GE

რა უნდა გაითვალისწინონ გრიპის ვირუსის დროს სკოლის მოსწავლეების მშობლებმა – ექიმის რეკომენდაციები

გრიპის ვირუსის გავრცელების გამო  კლინიკებს სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავს. მედიცინის დოქტორის, ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძის თქმით, პაციენტებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებას მიმართავენ, ერთანირი კლინიკური სურათი აღენიშნებათ.  ეს არის ცხელება, რომელიც ზოგჯერ 5-6 დღეც გრძელდება, ყელის ტკივილები და ზოგადი ადინამია.

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებისთვის გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაციებიც შეიმუშავა. გავრცელებული ვირუსის გამო ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არ თვლის საჭიროდ, სკოლაში სწავლის პროცესის შეწყვეტას.

12571389_1066521386702423_503265525_nრა უნდა გაითვალისწინონ  ვირუსის დროს სკოლის მოსწავლეების მშობლებმა ამის შესახებ Aris.ge -განათლებას  მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ესაუბრა:

მთავარი პრინციპი – არ გაუშვათ დაავადებული ბავშვი სკოლაში

„მშობლებმა ბავშვი, რომელსაც აქვს ცხელება და ვირუსული ინფექციის ნიშნები, სკოლაში არ უნდა გაუშვან არავითარ შემთხვევაში. ამით თავს დავიცავთ ინფექციის გავრცელებისგან. თუ სახლში ავად ჰყავთ ბავშვი, აუცილებლად მიმართონ ექიმს. სახლის პირობებში რომ არ მოხდეს დასნებონება და ოჯახის სხვა წევრებზე გადადება, აუცილებლად უნდა იხმარონ ნიღაბი, ძალიან ხშირად უნდა გაანიავონ ოთახები. ნიღაბი ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა შეცვალონ. ხელები კარგად დაიბანონ საპნით. ჰიგიენური პირობები უნდა დაიცვან. მთავარი პრინციპი ისაა, რომ ავადმყოფი ბავშვი არ გაუშვან სკოლაში, შემთხვევებმა რომ არ იმატოს. თებერვალში მატება იმიტომაც არის მოსალოდნელი, რომ სკოლა დაიწყო. ისედაც, ყოველ წელიწადს, თებერვალში უფრო მეტი და მეტი შემთხვევები ხდება. მასწავლებლებიც როდესაც შეამჩნევენ, რომ მოსწავლეს გრიპი აქვს, არ უნდა მოერიდონ და მშობლებს უნდა უთხრან, რომ ასეთ ბავშვს სკოლაში არ დაიტოვებენ“.

პრევენციისთვის რეკომენდებულია გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია

„პრევენციისთვის ძალიან კარგი საშუალება იქნებოდა შემოდგომის სეზონზე თუ აცრიდნენ ბავშვს. აცრა კარგია უკვე ჩამოყალიბებული იმუნიტეტი რომ ჰქონდეს ზამთარში ორგანიზმს გრიპის იმ ვირუსის მიმართ, რომლის წამლებიც ახალ დამზადებულ ვაქცინაში ყოველ წელს შედის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყოველ წელს ითვალისწინებს, გრიპის რომელმა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ხშირი შემთხვევები და ეპიდემია. ამიტომ ვაქცინაში ის წამლებია გათვალისწინებული, რომელიც იმ წელს იქნება აქტუალური. 6 თვის ასაკიდან შესაძლებელია აცრა. ვაქცინაციას ასაკის შეზღუდვა არ აქვს. ვისაც აქვს თანმხლები დაავადებები, მაგალითად, გულის დაავადებები,  ან დიაბეტი, მით უმეტეს, ასეთი ბავშვები უნდა აიცრან შემოდგომაზე ნოემბრის ჩათვლით. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას სჭირდება, დაახლოებით, 4 კვირა. ვისაც ეს აცრა არ აქვს ჩატარებული, რასაკვირველია, ასეთი ადამიანები უფრო ხშირად ავადდებიან“.

სკოლის მოსწავლე უნდა იკვებოს ჯანსაღად

„ყველა ბავშვი, განსაკუთრებით, სკოლის მოსწავლე უნდა იკვებებოდეს აუცილებლად ბიოლოგიურად ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა საკვებით.  ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს დღეში ერთხელ მაინც ხორცი, თევზის იქნება ეს საქონლის თუ ქათმის ხორცი. დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს ბოსტნეული და ხილი“.

მოარიდეთ ბავშვები  თავშეყრის ადგილებს

„ბავშვები უნდა მოვარიდოთ თავშეყრის ადგილებზე წასვლას, როგორიცაა სპექტაკლები, კონცერტები. დახურულ სივრცეში, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. რომ არ მოხდეს  მათი დაავადება გრიპის ვირუსით“.

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ეს წესები, რათა მათი შვილები დაცული იყონ გრიპის ვირუსისგან.

განათლების სამინისტრო გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სკოლებს რეკომენდაციებით მიმართავს

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური