებელი – ხშირად ეს მთავარი პირობაა, რომლის მიხედვითაც მშობლები სკოლას ვირჩევთ. დაწყებით კლასებში ჩვენ ლმობიერი და საქმის პროფესიონალი პედაგოგი გვჭირდება, ამ საფეხურის გადაგორებას თითქოს ბავშვებიც მარტივად ახერხებენ, თუმცა როგორ იცვლება ჩვენი მოთხოვნები საგანმანათლებლო დაწესებულებისადმი როცა მოსწავლე გარდატეხის ასაკშია. ყურადღება, კონტროლი, განსხვავებული მიდგომები… თინეიჯერობის ეტაპზე მოსწავლესთან ურთიერთობა არც მშობლისთვის არის ადვილი, ისინი ძალიან პირდაპირები და ხშირად კრიტიკულები არიან. მათი „კონტროლი“ რომ მშობლისთვისაც რთულია, ამას ჩვენი სტატია და მისი რესპონდენტებიც დაადასტურებენ.
სტატიების სერიის ფარგლებში EDU.ARIS.GE ახლა უკვე გთავაზობთ საბაზო საფეხურის, 7-9 კლასის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მოსაზრებებს, თუ როგორი (არ)უნდა იყოს კარგი მასწავლებელი, როგორია მათი „დაკვეთა“ მასწავლებლებისადმი.
მარიამ პ. მე-7 კლასის მოსწალე: „ჩემს სკოლაში მგონი არც ერთი არაა კარგი მასწავლებელი. მეხუთე კლასში მყავდა ძალიან კარგი მასწავლებელი. კარგად გვიხსნიდა გაკვეთილებს, უცხო სიტყვებს, რაც გვქონდა სასწავლი. სწავლების ფორმა ჰქონდა ძალიან კარგი, სიტყვებს ადარებდა რაღაცებს. თამაშ- თამაშით გვასწავლიდა და კარგად ჯდებოდა ტვინში. ახლა არც ერთი არაა კარგი მასწავლებელი. ჩემი აზრით, მასწავლებელი თავის ჭკუაზე არ უნდა დაატარებდეს ბავშვს და მოსწავლის აზრს უნდა იზიარებდეს. ჩვენი დამრიგებელი არის ძალიან პატრიოტი და ყველაფერი ძველი უყვარს. ქიმიასაც კი ვსწავლობ, როცა მასწავლებელი მომწონს. მოაქვს ხოლმე რაღაცები. აი, მაგალითად როცა გვიხსნის – რას ნიშნავს ჟანგბადის ფორმულა – მოაქვს პატარა ბურთები ამას აერთებს ერთმანეთთან და გვეუბნება, რომ ასეთი შემადგენლობა აქვს ჟანგბადს. ისტორია, როგორც საგანი მიყვარს, მაგრამ მასწავლებელი -არა. ცუდი მეტყველება აქვს, ასოებს ამახინჯებს და ყლაპავს და ჩვენთვის რთულია გავიგოთ რას ამბობს. კარგი მასწავლებელი უნდა იყოს მეგობრული, კარგად ასწავლიდეს, უნდა დაგვაჯგუფოს ხოლმე, დისკუსიები გაგვამართინოს, ასე საგანს უფრო მარტივად ვისწავლით“.
მაგდა სეფაშვილი, მეშვიდე კლასელი მარიამ პ-ის დედა: „დღევანდელ სკოლაში ხაზგასმით გამოვყოფდი კლასის დამრიგებლის როლს. დანარჩენმა მასწავლებლებმა თავისი საგანი უნდა ასწავლონ, მაგრამ დამრიგებლის როლი ვერ გაითავისეს დღევანდელმა მასწავლებლებმა. ის, გარდა გაკვეთილებისა, იმასაც უნდა აკვირდებოდეს როგორი ურთიერთობა აქვთ ბავშვებს ერთმანეთთან და სხვა მასწავლებლებთან. მე, მაგალითად მასწავლებლებთან რა მოთხოვნაც მაქვს, არის ის, რომ ბავშვს არ უნდა ჰქონდეს შიში რაღაცას რომ ვერ გაიგებს, თამამად უნდა ჰკითხოს მასწავლებელს განმეორებით. და რა რეალობა გვაქვს? -მეორეჯერაც კი არ უხსნიან მასწავლებლები, „რას ჰქვია ვერ გაიგე, არ მისმენდი და ამიტომ ვერ გაიგე“ – ეს აქვთ არგუმენტი. კარგმა მასწავლებელმა უნდა შეაყვაროს ბავშვს სკოლაც და საგანიც. ყველაზე მთავარი- საგნის სიყვარული, სწორედ მასწავლებელზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება სკოლას- ვისურვებდი, რომ ელექტრონული ჟურნალის სისტემა გაკეთდეს (სადაც არის იქ დაიხვეწოს), სადაც ჩაიწერება ბავშვს რა აქვს დავალება. ეს უნდა გახდეს ყველა მასწავლებლის ვალდებულება, რომ მე ჩემი შვილის გაკონტროლება გამიადვილდეს და არ დამჭირდეს სხვა ბავშვთან და მითუმეტეს მის მშობელთან, ან თავად მასწავლებელთან დარეკვა ამის გადასამოწმებლად“.
სწავლა-სწავლების მარტივი, მოქნილი და სწრაფი მეთოდები- ეს ერთ-ერთია, რასაც საბაზო საფეხურის მოსწავლეებიც მასწავლებლისგან უპირველესად მოითხოვენ. თანამედროვე ტექნოლოგიებით შეპყრობილი და გაჟღენთილ თაობას მათ მშობლებზე ნაცადი მეთოდები აღარ მოსწონთ. ვერც „შიშით შეიქმნიან სიყვარულს“ და პრაგმატულად ალაგებენ, რა უნდა ისწავლონ, იმიტომ რომ სჭირდებათ, რა, იმიტომ რომ საჭირო და აუცილებელია და რა, იმიტომ რომ იმ მომენტისთვის (ნიშნისთვის) ასე სჯობს.
დაჩი წერეთელი, მე-9 კლასის მოსწავლე: „კარგი მოსწავლე არც მე ვარ და ამიტომ კარგი მასწავლებელი რომ დავახასიათო ან ცუდი, ცოტა უხერხულია, მაგრამ კარგი მასწავლებლების გაკვეთილზე მრცხვენია ხოლმე და ხანდახან მაინც ვცდილობ კარგად ვისწავლო, ცუდ მასწავლებლებთან კი სულ ვცდილობ ნიშანი მივიღო. ერთი მასწავლებელი მყავს, ყველა ჩემი კლასელი და მათ შორის მეც ძალიან ვუყვარვართ. ძალიან ჯიგარია, ცდილობს, კლასშივე გვასწავლოს საგანი, ჯგუფებად გვყოფს ხოლმე და ერთმანეთს გვაჯიბრებს. სულ მომწონს მისი გაკვეთილები და ვცდილობ რაღაცები მაინც წავიკითხო, რომ ჩვენმა ჯგუფმა სხვებს მოუგოს. ამ შეჯიბრებისთვის ვემზადებით ხოლმე წინასწარ და საინტერესოა. არადა, თვითონ საგანი დიდად არ მომწონს, თავისით შემომესწავლება ხოლმე. მათემატიკა გვყავს რაღაცნაირი, ლაპარაკობს თავისთვის, სულ ხსნის, ხსნის, ხსნის, ბოლოს აღმოჩნდება რომ არავის არაფერი ესმის, ერთი ორი მოსწავლის გარდა. იცით რას ვეტყვი დღევანდელ მასწავლებლებს?! – რაც უფრო გვემეგობრებიან უფრო კარგი იქნება. სხვანაირი თაობა რომ ვართ ვერ გაუგიათ. ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა“.
მე-8 კლასის მოსწავლე, 173 სკოლა: „ჩემი აზრით, კარგი მასწავლებელი უნდა იყოს გამგებიანი, მოგცეს გაკვეთილზე შეცდომის დაშვების უფლება, არ იყოს გადაკიდებული მოსწავლეზე და რაღაც შეცდომები აპატიოს მას. რამე რომ შეგეშლება, რომ მოგცემს უფლებას შემდეგ გაკვეთილზე გამოასწორო ან აგიხსნის განმეორებით და ქულას არ დაგაკლებს შეცდომისთვის.
„მასწავლებელი არ უნდა იყოს მკაცრი, ბავშვები მხოლოდ შიშის გამო რომ სწავლობდნენ გაკვეთილს. ახსნის დროს უნდა მისცეს ბავშვს მოტივაცია, რომ შეაყვაროს საგანი. მე, მაგალითად ისტორიას, შიშის გამო ვსწავლობ. შეიძლება, მასწავლებელი საგანში ძლიერი იყოს, მაგრამ გეშინოდეს მისი. ვერ იგებდე მის საგანს, მაგრამ იმიტომ რომ ნიშანი არ გაგიფუჭოს სწავლით იკლავდე თავს. სიყვარულით და არა შიშის გამო ნასწავლი გაკვეთილი არასდროს მავიწყდება“.
როგორია კარგი მასწავლებელი – 1-6 კლასის მოსწავლეებისა და მშობლების თვალსაზრისი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება