გიორგი კვირიკაშვილი: პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 ლარამდე გაიზრდება
„განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი განათლებაზე. განათლება არის ჩვენი მომავალი კეთილდღეობის საფუძველთა საფუძველი. განათლების გარეშე შეუძლებელია რაიმე განვითარებაზე საუბარი“, – ასე დაიწყო საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბარი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა პედაგოგთა პრესტიჟის ამაღლების საჭიროებაზე, მათთვის ხელფასების მომატებაზე, პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობასა და ასევე უმაღლესი განათლების რეფორმაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს ჰპირდება.
„ჩვენ ვგეგმავთ ფუნდამენტურ ცვლილებებს უმაღლეს განათლებაში. ვგეგმავთ ძალიან აქტიური ნაბიჯების გადადგმას პროფესიული განათლების მიმართულებით, რომ ავამაღლოთ პროფესიული განათლების პრესტიჟი და ჩვენმა ახალგაზრდებმა აღარ დახარჯონ ოთხი წელი იმისათვის, რომ ისწავლონ ის პროფესიები, რომლებიც არ არის მოთხოვნადი დღეს საქართველოში. ეს ძალიან თამამი განაცხადია, მაგრამ ჩვენ მინიმუმ ის უნდა გავაკეთოთ, რომ სახელმწიფო რესურსით არ წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ ისწავლონ ის პროფესიები, რომლებიც არის ნაკლებად მოთხოვნადი. სწორედ ამიტომ ვახდენთ პრიორიტეტების გადასინჯვას, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ სახელმწიფო რესურსი უფრო მიზანმიმართულად უნდა დავხარჯოთ იმ მიმართულებებზე, რომელიც საჭიროა“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ტექნოლოგიური ინსტიტუტი და უნივერსიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდება როგორც სასწავლო ასევე კვლევით დაწესებულებად და რეგიონში პირველი იქნება.
„მოგეხსენებათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ თბილისში საფუძველი ჩაეყარა ულამაზეს ადგილას სრულიად ახალი ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას. ეს ინსტიტუტი გახდება ბაზა ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების. ამ ინსტიტუტის ბაზაზე ახალგაზრდები მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვან განათლებას. ეს დაწესებულება საქართველოსთვის გახდება სრულიად ახალი ადრონული თერაპიის კერა, რომელიც სიმსივნის მკურნალობის მიმართულებით იმუშავებს. ეს იქნება მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ასეთი კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტი იტალიის, შვეიცარიის, იაპონიის და ავსტრიის შემდეგ. ამის ფონზე ქუთაისში საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ სრულიად ახალ დაწესებულებას – ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც რეგიონში უმსხვილესი სასწავლო დაწესებულება იქნება.
ყველაფერს ამას აფინანსებს „ფონდი ქართუ“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის 500 მილიონი ევროს დაფინანსება საწყისი ბიუჯეტის მიხედვით, მაგრამ ეს არ არის რული ბიუჯეტი და სავარაუდოდ, ბიუჯეტი შეიძლება გაიზარდოს. ეს უნივერსიტეტი გახდება ახალი სიტყვა საქართველოში როგორც მეცნიერების განვითარების კუთხით, ასევე საგანმანათლებლო კერა, რომლითაც როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე რეგიონის მაცხოვრებლები ისარგებლებენ“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პედაგოგების საკითხს.
„ჩვენ განსაკუთრებულად უნდა დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებმაც ურთულესი პერიოდის განმავლობაში შეგვინარჩუნეს განათლებული მომავალი თაობა. რომლებიც უკიდურეს გაჭირვებას უძლებდნენ. უკიდურეს ბუნებრივ პირობებს და ურთულეს პირობებში ასწავლიდნენ ჩვენს მომავალ თაობას. ჩვენ უნდა დავაფასოთ ისინი და არ შეიძლება მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გვყავდეს სხვადასხვა გამოცდების და ტესტირებების მეშვეობით. მომავალი წლიდან ახალი დაფინანსებაა გათვალისწინებული. პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 ლარამდე გაიზრდება პირველ ეტაპზე და შემდგომ უკვე ეკონომიკური განვითარების პარალელურად მოხდება პედაგოგთა ხელფასების კორექტირება. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის და რასაკვირველია, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება“, – ასე დაასრულა წინასაარჩევნო პროგრამის განათლების ნაწილზე საუბარი პრემიერ მინისტრმა.
რა წერია განათლების მიმართულებით „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება