რა თანხა დაიხარჯა კვლევებზე 2024 წელს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში – საქსტატის მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 31 ოქტომბერს უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში კვლევებისა და დამუშავებების გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, 2024 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს 66 დაწესებულება ახორციელებდა – მათ მიერ კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე გასული წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯებმა კი 242.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 19.7%-ით აღემატება.
გასული წლის მონაცემებით, 6.4%-ით გაიზარდა კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობაც და 16 191 შეადგინა, მათგან 14 046 მკვლევარი იყო. მკვლევრების 55.0%-ს ქალი, 45.0%-ს კი კაცი წარმოადგენდა; 68.8% დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 28.9% მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, ხოლო 2.3% ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული იყო.
რაც შეეხება მკვლევრების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.6 %), ხოლო კაცების შემთხვევაში 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (25.6 %) მოდიოდა.
2024 წელს, მკვლევრების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობდა. მათი საერთო რიცხოვნობა 3 491 პირი იყო. ყველაზე მცირე ნაწილი კი, სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდიოდა, სადაც 484 პირი მუშაობდა.
უფრო კონკრეტულად კი გასულ წელს, სამეცნიერო სფეროების მიხედვით მკვლევრების განაწილება შემდეგნაირი იყო:
- სოციალური მეცნიერებები – 24.9%
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – 20.6%
- ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება – 19.2%
- ინჟინერია და ტექნოლოგია – 16.2%
- სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები – 15.7%
- სოფლის მეურნეობა/ვეტერინარია – 3.4%
ასევე იხილეთ:
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება