GE

რა სხვაობებია ინგლისური ენის მოქმედ და განახლებულ სტანდარტის შორის – წამყვანი მასწავლებლის პირველადი ანალიზი და შეფასება

ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი და Georgian Educational Laborers’ Union -ის დამფუძნებელი, თამარ ცანავა განახლების პროცესში მყოფი ინგლისური ენის საგნის სტანდარტზე საუბრობს და ძველსა და ახალ დოკუმენტს შორის არსებულ სხვაობებს ხსნის.

EDU.ARIS.GE 21 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც მოგეხსენებათ ყველა საგანში მიმდინარეობს ახალი სტანდარტების განხილვა. შევეცადე შემედარებინა ძველი და ახალი სტანდარტი და განსხვავებები ჩამომეწერა. თუ რამე გამომრჩა, შეგიძლიათ დაამატოთ, რომ მეტად ცხადი სურათი მივიღოთ თუ რას უნდა ველოდოთ ახალი სტანდარტის დანერგვის შემდეგ ინგლისურ ენაში.

დაწყებითი საფეხური (I-IV და I-VI კლასები)

ძველი სტანდარტი

  • სტრუქტურა: სტანდარტი მოიცავდა 1-4 და 5-6 კლასებს, თუმცა ორივე ჯგუფში ძირითადი აქცენტები მსგავსი იყო.
  • მიზანი: მოსწავლეებს უნდა განევითარებინათ ელემენტარული საკომუნიკაციო უნარები, გაეგოთ და გამოეყენებინათ მარტივი ტექსტები.

ძირითადი კომპონენტები:

მოსმენა და გაგება – მოსწავლე უნდა მომზადებულიყო ადაპტირებული ტექსტების მოსასმენად და გასაგებად.

კითხვის უნარები – მარტივი ტექსტების წაკითხვა და ძირითადი ინფორმაციის აღქმა.

ზეპირი კომუნიკაცია – ნაცნობ თემებზე მარტივი საუბრის წარმართვა.

წერის უნარები – მცირე ტექსტების შექმნა, მაგალითად, მისალოცი ბარათები.

გრამატიკა – ელემენტარული დროები (Present Simple, Past Simple), მარტივი წინადადებები, ნაცვალსახელები, მოდალური ზმნები (can, must).

კულტურული კომპონენტი – ინგლისურენოვანი სამყაროს ელემენტარული გაგება.

ახალი სტანდარტი

სტრუქტურა: ახალ ვერსიაში უფრო დეტალურია სამიზნე ცნებები და ინდიკატორებია 1-6 კლასებისთვის.

მიზანი: გაცილებით მეტი აქცენტი კეთდება კომუნიკაციურ უნარებზე და ტექსტის გაგების უნარებზე.

ძირითადი ცვლილებები:

მოსმენა და კითხვის უნარები – ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ ტექსტის გაგებაზე, არამედ მის ანალიზზე, მულტიმედიური რესურსების (ვიდეო, აუდიო) გამოყენებაზე.

ზეპირი კომუნიკაცია – მოსწავლეები უნდა შეძლონ არა მხოლოდ საუბრის წამოწყება, არამედ დიალოგის განვითარება და თემატურ დისკუსიებში ჩართვა.

წერა და წერის სტრატეგიები – მეტი აქცენტი კეთდება ტექსტების სტრუქტურასა და თანმიმდევრულობის დაცვაზე.

კულტურათაშორისი კომუნიკაცია – მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებს და უკეთ აანალიზებენ ქართული და ინგლისური კულტურის მსგავსებებსა და განსხვავებებს.

ახლა განვიხილოთ საბაზო საფეხურის სტანდარტი (VII-IX კლასები)

ძველი სტანდარტი

სტრუქტურა: მოიცავდა სამ ძირითად კომპონენტს – მოსმენა/კითხვა, ლაპარაკი და წერა.

მიზანი: მოსწავლეები უნდა განვითარებულიყვნენ მოსაუბრეებად, რომლებიც შედარებით რთულ ტექსტებს გაიგებდნენ და მათზე რეაგირებას შეძლებდნენ.

ძირითადი კომპონენტები:

მოსმენა და კითხვა – საინფორმაციო ტექსტების, მოკლე სტატიების, კომიქსების, მარტივი დიალოგების გაგება.

ზეპირი კომუნიკაცია – მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ შეკითხვების დასმა, პირადი მოსაზრებების გამოთქმა, მოკლე პრეზენტაციების მომზადება.

წერა – სტრუქტურირებული ტექსტების შექმნა, მაგალითად, მეგობრული წერილი, დღიური, მოკლე ბლოგი.

გრამატიკა – შედარებით რთული დროები (Present Perfect, Past Perfect), პირობითი წინადადებები (Conditional 0, 1), მოდალური ზმნები (could, should).

კულტურული ცნობიერება – უცხოური ტრადიციებისა და სოციოკულტურული განსხვავებების აღქმა.

ახალი სტანდარტი

სტრუქტურა: ახალი სტანდარტი უფრო ფუნქციური და პრაქტიკულია, აქცენტი ტექსტის ანალიზზე, მედიაციაზე და დამოუკიდებელ მსჯელობაზეა.

ძირითადი ცვლილებები:

მოსმენა და კითხვა – მოსწავლეები არა მხოლოდ კითხულობენ ტექსტებს, არამედ სწავლობენ მათი ძირითადი იდეების შეჯამებას, დისკუსიებში გამოყენებას.

ზეპირი კომუნიკაცია – საუბარი არა მხოლოდ ყოველდღიურ თემებზე, არამედ სხვადასხვა სოციოკულტურულ და გლობალურ საკითხებზე.

წერა – მოსწავლეები ქმნიან არა მხოლოდ წერილებს, არამედ მოკლე ესეებს, ოფიციალურ წერილებს, ბლოგპოსტებს.

გრამატიკა – დაემატა Passive Voice ყველა დროში, Conditionals 0-2, უკეთესი წერისთვის Cohesive Devices (კავშირები) გახდა უფრო მნიშვნელოვანი.

კულტურათაშორისი დიალოგი და მედიაცია – მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა ენასა და კულტურაში არსებულ განსხვავებებს, ცდილობენ თარგმნის, ტექსტის ინტერპრეტაციისა და შეჯამების უნარების განვითარებას.

ძირითადი განსხვავება:

ახალი სტანდარტი უფრო ინტეგრირებულია და მოსწავლეებს ეხმარება არა მხოლოდ ენის გაგებაში, არამედ კრიტიკულ აზროვნებასა და კულტურულ კომუნიკაციაში.

მიუხედავად პოზიტიური ასპექტებისა, მაინც არსებობს გარკვეული რისკები და ურიგო არ იქნება, თუ მათაც ჩამოვწეერთ:

– ახალი სტანდარტი მოითხოვს მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის სასწავლო რესურსებს (სასწავლო მასალები, სახელმძღვანელოები, აუდიო-ვიდეო რესურსები). თუ ეს არ იქნება ხელმისაწვდომი ყველა სკოლაში, მოსწავლეები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან.

– ახალი სტანდარტი მოითხოვს მასწავლებლებისგან ახალი მიდგომების გამოყენებას (მედიაცია, ინტერკულტურული კომუნიკაცია, ტექსტის ღრმა ანალიზი), რაც შესაძლოა არც ისე მარტივი იყოს ზოგი მასწავლებლებისთვის.

– სტანდარტი ითხოვს უფრო ღრმა გრამატიკულ ცოდნას და ტექსტის უფრო კომპლექსურ ანალიზს, რაც ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი არ/ვერ იქნება (განსაკუთრებით დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის).

– ახალი სტანდარტის დანერგვა მოითხოვს შესაბამისი შეფასების მექანიზმების შექმნას. თუ არსებული შეფასების სისტემა არ შეიცვალა, მოსწავლეთა რეალური პროგრესის გაზომვა შეიძლება გართულდეს.

– ახალი სტანდარტი მოითხოვს უფრო მეტ კრიტიკულ აზროვნებას, პროექტულ მუშაობას და ტექსტების ღრმა ანალიზს. თუ მოსწავლეებს ბევრ სხვა საგანში მსგავსი მოთხოვნები ექნებათ, ეს შეიძლება მათთვის გადაღლის და მოტივაციის დაკარგვის მიზეზი გახდეს.

– ზოგიერთი მშობელი ან მასწავლებელი შეიძლება სკეპტიკურად იყოს განწყობილი კულტურათაშორისი ასპექტების მიმართ, რაც შესაძლოა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში წინააღმდეგობებს ქმნიდეს. ამის ნათელი მაგალითია ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა, რომელიც წლებია გარჩევის საგანია ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში. მსგავსი დღესასწაულების სწავლებამ/აღნიშვნამ ან სხვა ქვეყნების კულტურიდან გამეორებამ (საგანმანათლებლო მიზნით) , შესაძლოა იგივე წინააღმდეგობა შექმნას, როგორც ეს ამ კონკრეტული დღესასწაულის განხილვას მოყვება ხოლმე.

– ახალი სტანდარტი მოითხოვს ტექნოლოგიების გამოყენებას (აუდიო-ვიდეო მასალები, ონლაინ რესურსები), მაგრამ ყველა სკოლას არ აქვს საკმარისი ტექნიკური შესაძლებლობები. ამას ძველიც მოითხოვდა, მაგრამ ახლა ტექნოლოგიების/რესურსების გარეშე ამ სტანდარტის დაძლევის შანსი ძალიან დაბალია.

სულ ეს იყო…. გთხოვთ შეავსოთ თუ რამე გამომრჩა.

ამავე თემაზე:

ისტორიის სწავლების „ახალი“ პოლიტიკა სკოლაში – რისკები და გამოწვევები

„კიდევ ერთი წარუმატებელი ექსპერიმენტის მოწმე გავხდებით“ – ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის გამოწვევები სააშკარაოზე გამოდის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური