„რა უნდა მოეთხოვებოდეს სკოლას“ – ილია ჭავჭავაძე მოსწავლის წვრთნასა და სწავლაზე, პედაგოგიის საფუძვლებზე
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს EDU.ARIS.GE გიზიარებთ ილია ჭავჭავაძის საინტერესო და დღესაც აქტუალურ წერილს თემაზე – რა უნდა მოეთხოვებოდეს სკოლას.
პედაგოგიის საფუძვლები
I
გაზეთებმა მოგვიტანეს ამას-წინათ ამბავი და ჩვენს „ივერიაშიაც“ თავის დროზე მოვიხსენიეთ, რომ პრუსიაში დედათა სასწავლებლებში შეუნიშნავთ დაქანცვა გონებისა მოსწავლეთა ქალთათვის მეტის-მეტი სწავლებისა გამო. ამის გამო ზოგიერთი ახალი წესი დაუდგენიათ, რომ მოსწავლეთა ქალთა გარჯა და შრომა შემსუბუქებულ ექმნათ.
თუ არ მეტი, ესეთივე ქანც-გაწყვეტა სულითა და ხორცითა დიდი ხანია შეჰნიშნეს ევროპაში მოსწავლე ვაჟებსაცა და ამის გამო თითქმის მთელი ლიტერატურა შესდგა, ნამეტნავად გერმანიასა და საფრანგეთში, საცა ამ ამბავმა უფრო ძლიერ თავი იჩინა, — და დაანაღვლა, როგორც იქაურნი გამგებელნი სწავლა განათლების საქმისანი, აგრეთვე დედ-მამანიცა.
ჩვენა გვგონია მეტი არ იყოს, გამოვარკვიოთ, ჩვენის შეძლებისამებრ, მიზეზნი ამისთანა სამქუხარო ამბისა იმ თხზულებათაგან, რომელთა ავტორნიც მოეკიდნენ ამ საქმეს შესაფერის გულმტკივნეულობითა.
ამ უკანასკნელ ხანებში საპედაგოგიო ლიტერატურაში გახშირდა ხმა-მაღლად ღაღადებდა, რომ ეხლანდელი სკოლის ყოფა მდგომარეობა ევროპაში თავს არ მოდის და ახალს მოზარდს თაობას სჩაგრავს, რადგანაც ცალ-მხრივია და ცალ-კერძოო. ყველანი ამაზედ თანახმანი არიან, რომ ეხლანდელი სკოლა უფრო იმაზეა მიმართული, რომ რაც შესაძლოა, ბევრი ცოდნა აძლიოს მოსწავლესა და ზნე-ხასიათის წვრთნა, სწორება და გამართვა-კი მთლად უყურადღებოდ არის დატოვებულიო. ამ ცალ-კერძოდ სკოლის მომართვის შედეგზე აი რას ამბობს ერთი ავტორი:
„სამწუხარო სურათი წარმოუდგება თვალ-წინ ყველას, ვისაც არ ეშინიან პირდაპირ შეხედოს მართალს და თვალი თვალში გაუყაროს. თითო-ოროლა მაგალითს გარდა, ეხლანდელი ყმაწვილი-კაცი ჯანით მეტად უძლურია, საშინლად ძარღვ-მოშლილი და მოდუნებული, თითქო სნეულიაო. საკმაოა მცირე რამ დაბრკოლება დახვდეს და მაშინვე უღონობისაგან ხელებს ჩამოჰყრის; გულს უხეთქავს, ხალისს უკლავს ყოველი საქმე, რომელიც-კი ცოტად თუ ბევრად მხნედ, მედგრად ხელის მოკიდებას ჰთხოულობს, ხანგრძლივს, დაჟინებულს, გულგაუტეხელს ბეჯითობას და გარჯას. არ არის იგი ჩვეული თავით თვისით ისაზროს, იფიქროს და ამის გამო ადვილად ეძლევა უარყოფას ძველისას და სრულიადაც არა ჰნაღვლობს უარყოფილის სანაცვლოდ ახალი რამ ჩააყენოს. ყოველ ამის გამო ეხლანდელი ყმაწვილ-კაცობა დიდად უბედურია და ძალიან იშვიათად შემძლებელია, რომ გონიერად, ჭკვა-დასმით და სასარგებლოდ თავით თვისით გააკეთოს რამ და იღვაწოს. იგი უღონოა თვითმოქმედებისა და მოღვაწეობისათვის.
„ზოგნი ამათგანი, — ამბობს შემდეგ იგივე ავტორი, — და ეს ზოგნი საკმაოდ ბლომად არიან, ნამეტნავად ცოტაოდნად შემძლებელ ოჯახისანი — მთელს თავის სიცოცხლეს იმას ანდომებენ, რომ პროტექციით ლუკმა პური იშოვნონ და სცხოვრობენ პირუტყვსავით დღე-დღეურად, თითონაც არ იციან, რისთვის არიან და სად მიდიან: სჭამენ, სმენ, თამაშობენ ქაღალდს, ჰტანციობენ, არშიყობენ, ჰმსახურობენ იმდენად, რომ ჯამაგირები იღონ. ეს ჯურა ხალხი მთლად ხელასაღებელი ხალხია, ყოვლად უვარგისი, უხეირო, არარაის მაქნისი. ამათ მკვდარი აქვთ ყოველივე ფანტაზია, ყოველივე აზრი, ყოველივე გრძნობა, ნაძირალ გრძნობის გარდა. ცოდნა, სკოლაში მიღებული, ზოგჯერ საკმაოდ ბევრიცა, ამათთვის მეტი ბარგია და მალე დაებღერტებათ, გაეფანტებათ ხოლმე ცხოვრების გზაზედ.
„სხვანი, უფრო ნიჭიერნი — ხელგამომავალნი არიან და ჯერ სკოლაშივე გამოარკვევენ ხოლმე, — რა საქონელსა აქვს გასავალი საზოგადოების ბაზარში ამა-და-ამ-დროს. ამათი ფანტაზია, აღფრთოვანებული ადვილად გამდიდრების ცოცხალ მაგალითებითა, წინ გადუფენს ხოლმე სარჩოიანს გზას ვექილისას, მკურნალისას, ინჟინერისას, არქიტექტორისას, მზითვიან ცოლის, თუ შემძლებელ ქმრის შერთვისას — ერთის სიტყვით, უხატავს იმ გამორკვეულს იდეალს ხერხიან კაცისას, რომელსაც საგნადა აქვს ადვილად გამდიდრება და მერე მაძღარი განცხრომა გაურჯელად და უშრომელად. ამ ჯურის ხალხი ყველაზედ უარესნი, ყველაზედ მავნებელნი მუქთამჭამელნი არიან და მეტის-მეტად საშიშარნი თავის ქვეყნისათვის, რადგანაც ყოველ წუთს მზად არიან მიჰყიდონ იმისი სვე-ბედი იმას, ვინც მეტს მისცემს“.
რა თქმა უნდა, რომ ავტორი აქ ჰლაპარაკობს უფროს-ერთზე, უმრავლესობაზედ. ვინ იტყვის, რომ თითო-ოროლა სასიხარულო მაგალითიც არ იყოს ეხლანდელს ყმაწვილ-კაცობაში. უამისობა ხომ ქვეყნის უკუქცევა იქნებოდა. ავტორი მარტო უმრავლესობის, უფროს-ერთის უფერულობას, უღონობას გვანიშნებს და ამაში არა გვგონია იგი გაამტყუნოს ვინმემ. იგი ამბობს, რომ:
„ბევრმა ყმაწვილ-კაცმა არ იცის, რა გზას დაადგეს და საით წავიდეს; ამის გამო ყმაწვილი-კაცი სასოწარკვეთილებას ეძლევა, გული უტყდება, აღარაფრისათვის ერჩის. ეს სასოწარკვეთილება და გულის გატეხა ჭკვას უშრობს, გრძნობას უხშობს, უკლავს ყოველს ხალისს მოქმედებისას, რომელსაც მისგან მოელის იმისი სამშობლო და რომლისათვისაც ამ სამშობლოს გაუწევია ღვაწლი იმ იმედით, რომ ჩემის შვილის მოქმედება ოდესმე გამომადგება და ერთი-ორად მაინც მიზღავს ჩემის ღვაწლის სამაგიეროსაო“.
ეს მართლა-და სამწუხარო სურათი ყმაწვილ-კაცობისა ბევრს უდგა თვალ-წინ, მაგრამ — ერთის მწერალისა არ იყოს — ეს ბევრნი ან არა ჰხედვენ ამას, ან ჰხედვენ და მარტო ჰკიცხვენ და ჰკილვენ თითონ ყმაწვილ-კაცობას, აბეზღებენ საზოგადოების წინაშე, სდევნიან და აბრუს უტეხენ, იმის მაგიერ, რომ გულდასმით ჩაუკვირდნენ თითონ მიზეზს, თითონ სათავეს ამ მართლა-და სამწუხარო და მერმისისათვის საშიშარ მოვლენისას. მეცნიერნი, რომელთაც მართალის გულმტკივნეულობით მიუქცევიათ ყურადღება ამ უნუგეშო სურათისათვის, მიზეზს ჰხედვენ ყოველთ უწინარეს იმ საზოგადო წრის უფერულობასა და უვარგისობაში, საცა ნორჩი სული ბავშისა პირველ იღვიძებს და მერე ზრდაში შედის. რასაკვირველია, რომ იმ წრეს, საცა ბავში პირველ ხანიდამვე ჰტრიალებს, დიდი გავლენა აქვს მთელს ადამიანის მერმისზედ. ბავშის ნორჩი სული და გული მეტად მგრძნობიერია და მალე დამჩნევი ავისა და კარგისა, და ამიტომაც წრე, საცა ბავში და მოზარდი სულს იბრუნებს, თავის ბეჭედს ავისას და კარგისას აუცილებლად ზედ დაასვამს ხოლმე. ამ-სახით, არავითარი ეჭვია, რომ თითონ წრეს ცხოვრებისას დიდი ზედმოქმედება აქვს მოზარდის თაობის მერმისზედ. ხოლო არის მეორე საგანიც, რომელსაც, თუ არ მეტი, ნაკლები ზემოქმედება არა აქვს ადამიანის ავ-კარგიანად გამოსვლაზედ. ეგ მეორე საგანი სკოლაა. ევროპაში ამ მხრით გამოიძიეს ეს ეხლანდელის სკოლის ყოფა-მდგომარეობა და ერთს დიდს ბრალს იმ სამწუხარო ამბისას, რომელიც ჩვენ ზევით მოვიხსენიეთ, თითონ სკოლის ეხლანდელს ყოფა-წყობილებასა სდებენ.
რა-გვარია ეს ბრალი და რამოდენად საბუთიანია — ამას შემდეგს ნომერში ვაცნობებთ ჩვენს მკითხველებს.
II
ჩვენს წინა-წერილში იმაზედ შევწყვიტეთ სიტყვა, თუ, — მეცნიერნი რა გვარს ბრალსა სდებენ ეხლანდელს სკოლას და რამდენად საბუთიანად უკიჟინებენ, რომ თავის დანიშნულებას არ ასრულებსო. ვიდრე ამ ბრალის და საბუთების ჩამოთვლას შევუდგებოდეთ, ჯერ პირველად საჭიროა ვიცოდეთ, — რა უნდა მოეთხოვებოდეს სკოლას. ამის პასუხად ბევრს გამოუთქვამს აზრი და ყველა ეს აზრი, სხვადასხვაფერად გამოთქმული, ერთს საფუძველზეა აგებული, ერთის სათავიდამ წარმომდინარებს. ეს საფუძველი, ეს სათავე ის არის, რომ სკოლა ერთსა და იმავე დროს უნდა სწურთვნიდეს კიდეც ბავშსა და ასწავლიდეს კიდეც. წურთვნა და სწავლა ხელი-ხელს გადამბული უნდა ვიდოდეს სკოლაში.
წურთვნა სხვაა და სწავლა სხვა. ერთს ერთი საგანი აქვს და მეორეს — სხვა. წურთვნა მიმართულია ზნე-ხასიათის ზრდასა და განვითარებაზე და სწავლა-კი — გონების გახსნასა და მსჯელობის გაძლიერებაზე. საკმაო არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, დიდი სწავლა მიეღოს, ბევრი ცოდნა შეეძინოს. ამასთანავე იგი კაი კაციც უნდა იყოს და კაი-კაცობის შემძლებლობაც ჰქონდეს. ეს კაი-კაცობა და კაი-კაცობის შემძლებელობა მარტო ზნე-ხასიათისაგან ეძლევა ადამიანს. ავი კაცი რამოდენადაც მეცნიერია და დიდად სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშარია, უფრო დიდად მავნებელია. ეს ყველამ იცის და, გვგონია, ბევრსაც თავის თვალით უნახავს და გამოუცდია. რათ უნდა იყოს კაცი ავი, როცა მხოლოდ სწავლულია და არა ზნე-ხასიათ გაწურთვნილიცა?
სავსება ერთობ ადამიანისა იმაშია, რომ მის გონების აღმატებულებას შეწონილ ჰქონდეს აღმატებულება ზნე-ხასიათისაცა. საჭიროა ზნე გაწმენდილი და გაფაქიზებული ჰქონდეს პატიოსნებითა, ნამუსიანობითა, კაცთმოყვარეობითა და სამართლიანობის გრძნობითა. უამისოდ მისი მსჯელობა და ყოფაქცევა ერთმანეთს გადუდგება, ერთმანეთს არ შეეთანხმება, მისი აზრი სხვა იქნება და ყოფაქცევა სხვა, გონება ერთს ეტყვის და გული სხვას აქმნევინებს. უზნეობა, უხასიათობაც ეს არის და ამ უზნეობათა და უხასიათობით არის ავი ზნეუწვრთნელი სწავლული კაცი.
ჭეშმარიტი განათლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის და, ჩვენის ფიქრით, ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწრთვნელი. ხოლო ზნე-ხასიათის წურთვნა დიდად დამოკიდებულია სწავლასა და ცოდნაზედა, და ამიტომაც ჩვენა გვგონია, რომ თუ სკოლას უნდა თავის დანიშნულება შეასრულოს, ეგ სწავლა-ცოდნა ზნე-ხასიათის წურთვნასაც უნდა შეურჩიოს, ესე იგი იმ თვისების სწავლა-ცოდნა უნდა აძლიოს, რაც გონების გახსნილობასაცა ჰშველის და ზნე-ხასიათის წურთვნასა და დამთავრებასაც უხდება და ჰრგებს.
რასაკვირველია, ზნე-ხასიათის წარსამატებლად წურთვნას სკოლაში თავისი საკუთარი გზაცა აქვს, თავისი საკუთარი სახსარიცა. ამ შემთხვევაში დიდად დიდი მნიშვნელობა აქვს მთელს გამგეობას სკოლისას საერთოდ და ოსტატს და მოხელეს ცალკე. ამ შემთხვევაში დიდი რამ არის ოსტატის მოხერხებულობა, ყოფაქცევა, მაალითი, სიფრთხილე, წინდახედულობა. ერთს მშვენიერს ამბავს გვიამბობს ერთი მწერალი მასზედ თუ, — წინდახედულად და გონირად მოქცევა ოსტატისა რის შემძლებელია ზნე-ხასიათის წურთვნისათვის. თუმცა გრძელია ეს ამბავი, მაგრამ ისე კარგი რამ არის, რომ გვსურს სულ ამოვწეროთ და მით ვასიამოვნოთ ჩვენს მკითხველებსა. აი ის ამბავი:
„იმის დასამტკიცებლად თუ, — რა-რიგად ლბილია ბუნება ბავშისა და რა ადვილად შესაძლოა ბავშს შთააგონოს კეთილი, თუ გონება-გახსნილი კაცი ხელსა ჰკიდებს საქმეს და სიყვარულით ეძლევა თავის დანიშნულებას, შემდეგი მომხდარი ამბავია. ამ რამდენისამე წლის წინათ ერთმა ყმაწვილმა კაცმა, გაათავა უნივერსიტეტი თუ არა, ოსტატის თანამდებობა მიიღო ერთ სასწავლებელში. პირველი გასაკვეთი ერგო საშუალო კლასში, საცა უფრო მოზრდილნი შეგირდები არიან, ესე იგი ბავშობიდამ ყრმობაში გადამდგარნი. ამ ხანში ყმაწვილები უფრო ცელქები და მოუსვენარნი არიან. დირექტორმა აუწყო ბავშებს ახალის ოსტატის ვინაობა, თითონ ოსტატმაც ორიოდე ტკბილი სიტყვა უთხრა ყმაწვილებს და დაუყოვნებლივ შეუდგა სწავლების საქმეს. გასაკვეთის ახსნის დროს დასჭირდა კლასის დაფაზედ წერა. როცა წერა დაიწყო, რა თქმა უნდა, ზურგშექცეული იქნებოდა და შეგირდებს ვერა ჰხედავდა. ამ დროს დაფას მოხვდა და ზედ დააჯდა დაღეჭილი ქაღალდი, რასაკვირველია, ერთ-ერთის შეგირდისაგან ნასროლი. ოსტატმა უკან არც-კი მოიხედა და განაგრძო წერა, მითამ-და საყურადღებო არა მოხდა-რაო. როცა გაათავა წერა, მოუბრუნდა შეგირდებს და უთხრა: „ყმაწვილებო, დღეს ჩემი პირველი გასაკვეთია, პირველი ნაბიჯია ოსტატობის სარბიელზედ. სამართალსა ვთხოვ თქვენს პატიოსნებას, თქვენს სინიდისსა. აბა იფიქრეთ, — მას შემდეგ, რა უპატიურებაც მომაყენა ერთმა თქვენგანმა, — რა გამწარებული გრძნობა უნდა გამყვეს მე თან თქვენის კლასიდამ, საცა ჩემს სიცოცხლეში პირველად დავიწყე სწავლება შეგირდებისა. მე არ მინდა ვიცოდე, მე არ მინდა შევიტყო, ვინ არის დამნაშავე ამ ჩემს გაუპატიურებაში. რა საჭიროა!.. დეე განიკითხოს ის იმისმავე სინიდისმა. მე მით უფრო ვერ გამიგია ჩემის გამაუპატიურებელის საქციელი, რომ მან ჯერ არ იცის, როგორი ოსტატი ვარ და როგორი კაცი.
იქნება, თქვენის სიყვარულის ღირსი გამოვდგე. ჯერ გამიცანით, გამომცადეთ და მერე გამიკითხეთ. დიაღ, ბატონებო, სამწუხაროა, რომ ჩემი პირველი გამოსვლა საპედაგოგიო სარბიელზედ ამისთანა ამბით დაიწყო. ხელმეორედ მოგახსენებთ, რომ მე არ მინდა შევიტყო ვინ არის ამ უკადრისის ცელქობის მომქმედი. დამნაშავის სახელი რომ შევიტყო, — ვინ იცის, მეც კაცი ვარ — იქნება გულში იმისი ჯავრი ჩავიყოლიო და ჯავრმა ცოტად თუ ბევრად იმაზე გული ამაყრევინოს“.
„როცა ოსტატმა გაათავა ლაპარაკი, შეგირდებში ჩუმი ჩოჩქოლი ასტყდა. დაიწყეს აქეთ იქით ჩურჩული, ერთი მეორეს რაღაცას ეუბნებოდა, მეორე მესამეს და ეგრე მთელს კლასს აცნობეს ერთმანეთის გულის-პასუხი. ბოლოს წამოდგა ფეხზედ ერთი მათგანი და უთხრა ოსტატს: „ნება მომეცით მე, მოვითხოვო თქვენთან ბოდიში ყველას მაგიერ: ყველა ჩემი ამხანაგი გთხოვენ გვაპატიოთ ეგ მეტად ცუდი საქციელი ერთის ჩვენგანისა“. ოსტატმა სიხარულით მიიღო ბოდიში და გამოუცხადა, რომ სამუდამოდ დავიწყებას მივეცი ეს ამბავი და გულიდამ ამოვიღეო. ამ დღის შემდეგ ამ ახალგაზრდა ოსტატის საქმე ისე კარგად გაიმართა, რომ უკეთესი არ უნდოდა: ძალიან მალე მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა თავის შეგირდებისაგან მთელს ხუთსავე კლასში, რომელშიაც იგი ასწავლიდა“.
ერთი ასეთი ჭკვიანური, გულთბილი საქციელი ოსტატისა უფრო ძლიერ მოქმედობს ბავშის გაადამიანებაზედ, ვიდრე სამისა და ოთხის წლის ზეპირება გრამატიკისა, თუ სხვა რისამე ამისთანისა.
ჩვენ ამ ამბავმა მეტად გაგვიგრძელა წერილი და რაც სათქმელი გვქონდა, იმასაც გადაგვახვევინა. ჩვენა გვგონია, რომ ამით ბევრი არა დაშავდა-რა და თუ დაშავდა, ვეცდებით, შემდეგში დანაშაული ვიპატივოთ.
ილია ჭავჭავაძის წერილი პედაგოგიის საფუძვლები სრულად იხილეთ ბმულზე
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება