GE

რა წერია განათლების სამინისტროს მიერ სკოლებისთვის მიწოდებულ ახალ პროტოკოლში – დოკუმენტი

EDU.ARIS.GE-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გადაგზავნილი განახლებული წესები მოიპოვა. ახალი პროტოკოლის გარდა, სკოლებს წერილიც გაეგზავნათ და მათ სწორედ ამ დოკუმენტების მიხედვით უნდა იხელმძღვანელონ 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც სკოლებში დასწრებული სწავლება დაიწყება.

წერილში ვკითხულობთ:

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 04 ოქტომბერს, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა განახლდება დასწრებით რეჟიმში, რასთან დაკავშირებითაც, თქვენი შემდგომი რეაგირების მიზნით გიგზავნით ქვემოთ ჩამოთვლილ და დანართით წარმოდგენილი ინფორმაციას:

სასკოლო საზოგადოების (სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული სკოლის პერსონალი, მოსწავლეები, მშობლები) თითოეული წევრი უნდა ფლობდეს ამომწურავ ინფორმაციას მასზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. კლასის დამრიგებელი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საკლასო ჯგუფის თითოეულ მშობელს და მიიღოს უკუკავშირი.

დეტალურად აღწერილი ინფორმაცია ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით (სკოლის ფეისბუკ გვერდით, ელფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, TEAMS-ით, თვალსაჩინო ადგილას გამოკვრით, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებით) უნდა მიეწოდოს სასკოლო საზოგადოებას (სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ სკოლის პერსონალს, მოსწავლეებს, მშობლებს):

როგორ არის უზრუნველყოფილი სკოლა სპეციალური აღჭურვილობებით: დისტანციური თერმომეტრებით, დეზობარიერით, ხელის სადეზინფექციო მოწყობილობებით.
როგორია სველი წერტილების მდგომარეობა: აღწერილობა, ფოტო/ვიდეო მასალა.
როგორ ნაწილდებიან საკლასო ჯგუფები ცვლებში: კლასების მიხედვით სწავლის დაწყების და დასრულების დრო, გაკვეთილის ხანგრძლივობა, შესვენება.
როგორ არის ორგანიზებული ნაკადების შესვლა სკოლის ეზოსა და შენობაში, გადაადგილება და გასვლა (თვალსაჩინო სქემები ან ფოტო/ვიდეო მასალა სკოლაში გადაადგილებასთან დაკავშირებით).
როგორ არის უზრუნველყოფილი თერმოსკრინინგი.
სკოლის პერიმეტრზე: ეზოში, შენობის საერთო სივრცეებში, საკლასო ოთახში პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები: ვისთვის, სად და როდის არის სავალდებულო ან სკოლის მიერ რეკომენდებული.

როგორია სკოლის სტრატეგია მშობლებთან კომუნიკაციისთვის:

აღნიშნული პროცესების მართვასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი ან სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების ინფორმირება Covid-19-ის პანდემიასთან ასოცირებული გამოწვევების და სკოლაში განხორციელებული ან/და დაგეგმილი საოპერაციო ცვლილებების შესახებ.

თითოეული მოსწავლე ასაკის შესაბამისად და ყველა მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს შემდეგ საკითხებზე:

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სკოლის პერსონალი სრულად დარეგისტრირებულია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ბაზაში და პრევენციისა და Covid-19-ის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით გადის პერიოდულ ტესტირებას.

მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი: სკოლაში გამოცხადების დრო, მოსწავლისთვის განკუთვნილი შესასვლელი და გასასვლელი, სსსმ მოსწავლეებისთვის რესურსოთახით სარგებლობის განრიგი.

როგორ ხდება დისტანციური სწავლების შეთანხმება საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის:

– ონლაინ ჯგუფების მომსახურება: ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის/დისტანციური სწავლებიდან დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების მიზნით ვებგვერდზე www.Online.emis.ge როგორც მშობელს, ასევე, სკოლას მოქმედების შესრულების შესაძლებლობა ექნება 30 სექტემბერს, 1 ოქტომბერს და ყოველი მომდევნო კვირის ხუთშაბათ დღეს. მოსწავლის მშობელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge ან განცხადებით მიმართავს სკოლას, რომელიც თავად არეგისტრირებს მოსწავლეს. ონლაინ ჯგუფს შესაძლოა ასწავლიდეს სკოლის სხვა მასწავლებელიც.

სკოლის მოვლა-პატრონობის, დალაგება-დასუფთავებისთვის გატარებული ღონისძიებები: რა საშუალებებით და რა სიხშირით ლაგდება სკოლა: საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სპორტული დარბაზი, საერთო სივრცეები; როგორ არის აღჭურვილი დამლაგებელი.
Covid-19-ის გამოწვევების საპასუხოდ სკოლაში არსებული აღჭურვილობები: დეზობარიერები და დეზობარიერის სითხეები, იატაკის მოვლისა და ზედაპირების დასამუშავებელი სითხეები, ხელის სადეზინფექციო სითხეების მარაგი, თერმომეტრები, პირბადეების მარაგი, საიზოლაციო ოთახი ცხელებიანი მოსწავლეებისთვის.

კვება სკოლის შენობაში – ვინაიდან დროებით შეჩერებულია ბუფეტების ფუნქციონირება, რეკომენდებულია მოსწავლემ თან იქონიოს საკვები ლანჩ-ბოქსით.
სასკოლო წრეები და იჯარა – ფუნქციონირებს კანონმდებლობის შესაბამისად.
პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და სკოლის რეკომენდაციები.
მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ადგილი.
მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:

  • ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
  • სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37O და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში.
  • ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას.
  • უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში.
  • სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა.
  • დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინშეხვედრებს.
  • საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლების სურვილის შემთხვევაში, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდგომ სკოლისგან მიიღოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით (გაკვეთილების ჩატარების დრო, მასწავლებლების ვინაობა), 30 სექტემბერს, 1 ოქტომბერს ან ყოველი მომდევნო ყვირის ხუთშაბათ დღეს 18 საათამდე დაარეგისტრიროს მოსწავლე ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge. დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ისევ ხუთშაბათ დღეს 18.00 საათამდე გააუქმოს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge. შესაძლებელია მშობელმა განცხადებით მიმართოს სკოლას და სკოლამ უზრუნველყოს მოსწავლის რეგისტრაცია/რეგისტრაციიდან მოხსნა.
  • ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, სურვილის მიხედვით უზრუნველყოს მოსწავლე საკვებით.

ჩამოტვირთეთ: განახლებული პროტოკოლის დოკუმენტი სკოლებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური