რა ვალდებულებები აქვთ მოსწავლის მშობელსა და განათლების სამინისტროს დისტანციური სწავლებისას
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ახალი ბრძანების შესაბამისად, (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №95/ნ 2020 წლის 9 სექტემბერი), საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები დამტკიცდა.
შესაბამისად დოკუმენტით დისტანციური სწავლების პროცესში როგორც მშობლებისა და მოსწავლის, ასევე სამინისტროს და მისი სიპების მიერ შესასრულებელი ვალდებულებები და უფლებებიც განისაზღვრა.
მოსწავლის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) უფლებები და ვალდებულებები ბრძანების 11-ე მუხლით განისაზღვრა. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, დისტანციური სწავლების პროცესში მშობელი ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ბავშვის დისტანციურ სწავლებაში ჩართულობას, ითანამშრომლოს სკოლასთან და დაეხმაროს მას სასწავლო მიზნების მიღწევაში.
ასევე მშობელმა დისტანციური სწავლებისას რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების, მათ შორის კიბერბულინგის შემჩნევისას დაუყონებლივ უნდ აცნობოს სკოლა. მშობელი ვალდებულია შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების შესახებ და ითანამშრომლოს სკოლასთან სირთულის დაძლევის გზის მოძებნაში და პატივი სცეს მასწავლებლის მიერ გაწეულ შრომას, მის ონლაინ სივრცეს და დაიცვას პერსონალური მონაცემები, კანონით განსაზღვრული წესით.
ბრძანების თანახმად, თავის მხრივ სამინისტრო დაქვემდებარებული სსიპ-ების მეშვეობით განსაზღვრავს საკუთარ ვალდებულებებს დისტანციური სწავლების პროცესში.
კერძოდ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია განსაზღვროს სამინისტროს მიერ რეკომენდებული ელექტრონული პლატფორმების ნუსხა, საჯარო სკოლის მოსწავლისა და თანამშრომლისთვის უზრუნველყოს წინასწარ განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმისთვის მომხმარებლის პროფილების შექმნა.
ასევე საჯარო სკოლებისთვის უზრუნველყოს წინასწარ განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმების დანერგვის ტექნიკური მხარდაჭერა, მათი ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება. ელექტრონული სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით შესაბამისი სოციალური კამპანიებისა და აქტივობის დაგეგმვა-განხორციელება; უზრუნველყოს საჯარო სკოლებში ელექტრონული ჟურნალის გამართული ფუნქციონირების ტექნიკური მხარდაჭერა;
დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება; უზრუნველყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დისტანციური სწავლების აღრიცხვის შესაძლებლობა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია ყველა საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლებისა და მასწავლებლისთვის (საგნობრივად) უზრუნველყოს დისტანციური სწავლების მიმართულებით რესურსების მომზადება. ასევე, შესთავაზოს მასწავლებლებს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა: ვებინარები დისტანციური სწავლების მეთოდიკის, ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენების, დისტანციური სწავლებისას მოსწავლეების შეფასებების და სხვა მიმართულებით, საჭიროების მიხედვით.
დისტანციური სწავლებისთვის შეარჩიოს მასწავლებლები, განახორციელოს მათი პროფესიული მხარდაჭერა (ფასილიტაცია, ვებინარები, კონსულტირება) და მონიტორინგი.
რესურსცენტრები ვალდებულებები არიან ყველა სკოლისთვის უზრუნველყოს კონსულტაციები სკოლის დირექციის წარმომადგენლებისათვის დისტანციური სწავლების მისაღები ფორმისა და პერიოდის შერჩევის მიზნით, განიხილოს და შეითანხმოს სკოლის შუამდგომლობა შერეულ დისტანციურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
რესურსცენტრმა ხელი უნდა შეუწყოს სკოლას, დისტანციური სწავლების დროს სკოლისა და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებებისა და უფლებამოსილების, ასევე ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მოსწავლეთა კანონიერ წარმომადგენელთან კონსულტაციების ორგანიზებაში. მანვე უნდა შეიმუშაოს დისტანციურ რეჟიმში ინფორმაციის მიღების მექანიზმი, რომელიც დაეხმარება თვალყური ადევნოს ზემოთ აღნიშნული უფლებებისა და ვალდებულებების განხორციელებას;
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მზაობა დისტანციურ სასწავლო პროცესში რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების, მათ შორის, კიბერბულინგის პრევენციისთვის;
მანდატურის სამსახურმა მოსწავლეებთან დისტანციურად უნდა ჩაატაროს ძალადობისა და კიბერბულინგის თაობაზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები და რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების დაფიქსირებისთანავე მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება