GE

რა თქვა განათლების სისტემასა და მის რეფორმირებაზე პრემიერმა პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით გამოდის. ოთხკომპონენტიან ანგარიშში განათლების სისტემური რეფორმა ერთ-ერთია, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში საუბრობს.

გიორგი გახარიას თქმით, განათლების სფეროს სისტემური რეფორმის დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა და წლები გაგრძელდება, ვინაიდან კომპლექსურია და ბევრი კომპონენტისგან შედგება.

„განათლების სისტემური რეფორმა სწორი გადაწყვეტილებაა, რამეთუ კომპეტენციისა და კაპიტალის თვალსაზრისით, ადამიანური კაპიტალი სულ უფრო და უფრო უნდა იზრდებოდეს ქვეყანაში. ამას მარტივი მიზეზი აქვს და მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები ჩვენი განათლების სისტემის გავლის შემდგომ გლობალურ ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები. სხვა შემთხვევაში ქართველი ახალგაზრდები ვერ გაუწევენ კონკურენციას თავის თანატოლებს, რომლებსაც ღირსეული ეფექტური, წარმატებული განათლების სისტემა ექნებათ გამოვლილი. განათლება – ეს არის სისტემური რეფორმა, რომელიც არის გამოსასწორებელი, მაგრამ ამასთან ერთად ყველას უნდა გვესმოდეს და ვიყოთ რეალისტები, რომ განათლების რეფორმა ეს არის გრძელვადიანი რეფორმა. განათლების სისტემური რეფორმა არის კომპლექსური და მოიცავს ყველა ეტაპს და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს დასრულდება ერთ ან ორ წელში. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ განათლების რეფორმაზე ბევრ თაობას მოუწევს მუშაობა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის განათლების სამინისტროს დაანონსებული გეგმა ძალაშია და ეროვნული გამოცდები “ისე ღირსეულად ჩატარდება, როგორც ამას ჩვენი მეთორმეტე კლასელები იმსახურებენ”.

განათლების სისტემის კომპონენტებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრი პროფესიული განათლების სფეროსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ავტორიზაციის დებულებებში შესული ცვლილებები, საშუალებას მისცემს პროფესიულ სასწავლებლებს დაუხლოვდნენ ევროპულ სტანდარტებს.

მისივე თქმით, პროფესიული განათლების პრობლემა, რომ ახალგაზრდები ხშირად საცხოვრებელი ხარჯების გამო ვერ მიდიოდნენ სასწავლებლად სხვა ქალაქებსა და რაიონებში, ახალი კოლეჯების გახსნით მოგვარდება.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენ პროფესიული განათლების სისტემა დავაკავშიროთ ეკონომიკისა და ბიზნესის მოთხოვნებთან. ამიტომ დუალური მოდელი სულ უფრო და უფრო ეფექტური ხდება. პროფესიული განათლების მიმართულებით ავტორიზაციის დებულებებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც მისცემს ჩვენს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას, რომ მიიღონ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტორიზაციის ნორმები, რაც მისცემს ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა, რომ მას შემდეგ, რაც დაასრულებენ პროფესიულ განათლებას ღირსეულად იმუშავონ საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რომელი აკრედიტაციაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ. ახალი კოლეჯები აშენდა კასპში და შუახევში, ხოლო ხულოში გაიმართა ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯის ფილიალი. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პროფესიული განათლების პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ მოსწავლეები ვერ მიდიოდნენ საცხოვრებელი ხარჯებიდან გამომდინარე სხვა ქალაქში ან რაიონში ამიტომ პროფესიული განათლება სულ უფრო და უფრო უნდა დავუახლოვოთ მომხმარებელს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ

„მასწავლებელთა დაანონსებული სახელფასო მატება და საპენსიო ჯილდოს პროგრამა გაგრძელდება“, – გიორგი გახარია

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური