ახალგაზრდობის მიმართულების დამატებით განათლების სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 8 მილიონით გაიზარდა – საბოლოო დოკუმენტი პარლამენტშია
ახალგაზრდობის მიმართულების დამატების ფონზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 8 მილიონიანი საბიუჯეტო ზრდა აქვს და ამ უწყების 2024 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 508 მილიონი ლარი იქნება.
„აღნიშნული ზრდა დაკავშირებულია ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადასვლით“, – წერია 2024 წლის ბიუჯეტში.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ და ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისთვის, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, უკვე საკანონმდებლო ორგანოშია და დეკემბრის თვეში დამტკიცდება.
როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, უშუალოდ განათლების და მეცნიერების მიმართულებით, წარმოდგენილი ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ცვლილებები არ განხორციელებულა.
„დაფინანსება ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გადამუშავებულ ვარიანტში გაიზარდა 160 მლნ ლარით (ჯამურად იზრდება 580 მლნ ლარით), რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია: საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა – სრული დატვირთვის მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით; საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 450 მლნ ლარამდე; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225 მლნ ლარზე მეტი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა“, – ვკითხულობთ ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტის განმარტებით ბარათში.
პროგრამული მიმართულებები კი 2024 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიაში ასე ჩამოყალიბდა:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 მილიარდ 575 მლნ ლარი. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა. აღსანიშნავია, რომ სრული დატვირთვის მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით.
ამავე პროგრამის ფარგლებში 70,0 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის, ხოლო 61 მლნ ლარამდე პირველკლასელი და წარჩინებული მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველსაყოფად;
პროფესიული განათლება – 113 მლნ ლარი;
უმაღლესი განათლება – 166,3 მლნ ლარი;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 78,2 მლნ ლარი;
ინკლუზიური განათლება – 56,2 მლნ ლარი;
ინფრასტრუქტურის განვითარება – 424,2 მლნ ლარი. მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება 333 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გამოყოფილია 469,0 მლნ ლარზე მეტი); პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 62,4 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის და თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის – პროექტი (ADB) ფარგლებში განსაზღვრული სახსრები); უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 15,0 მლნ ლარი.
ასევე იხილეთ:
- 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12%-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა – საქსტატის უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
- როგორ შეძლებს სკოლის თანამშრომელი დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას – რეგისტრაციის წესი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- სახალხო დამცველი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და ბავშვთა უფლებებს შეახსენებს by ამბები ზოგადი განათლებიდან