როგორია კარგი მასწავლებელი – 1-6 კლასის მოსწავლეებისა და მშობლების თვალსაზრისი
ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელთა ათეულში ერთი ქართველი, გურული მასწავლებელიც მოხვდა. ლადო აფხაზავამ საზოგადოებას თავი მისი განსაკუთრებულობით და სწავლების მისეული მეთოდებით გააცნო. გახდება თუ არა ლადო აფახაზავა მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს მფლობელი ეს სწორედ დღეს, 24 მარტს გაირკვევა, მანამდე კი საინტერესოა, როგორი უნდა იყოს მასწავლებელი? რატომ არსებობენ კარგი და ცუდი პედაგოგები? და როგორი მასწავლებლები სურთ თავად მოსწავლეებს. სტატიების სერიის ფარგლებში, სტატიის პირველ ნაწილში EDU.ARIS.GE -ს დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მათი მშობლები ესაუბრებიან.
რა გვსურს და რა სურთ მოსწავლეებს მასწავლებლისგან?
მთავარი პრობლემა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის არის, ის რომ პედაგოგებს მათი არ ესმით და ხშირად, არც მათთვის გასაგებად ხსნიან გაკვეთილს. ყვირილი კი მოსწავლეების თქმით, გამოსავალი არასდროსაა. 1-6 კლასის მოსწავლეები, ყველაზე კარგად იმ საგანს სწავლობენ, რომლის მასწავლებელიც თამაშ-თამაშით ხსნის გაკვეთილს და არა ყვირილით. იმავეს ფიქრობენ, მოსწავლეების მშობლებიც. გარდა ამისა, მათივე თქმით, დღეს სკოლაში მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლების დეფიციტია. ახალ თაობას კი სწორედ ინდივიდუალური მიდგომები სჭირდება და არა ჩარჩოში ჩასმული, დრომოჭმული სწავლების მეთოდები.
„მასწავლებელი მხოლოდ ის ხომ არაა, დაჯდეს და საგანი გასწავლოს”, “ბავშვს მასწავლებლის არ უნდა ეშინოდეს”, “მასწავლებელი იმდენჯერ უნდა ხსნიდეს გაკვეთილს, სანამ ბავშვი არ გაიგებს”, “მასწავლებელმა უნდა იცოდეს კარგად ის საგანი, რომელსაც ასწავლის და გადმოცემა შეეძლოს”, “მასწავლებელმა უნდა შეაყვაროს ბავშვს სკოლაც და საგანიც“ – ეს არასრული სიაა იმ სურვილების, როგორიც (არ)უნდა იყოს მასწავლებელი.
167-ე სკოლის მეორე კლასელ ანა გელაშვილს, ერთი შეხედვით, ყველა მასწავლებელი მოსწონს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ზოგი მათგანი ბავშვებს უბრაზდება უმიზეზოდ, ზოგი შენიშვნებს იძლევა და ზოგიც ძალიან მეგობრულია.
„ინგლიურის მასწავლებელი კარგი არის, ქართულის მასწავლებელი ცოტა შენიშვნებს გვაძლევს ხოლმე. თუ ვინმეს შეეშლება, ან ვინმემ გაკვეთილი არ იცის, მაშინ უბრაზდება ხოლმე. თქვენ უნდა ისწავლოთ გაკვეთილები და უნდა დაწეროთ ყველაფერიო. მასწავლებელი ბავშვებს არ უნდა უბრაზდებოდეს, როცა გაკვეთილი არ იცის, მაგრამ შენიშვნას უნდა აძლევდეს. მეგობრული უნდა იყოს კიდევ კარგი მასწავლებელი. მყავს მე ასეთი მასწავლებელი. ცუდი მასწავლებელი არ ვიცი როგორია“, – განუცხადა ანამ EDU.ARIS.GE-ს.
ანას დედა, თამთა ქაშიაშვილი კი ფიქრობს, რომ მასწავლებლები სულ უნდა ვითარდებოდნენ, ტრენინგებზე დადიოდნენ.
„ანას მასწავლებელი ახალგაზრდა გოგოა და ძალიან დიდი შემართებითაა. ყველა ბავშთან აქვს მეგობრული ურთიერთობა და შრომისმოყვარეა. გაკვეთილების შემდეგაც კი წრეები აქვს და უფასოდ ამეცადინებს ხოლმე ბავშვებს. ჩემთვის კარგი მასწავლებლის ეტალონი ასეთია – მეგობრული რომ იყოს, ყველა ბავშვს თავისებურად რომ მიუდგეს და არ ჰქონდეს დოგმები. ჩარჩოების გარეშე რომ იყოს ბავშებთან უკეთესია“, – აღნიშნავს მშობელი.
ის რომ მასწავლებელი არ უნდა ყვიროდეს გაკვეთილზე, ამას ამბობს მეორე კლასელი მარიამიც. მას სწორედ ის მასწავლებელი არ მოსწონს, რომლიც მას და მის თანაკლასელებს უყვირის. ის მასწავლებელი კი, რომელიც თამაშით ასწავლის მასში დიდ სიყვარულს იმსახურებს.
„ჩემი დამრიგებელია, კარგად მასწავლის გაკვეთილებს, თან გვათამაშებს ხოლმე, გვაძერწინებს და გვეთამაშება. ინგლისური არის ცუდი მასწავლებელი, გვიყვირის ძალიან, როცა ჩემი კლასელი ბიჭები ხმაურობენ. ხელოვნება არ მომწონს კიდევ, ისიც გვიყვირის. კარგი მასწავლებელი კარგად უნდა გვიხსნიდეს გაკვეთილს დ არ იყვიროს. უბრალოდ ისე უთხრას, რომ გაჩუმდნენ ბავშვები“, – უთხრა მარიამმა EDU.ARIS.GE-ს.
მასწავლებლის ხმამაღალი ტონი პრობლემაა მეხუთეკლასელი სალომესთვისაც. მისი თქმით, მასწავლებელი უნდა იყოს მხიარული, თამაშით უნდა ხსნიდეს ახალ გაკვეთილს და რაც მთავარია – არ ყვიროდეს!
„ჩემი დამრიგებელი ძალიან მხიარული და კარგი მასწავლებელია. ყველგან დავყავართ სადაც საჭიროა. გაკვეთილებს კარგად გვიხსნის. თითქმის იქვე გვასწავლის პარაგრაფებს. ერთი მასწავლებელია, რომელიც გაკვეთილზე გვათამაშებს ხოლმე და ისე გვასწავლის“, – გვითხრა სალომემ.
მარიამის და სალომეს დედა ნინო კი ფიქრობს, რომ მასწავლებელი ბავშვებთან უფრო მეტად კონტაქტური უნდა იყოს და მათთვის გასაგებად ხსნიდეს გაკეთილს. მისი თქმით, ზოგი პედაგოგი პირდაპირ წიგნიდან აძლევს დავალებას და მეტს არაფერს ხსნის, ზოგი საერთოდ არ ხსნის, რაც ცუდია. მასწავლებელმა იმდენჯერ უნდა ახსნას რამდენჯერაც საჭიროა, სანამ ბავშვი არ გაიგებს.
იმას, რომ მასწავლებელი კარგად უნდა ხსნიდეს გაკვეთილს, თითქოს ხაზგასმა არ უნდა სჭირდებოდეს, თუმცა მეოთხე კლასელი ნიაკო სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს. მისი აზრით, კარგი მასწავლებელი უნდა იყოს კეთილი, მეგობრული და კარგად უნდა ხსნიდეს გაკვეთილს. ასევე ითხოვდეს სწავლას. ცუდი მასწავლებელი კი არის ისეთი, რომელიც სულ ჩხუბობს.
„ესპანურის მასწავლებელი მყავს კარგი. კარგად გვიხსნის ყველაფერს და ბევრ რაღაცას გვასწავლის. დავალებას რომ გვაძლევს, ჯერ გვიხსნის და შემდეგ გვაძლევს“, – იხსენებს ნიაკო.
არ არსებობს, იმაზე დიდი შეფასება მასწავლებლისთვის, ვიდრე ეს მოსწავლეების მიერ დაწერილი „ნიშანია“. 10 ქულას კი ისინი ამ ეპოქაში, მეგობრულ, სიახლეებზე ორიენტირებულ, მცოდნე, ნოვატორ და ისეთ მასწავლებელს უწერენ, რომელიც საგანს კარგად, მათთვის გასაგებად და საჭიროების შემთხვევაში, რამდენჯერმე ხსნის.
საგულისხმო ფაქტი, რის შესახებაც დაწყებითი კლასების მოსწავლეების უმეტესობისგან მოვისმინეთ, სკოლაში „მყვირალა“ მასწავლებლის არსებობის პრობლემაა.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება