რა თანხები დაიხარჯება 2023 წელს განთლების სექტორში და რა სიახლეებია დასაქმებულთათვის – ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი
დეკემბერში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. ბიუჯეტის საბოლოო, გადამუშავებული ვერსია 30 ნოემბრის შემდეგ პარლამენტშია და როგორც მთავრობის მეთაურმა გასულ დღეებში ისაუბრა, მასში განხორციელებული ცვლილებები განათლებას და სოციალურ მიმართულებებს შეეხო.
EDU.ARIS.GE 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას გაეცნო და განათლების სექტორის და მასში დასაქმებულ პირთათვის განსაზღვრული ბიუჯეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციებს გაგაცნობთ.
ცვლილებების გათვალისწინებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში, მის წინა ვერსიებთან შედარებით, ფინანსური რესურსი იზრდება 660,0 მლნ ლარზე მეტით.
წარმოდგენილ პროექტში, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია ხარჯვით ნაწილშიც, სადაც გამოყოფილია დამატებითი თანხები სოციალური, განათლების, ეკონომიკის ხელშეწყობის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ასევე, გათვალისწინებულია საკომიტეტო და სასესიო განხილვების შემდგომ პარლამენტის გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების უდიდესი ნაწილი.
განათლების მიმართულებით – ბიუჯეტის პირველად ვარიანტში დაფინანსება გაზრდილი იყო 400 მლნ ლარზე მეტით, ხოლო წარმოდგენილი პროექტის მიხედვით დამატებით გამოიყოფა 150 მლნ ლარზე მეტი. დამატებული თანხიდან 100 მლნ ლარი მიიმართება მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის, ხოლო 30 მლნ ლარზე მეტი – სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე.
გარდა ამისა, 2023 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ცვლილებებს ე.წ. დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს მიიღებენ სრულ ხელფასს, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის განსაზღვრული დახმარება გაორმაგდება და 1 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 2 000 ლარით.
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარით ზრდას და ერთ ბავშვზე დახმარება განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით. ამ მიზნით გამოიყო დამატებით 65 მილიონ ლარზე მეტი.
როგორც მთავრობის მიერ პარლამენტისთვის მიწოდებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 25,1 მლრდ ლარს, რაც საშუალებას იძლევა ბიუჯეტმა სრულყოფილად უპასუხოს ქვეყნის ძირითად გამოწვევებს.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 345,0 მლნ ლარზე მეტით,
ხოლო ჯამურად განათლების დაფინანსება გაზრდილია 550,0 მლნ ლარით, რომლის
ფარგლებში:
- საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატი იზრდება 125 ლარით;
- ასევე, 125 ლარით იზრდება მანდატურების ხელფასებიც;
- გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
- გათვალისწინებულია პროფესიული სასწავლებლების პედაგოთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა (15-დან 18 ლარამდე);
- იწყება 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარამდე;
- ადამიანური კაპიტალის განვითარების რეფორმის ფარგლებში იწყება საჯარო სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობა;
- იწყება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, რომლისთვისაც გამოყოფილია 100,0 მლნ ლარი;
- მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა.
სახელწიფო ბიუჯეტის გადასახდელების (ასიგნებების) მოცულობა, ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 726,1 მლნ ლარით და შეადგენს 21 880,1 მლნ ლარს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება პროექტის გადამუშავებულ ვარიანტან
შედარებით გაზრდილია 52,2 მლნ ლარით და განისაზღვრა 2 030,8 მლნ ლარის ოდენობით, მათ
შორის:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 341,0 მლნ ლარი. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატის და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით;
პროფესიული განათლება – 87,4 მლნ ლარი. გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე;
უმაღლესი განათლება – 147.5 მლნ ლარი;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 75,8 მლნ ლარი. გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში
დასაქმებულთა ხელფასების 10%-იანი ზრდა;
ინკლუზიური განათლება – 45,6 მლნ ლარი. პროგრამის ფარგლებში მასწავლებლების ანალოგიურად გათვალისწინებულია სპეც. მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა 125
ლარით;
ინფრასტრუქტურის განვითარება – 229,0 მლნ ლარამდე. მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 179,1 მლნ ლარამდე (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარზე მეტი); პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 50.0 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სახსრები); უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 10.1 მლნ ლარი
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა დოკუმენტის დამტკიცების ვალდებულება საკანონმდებლო ორგანოს წლის ბოლომდე აქვს.
ასევე იხილეთ:
„დააბრუნეთ საატესტატო გამოცდები!“ – რა კითხვები აქვს განათლების მინისტრთან საზოგადოებას
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება