GE

რა წაგვართვა 2025-მა წელმა განათლებაში – „ჩარჩოებში მოქცეული პედაგოგიკა იძულებული იქნება, ჩაერთოს რბოლაში, რომელსაც წინ კი არა, უკან მივყავართ“

ავტორი ნინო ლომიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი.

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:

წლის დასასრულია.

შეყოვნების, განვლილი წლისთვის თვალის გადავლების, შეჯამების დრო.

ჩემი პირადი პროფესიული ტაიმაუტის ფონზე (სკოლაში აღარ ვმუშაობ და უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში ეს პირველი წელია, რომელიც სემესტრებად არაა დაყოფილი ჩემთვის) სასკოლო და საგანმანათებლო სისტემის „გაცხოველებულ მუშაობას“ გარედამკვირვებლის მზერით შევცქერი – იდეების, რეფორმების, გადაწყვეტილებების, სიახლეების ორომტრიალია.

ეს წელი რადიკალური გადაწყვეტილებების, პარადოქსული მოლოდინების და კვლავაც…ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების წლად იქცა.

„ამ კონცეფციით, სკოლის საშუალო საფეხურიდან არც არაფერი დარჩა, გაუქმებულია!“ – რა ვუქენით სრულ ზოგად განათლებას სკოლაში

ამ უზარმაზარ, ცენტრალიზებულ, უნიფიცირებულ, სტანდარტიფიკაციის დაუოკებელი ვნებით შეპყრობილ სისტემას ისევ დაუღალავად ვაახლებთ, სამომავლო პერსპექტივების მოლოდინით ვტუმბავთ…

ელისი მახსენდება, სარკისმიღმეთში აღმოჩენილი. (ლუის კეროლი
ელისი საოცრებათა ქვეყანაში. ელისი სარკისმიღმეთში.)

დედოფალთან შეხვედრის სცენა საუკეთესო მეტაფორაა, რომელიც აქ და ახლა შემიძლია მოვიშველიო. ვრცელი ლიტერატურული ჩანართი გამოვა, მაგრამ შთამბეჭდავი, ზუსტი, დასამახსოვრებელი.

გახსოვთ, სარკისმიღმეთში აღმოჩენილი ელისი მოლაპარაკე ყვავილებს დაემშვიდობება, რათა დედოფალს შეხვდეს. გასაოცარ ქვეყანაშია, სარკისმიღმეთში. ვეებერთელა საჭადრაკო დაფას ჰგავს არემარე. უცბად დედოფალთან ერთად რაღაც უცნაურ რბოლაში ჩაებმება, ნიავქარივით მიქრიან, თავქუდმოგლეჯით.

დედოფალი აჩქარებს და აჩქარებს ელისს, ისიც მირბის რაც ძალი და ღონე აქვს, სულს ვერ იბრუნებს, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ არც ხეები და არც საგნები მათ გარშემო ადგილს არ ინაცვლებენ და მიუხედავად იმისა, რომ ელისი და დედოფალი კისრისტეხით გარბიან, მაინც…ერთ ადგილზე დგანან.

-დაუჩქარე, დაუჩქარე – წივის დედოფალი.
-კიდევ ბევრი მანძილი გვაქვს წინ? ეკითხება ელისი.
-წინ? წინ კი არა, უკან!

გარბიან, ისეთი სისწრაფით მიქრიან, ლამისაა, ფეხებით მიწასაც კი აღარ ეხებიან. არაქათგამოლეულები შეჩერდებიან და…ელისი გაკვირვებით მიმოიხედავს ირგვლივ. ამ ხნის განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც არ დასცილებიან საწყის წერტილს. ყველაფერი ზუსტად ისევეა, როგორც იყო.

„აქ თავქუდმოგლეჯით უნდა გაიქცე, ერთ ადგილას რომ დარჩე!“ – აცხადებს დედოფალი და ელისი ნებდება – არსად მისვლის სურვილი აღარ აქვს.

განათლების სისტემის ეს ილუსტრაცია მტკივნეულ საკითხს გვიცოცხლებს თვალწინ – ამ სისტემაში მუდამ „რეფორმებია“, რბოლები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი სქემები, სტანდარტებისა და ესგ-ების შემუშავების მარათონები და მიუხედავად მთელი ამ ორომტრიალისა, მაინც ერთ ადგილზე ვდგავართ ან…უარესი. წინ კი ვერა, უკან-უკან მივიწევთ.

ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების დეტალურად მიმოხილვის თვალუწვდენელ აღმართს არ შევუყვები. ფუჭ გარჯად მიმაჩნია იმ მარშრუტების დეტალური კრიტიკა, რომლებსაც არსად მივყავართ ან გზას უსაშველოდ აგრძელებენ და მაინც ჩიხისკენ მიგვიყვებიან.

რაკი სისტემის მიღმა ვარ (სარკისმიღმეთივით შორეული და ეფემერულია აქედან), ფოკუსსაც იქით მივმართავ, რაც გადამწვეტი მნიშვნელობისა მგონია:

დეცენტრალიზაციის გარეშე განხორციელებული ცვლილებები და რეფორმები ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწყობილი რბოლასავითაა. თუ რეფორმა არ ითვალისწინებს, არ იკვლევს, არ სწავლობს რეალურ საჭიროებებს, არ ერგება კონკრეტულ კონტექსტს, თავსმოხვეული და ნაკარნახევია კაბინეტიდან, არის უნიფიცირებული, სტანდარტიზებული, ცენტრალიზებული, შემუშავებული ერთგან და მრავალთათვის, ის განწირულია.

მასწავლებელთა ახალი სქემის პროექტი სკოლებს გადაეგზავნათ – EDU.ARIS.GE დოკუმენტს გიზიარებთ

დღეს საგანმანათლებლო სისტემაში კონტროლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნდობა. შეიხედეთ სემესტრის ბოლოს სამასწავლებლოებში, დააკვირდით ბიუროკრატიული მოთხოვნების დასაკმაყოფილებელი ქაღალდების რაოდენობას, გაესაუბრეთ მასწავლებლებს, რომლებსაც უსასრულო რაოდენობის დოკუმენტი, ანგარიში, ანგარიშის ანგარიში და ანალიზი აქვთ დასაწერი. ამის შემყურე ელისივით სულშეხუთული და დარეტიანებული დაენარცხება ძირს. ისეთ შემოქმედებით და ძვირფას სივრცეშიც კი, რომელშიც მე ვმუშაობდი, სწორედ სულისშემხუთველია შემოქმედებითი თავისუფლების შეკვეცა და მუდმივი კარნახის რეჟიმი.

სანამ სკოლებს არ ექნებათ თავისუფლება, თავად მართონ თავიანთი აკადემიური, ფინანსური, ადამიანური რესურსი, ელისისა და დედოფლის პარადოქსი იქნება მისი ყოფა და ცხოვრება. სწავლა-სწავლების მოქნილ, საოცრად საინტერესო, ამოუწურავ სამყაროში ცენტრის დიქტატი კლავს მრავალფეროვნებას, ინდივიდუალურ მიდგომას, შეცნობისა და შემეცნების სურვილს.
სისტემური გარდაქმნის, მთავარი რეფორმის – დეცენტრალიზაციის – გარეშე ნებისმიერი საგანმანათლებლო ინიციატივა და გადაწყვეტილება ბიუროკრატიული ტვირთის დამატებაა სისტემისთვის.

ხისტ ცენტრალიზებულ ჩარჩოებში მოქცეული პედაგოგიკა სარკისმიღმეთში აღმჩენილი ელისივით იძულებული იქნება, ჩაერთოს რბოლაში, რომელსაც წინ კი არა, უკან მივყავართ.
თუ ჩვენ გვინდა აღვზარდოთ ადამიანები, რომლებსაც გაცნობიერებული ექნებათ „მუდმივ ცვალებად გარემოში საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ადეკვატური ჩართულობის მნიშვნელობა“ და რომლებიც შეძლებენ „მდგრადი განვითარებისა და სამშვიდობო თანაცხოვრების პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად მოქმედებას“ (ზგემი), მაშინ უნდა ვიფიქროთ კიდეც იმაზე, რომ ამას თავისუფალ, არა მუდმივად დაქვემდებარებულ, დეცენტრალიზებულ ინსტიტუციურ ავტონომიაში შევძლებთ მხოლოდ.

ასევე იხილეთ:

8 გამოწვევა – განათლების მინისტრი ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას წარადგენს (ვიდეო)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური