GE

რა უპირატესობები და გამოწვევები აქვს უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარ სიახლეებს

უმაღლესი განათლების 2026 წლის რეფორმის ერთ-ერთი მიზანია კურსდამთავრებულთა
კვალიფიკაციისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობის გაუმჯობესება მაგრამ არსებობს გამოწვევები, რომლებსაც საქართველოს განათლების სექტორის შესახებ მომზადებული უახლესი კვლევის ანგარიშში „გალტ & თაგარტი“ წარმოგვიდგენს.

ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი

უპირატესობა: მიმართულებების კონცენტრაცია ხელს უწყობს ფინანსური და აკადემიური რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, რაც კონკრეტულ სფეროებში განათლების ხარისხისა და შედეგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

გამოწვევა: ამცირებს ინტერდისციპლინურ სწავლებასა და თანამშრომლობას, რაც ევროპული განათლების სისტემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალის უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყნებს შორის“ – კვლევა

3+1+1 სისტემა

უპირატესობა: მოკლე პროგრამები ამცირებს სწავლის დროსა და ხარჯს, რაც შრომის ბაზარზე შესვლას აჩქარებს – განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც პრაქტიკულ უნარებს აკადემიურ სიღრმეზე მეტი მნიშვნელობა აქვს.

გამოწვევა: სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობის შემცირებამ, განათლების ხარისხის შესაბამისი გაუმჯობესების გარეშე, შესაძლოა შეასუსტოს კურსდამთავრებულთა კომპეტენციები, დასაქმების შესაძლებლობები და ქართული უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა.

სახელმწიფო დაფინანსების მოდელი

უპირატესობა: სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის სრულად დაფინანსება ამცირებს ფინანსურ ბარიერებს და ხელს უწყობს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას სხვადასხვა შემოსავლის ჯგუფისთვის.

გამოწვევა: სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულმა ჩარიცხვის კვოტებმა შესაძლოა შეამციროს უნივერსიტეტების მოქნილობა, ოპერატიულად უპასუხონ სტუდენტებისა და შრომის ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსების მოდელი სათანადოდ ითვალისწინებდეს კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სასწავლო პროგრამების განვითარებისთვის.

საჯარო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვა

უპირატესობა: ათავისუფლებს აკადემიურ რესურსებს ქართველი სტუდენტებისთვის საჯარო უნივერსიტეტებში, სადაც უცხოელი სტუდენტების ზრდის ფონზე, ადგილობრივი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები მცირდებოდა.

გამოწვევა: ამცირებს საჯარო უნივერსიტეტების შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს, თუმცა, პირდაპირი ფინანსური გავლენა შეზღუდულია, რადგან 2025 წლის მდგომარეობით 44,400 უცხოელი სტუდენტიდან მხოლოდ 7,545 სწავლობდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

(„გალტ & თაგარტი“ – წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში და ლონდონის ბირჟაზე განთავსებული Lion Finance Group PLC-ის შვილობილი კომპანია).

ასევე იხილეთ:

44 ათასი და მეტი უცხოელი სტუდენტი – რატომ გახდა საქართველო საერთაშორისო სტუდენტებისთვის კონკურენტული მიმართულება (კვლევა)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური